კარლ VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ VIII
შვედეთის მეფე
კორონაცია: 29 ივნისი, 1448, უფსალა
მმართ. დასაწყისი: 20 ივნისი, 1448
მმართ. დასასრული: 15 მაისი, 1470
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1408/1409
დაბ. ადგილი: უფსალა, შვედეთი
გარდ. თარიღი: 15 მაისი, 1470
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
დინასტია: ბუნდე
მამა: კნუტ თორდსონი (ბუნდე)
დედა: მარგარეტ კარლსდოტერი (ტოფტა)
რელიგია: კათოლიციზმი

კარლ VIII, კარლ კნუტსონი (შვედ. Karl Knutsson; დ. 1408 ან 1409, უფსალა, — გ. 15 მაისი, 1470, სტოკჰოლმი) — შვედეთის მეფე ბუნდეს საგვარეულოდან, ხანგამოშვებით მეფობდა 1448 წლიდან გარდაცვალებამდე. 1449-1450 წლებში ასევე მართავდა ნორვეგიას. წარმოადგენდა დანიის მოწინააღმდეგე და სავაჭრო ურთიერთობებზე ორიენტირებული შვედური არისტოკრატიის ინტერესებს; უპირისპირდებოდა ძველ, ტრადიციულ მიწათმფლობელ ფეოდალთა კლასს, რომელიც დანიასთან პიროვნულ უნიას უჭერდა მხარს. ოპონენტებმა ორჯერ შეძლეს კარლის ტახტიდან გადაყენება, თუმცა საბოლოოდ მან მოახერხა მეფობის დაბრუნება. ბევრი ისტორიკოსი კარლის კონფლიქტებით სავსე ზეობის პერიოდს გუსტავ I ვაზას მიერ XIV საუკუნის დასაწყისში აღორძინებული შვედური ეროვნული სახელმწიფოებრიობის წინამორბედად თვლის.

კარლ კნუტსონი ტრადიციულად მეფე კარლ VIII-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა, სინამდვილეში, მეორე კარლი იყო, რომელიც შვედეთის ტახტზე იჯდა. რიგითი ნომერი მას XVII საუკუნის დასაწყისში რეტროსპექტულად მიენიჭა, ვინაიდან კარლ IX-მ (ზეობდა 1604-1611) ათვლა შვედეთის მითიური მეფეებიდან დაიწყო (პირველი ექვსი კარლი ისტორიული წყაროებისთვის უცნობია იოჰან მაგნუსის XVI საუკუნეში შექმნილ თხზულებამდე).[1][2]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი ერთ-ერთი ცნობილი შვედური წარჩინებული საგვარეულოს — ბუნდეს წარმომადგენელი იყო. მამა, კნუტ თორდსონი რაინდი და საიდუმლო საბჭოს (რიქსრადი) წევრი, დედა მარგარეტ კარლსდოტერი კი ტოფტას ფეოდალური გვარიდან იყო. 1434 წელს კარლი რიქსრადის წევრი და მთავარი კონეტაბლი (რიქსმარსკი) გახდა. 1436 წელს ის შეუერთდა არისტოკრატთა ჯგუფს, რომელმაც დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის გაერთიანებული სამეფოს (კალმარის უნია) ხელმწიფის, ერიკ პომერანიელის წინააღმდეგ გლეხთა აჯანყებას დაუჭირა მხარი. შვედეთში უკმაყოფილება ჰანზის კავშირთან ერიკის ომს და, შედეგად, შვედების სავაჭრო ინტერესების დაზიანებას მოჰყვა. აჯანყებას გარდაცვალებამდე (1436 წლის მაისი) ენგელბრექტ ენგელბრექტსონი ხელმძღვანელობდა. კარლმა მოხერხებულად გამოიყენა გლეხების, არისტოკრატებისა და სამეფო ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის არსებული წინააღმდეგობები და სწრაფად დაწინაურდა. 1438 წელს ის რეგენტად აირჩიეს, 1439 წელს კი კარლმა ერიკის შვედეთის ტახტიდან გადაყენებას მიაღწია. ამის შემდეგ, 1441 წელს შვედეთის ტახტზე დანიის მეფე კრისტოფერ ბავარიელი აირჩიეს. კარლმა საკომპენსაციოდ არაერთი ფეოდალური მამული მიიღო, მათ შორის, ფინეთი. ის ფლობდა ჯერ უმაღლესი იუსტიციარიუსის (რიქსდროცი), შემდეგ კვლავ რიქსმარსკის სახელოებს.[3]

შვედეთის მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტოფერის უმემკვიდროდ გარდაცვალების შემდეგ ფინეთიდან დაბრუნებული კარლი 1448 წლის 20 ივნისს შვედეთის მეფედ აირჩიეს. ბევრი იმედოვნებდა, რომ კარლი კალმარის უნიის დანარჩენ სამეფოებშიც შეძლებდა მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა, იმავე წლის სექტემბერში, დანიის ტახტზე კრისტიან I ავიდა. ორ მონარქს შორის მალევე დაიწყო ცილობა ნორვეგიის გამო, რომელიც უნიის მესამე სატახტოს წარმოადგენდა. 1449 წელს ნორვეგიელების ერთ ნაწილს კარლმა თავი მეფედ აარჩევინა, მაგრამ შვედეთის რიქსრადი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა და დანიასთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით აიძულა კარლი მომდევნო წელს ნორვეგიის ტახტი კრისტიანისთვის დაუთმო. ამასთანავე, დანიისა და შვედეთის არისტოკრატიამ კარლს კომპრომისული გადაწყვეტილება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც კარლი და კრისტიანი თავიანთ სამეფოებს ინარჩუნებდნენ ერთ-ერთის გარდაცვალებამდე, შემდეგ კი ცოცხლად დარჩენილი კალმარის კავშირის სამივე ტახტის მფლობელი ხდებოდა. თუ ეს წინადადება მიუღებელი იქნებოდა, მაშინ ორივეს გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებული სამეფოების ახალი მონარქის არჩევა მოხდებოდა. კარლმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა დანიის ჰეგემონიით კავშირის აღდგენას და სკანდინავიაში შვედეთის გავლენის დამყარებას ესწრაფვოდა, ყველა ეს წინადადება უარყო. შედეგად, 1451 წელს ორ ქვეყანას შორის დაიწყო ღია ომი, რომელიც შვედებში არაპოპულარული იყო. შვედებმა შეძლეს დანიელების მოგერიება გიოტალანდში და 1453 წელს მხარეებს შორის დროებითი ზავი დაიდო.[4]

საშინაო პოლიტიკაში კარლი ეკლესიის ეკონომიკური ძალაუფლების შეზღუდვას და საეკლესიო მფლობელობაში სხვადასხვა გზით აღმოჩენილი სამეფო დომენების დაბრუნებას ცდილობდა, რამაც მის წინააღმდეგ გავლენიან დიდებულთა ჯგუფი განაწყო. მეფის პოზიციები დაასუსტა მისი ბიძაშვილის და უერთგულესი მხარდამჭერის — თორდ ბუნდის მკვლელობამ (1456). 1457 წელს ოპოზიცია არქიეპისკოპოს იონს ბენგტსონ ოქსენშერნას წინამძღოლობით კარლს აუჯანყდა, მელარენის ტბის ყინულზე ბრძოლაში დაამარცხა და შვედეთის გვირგვინი კრისტიან I-ს გადასცა. კარლმა დანციგს შეაფარა თავი. 1464 წლის აგვისტოში მან ისარგებლა შვედების აჯანყებით კრისტიანის საგადასახადო პოლიტიკის გამო, მის მიმართ გლეხობის კეთილგანწყობით და შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა 1465 წლის იანვარში ლინჩეპინგის ეპისკოპოსის, კეტილ კარლსონის (ვაზა) მეთაურობით ამბოხებულებმა ის კვლავ დაამხეს და კრისტიანი მიიწვიეს. ყველასგან მიტოვებული და უფლებააყრილი კარლი ფინეთში, თავის მამულში განმარტოვდა.[5] 1467 წლის ნოემბერში პატრიოტულად განწყობილმა დიდებულებმა ტოტისა და სტურეს საგვარეულოების ლიდერობით დაძლიეს ოქსენშერნა და სხვა მეტოქეები და კარლი კვლავ ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი გარდაცვალებამდე (1470 წლის მაისი) მეფობდა, თუმცა მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო არისტოკრატთა წარმომადგენლობითი ორგანოთი — რიქსრადით. კარლის შემდეგ შვედეთის ტახტი ვაკანტური იყო, ქვეყანას კი რეგენტი სტენ სტურე უფროსი მართავდა მანამ, სანამ 1497 წელს დანიის მეფე ჰანსმა იარაღის ძალით არ აიძულა შვედები კალმარის კავშირში დაბრუნებას დათანხმებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Karl“, Nordisk familjebok; Johan Henrik Schröder: Anteckningar om Drottning Catharina, Konung Carl Knutssons Gemål, och Dess Graf-Monument i Wadstena Klosterkyrka. Iduna, Stockholm 1820 – გვ. 378.
  2. Fryxell 1844, p. 348.
  3. Fryxell 1844, p. 343.
  4. Fryxell 1844, pp. 356–358.
  5. Fryxell 1844, pp. 362–364.