კიარაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიარაზი (აფხ. „გაერთიანება“), ორი მნიშვნელობა აქვს:

  • შრომითი და თავდაცვითი ორგანიზაციები აფხაზეთში XX საუკუნის დასაწყისამდე. ცალკეული სოფლის გლეხები ქმნიდნენ ურთიერთდამხმარე შრომითს ორგანიზაციებს და ერთად გადიოდნენ მოსავლის ასაღებად. მტრის თავდასხმის მოლოდინში ისინი შეიარაღებულიც იყვნენ. ასეთი ორგანიზაცია ფეოდალებსაც ჰქონდათ და მას ექსპლუატაციის იარაღად იყენებდნენ. „კიარაზი“ ეწოდებოდა აგრეთვე მსხვილი ფეოდალის პირადი დაცვისათვის შექმნილ რაზმს, რომელსაც დასჯის ფუნქციებიც ეკისრებოდა.
  • გლეხთა შეიარაღებული რევოლუციური რაზმები აფხაზეთში 1917-1921 წლებში. ჩამოყალიბდა გუდაუთისა და გაგრის მაზრაში ნ. ლაკობას, ი. ვარდანიას, ვ. აგრბას, მ. გობეჩიას და სხვების ინიციატივით. კიარაზი ინტერნაციონალური ორგანიზაცია იყო მასში შედიოდნენ აფხაზი, ქართველი, რუსი, სომეხი ღარიბი გლეხები და მუშები. 1918 წელს, აფხაზეთში რევოლუციური მოვლენების გაშლის პერიოდში, რასაც მოჰყვა საბჭოების ხელისუფლების დამყარება. კიარაზი გადამწყვეტ ძალას წარმოადგენდა ბზიფისა და ქ. სოხუმის რაიონში. საბჭოთა ხელისუფლების დროებითი მარცხის შემდეგ კიარაზი იატაკქვეშ მუშობაზე გადავიდა. 1920 წლის ზაფხულში შეიარაღბული აჯანყების მოსამზადებლად გუდაუთის მაზრაში ჩამოყალიბდა 14 პარტიზანული რაზმი 560 კაცის შემადგენლობით. მთავრობამ ეს აჯანყება ჩაახშო. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა დაიწყო საყოველთაო აჯანყება, კიარაზმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის ბრძოლაში. შემდეგში კიარაზი აქტიურად ჩაება ახალ ცხოვრების მშენებლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дзидзария Г. А., Роль Советов и „Киараза“ в истории революционной борьбы в Абхазии. 1917-1921 гг., Сух., 1971;
  • ძიძარია გ., ქსე, ტ. 5, გვ. 501, თბ., 1980