დიმიტრი შარვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

დიმიტრი საფარბეის ძე შარვაშიძე (ომარბეი; გ. 16 ოქტომბერი, 1822) — აფხაზეთის მთავარი 1821-1822 წლებში. ფაქტობრივად როგორც მძევალი, პეტერბურგში ცხოვრობდა. სწავლობდა პაჟთა კორპუსში.

1821 წელს გარდაიცვალა (შინაგან) აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე. იმავე წლის 6 მარტს გიორგი შარვაშიძის ძმა ჰასან ბეგი (ქელაეშ ბეგის ძე) შეიპყრეს რუსებმა და წაიყვანეს რუსეთში. ასლანბეი შარვაშიძემ, რომელიც ოსმალეთში იმალებოდა მამის მკვლელობის გამო, დაბრუნდა აფხაზეთში და იმის გამო, რომ ტახტის მემკვიდრე არავინ იყო გიორგი შარვაშიძის მცირეწლოვანი შვილების გარდა, დაიკავა აფხაზეთის მთავრის ადგილი. რუსეთის იმპერატორმა შეიტყო რა გიორგი შარვაშიძის გარდაცვალება, აფხაზეთის მთავრობა უბოძა გიორგი შარვაშიძის ძეს დიმიტრის, რომელიც სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა სამეგრელოს დედოფალმა ნინომ. იმპერატორის ბრძანებით, დიმიტრი გამოიყვანეს სასწავლებლიდან, უბოძეს პოლკოვნიკის ჩინი და სხვა მრავალი წყალობა და გამოისტუმრეს აფხაზეთში. თბილისში ჩამოსულს მას დახვდა მთავარმართებელი ერმოლოვი, რომელმაც იმერეთის მართებელს თავად გარჩაკოვს წარუდგინა მისი თავი და დაავალა, რათა გაყოლოდა დიმიტრის აფხაზეთში, განედევნათ ასლანბეი და მის მაგივრად დაესვათ დიმიტრი შარვაშიძე. თავადმა გარჩაკოვმა მხედრობის ნაწილი გამოსთხოვა სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანს და ორი ბატალიონი მხედრით აფხაზეთისკენ დაიძრა. გადალახეს რა აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვრი — მდინარე ღალიძგა, მათ შეეგებათ ასლანბეი. ნიკოლოზ დადიანი, რომელიც რუსულ მხარეს წარმოადგენდა შესძლო გადმოებირებინა ასლანბეითან მყოფი მისი სიძე და აბჟუის (შუასოფლის) აფხაზეთის მფლობელი ალექსანდრე (ალიბეგ) შარვაშიძე. მან ასევე შესძლო მისი ცოლის ძმის საღარუფუ მარშანიას გადმობირებაც, რომელიც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა წებელდაში. ასლანბეი იძულებული გახდა დაეთმო პოზიციები და მოქვს გასცლოდა. რუსთა რაზმი მივიდა რა წყაბას გაჩერდა და დაბანაკდა. ამასთან გადმობირებულმა საღარუფუ მარშანიამ რუსებს აცნობა, რომ აჩიგვარასთან ზღვის პირზე ჩასაფრებული იყო ასლანბეისა და ოსმალთა შეიარაღებული რაზმი. მიუხედავად გაფრთხილებისა მეორე დღეს რუსის ჯარმა გააგრძელა მოძრაობა და აჩიგვარასთან სადაც მოწინააღმდეგე ელოდა გაჩაღდა ბრძოლა. ბრძოლის დასასრულს რუსული ნაწილები მდინარე მაჭარის პირას გაჩერდნენ. მეორე დილით რუსულმა ნაწილებმა სოხუმი დაიკავეს. 4-5 დღიანი შესვენების შემდეგ რუსული ნაწილები დაიძრა ზუფუსკენ. ლიხნში შარვაშიძეთა სასახლეში მისულებს, ზუფუელები მიეგებნენ და პატივით მიიღეს, მაგრამ თავად გარკაჩოვმა ნახა რა, რომ ასლანბეის მიმხრობის გამო მათ შორის არ იყვნენ ნარჩოუ და გიორგი ინალიშვილები ნიკო დადიანს დაავალეს მათი სახლკარის გადაწვა. დასასრულს, მას შემდეგ რაც რუსთა ჯარმა კაპოეთის წყლამდე მიაღწია, სამი დღის შემდეგ აფხაზეთის მთავრად დიმიტრი დაინიშნა. დამარცხებულმა ასლანბეიმ ჯიქეთს შეაფარა თავი.

1822 წელს დიმიტრი შარვაშიძე დასნეულდა და გარდაიცვალა. დაკრძალულია ლიხნის ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]