მამასახლისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამასახლისი — სახლის, გვარის ან თემის მეთაური. პირველყოფილ-თემური წყობილების პერიოდში მამასახლისი გვარის უხუცესი იყო. გვაროვნული წყობილების ელემენტები, მისი გადმონაშთები მამასახლისობის ინსტიტუტმა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდშიც შეინარჩუნა.

კავკასიაში მიფის ინსტიტუტის შექმნამდე ქვეყანას მართავდნენ მამასახლისები. ასე მაგალითად ცნობილია მცხეთის მამასახლისები, რომელთაგან სამარა მამასახლისი იყო უკანასკნელი ამათგან. კავკასიაში მამასახლისის ინსტიტუტის დამაარსებლად ითვლებიან კავკასიელ ხალხთა ეთნარქები — თარგამოსის შვილები.

სოფლის მამასახლისი უმრავლეს შემთხვევაში გლეხთა წრეს ეკუთვნოდა. იგი იყი ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე დაბალი მოხელე, რომელსაც ევალებოდა ეცნობებინა სოფლისათვის ცენტრალური ორგანოების ბრძანება-განკარგულებანი, გაერჩია სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წვრილი საქმეები, დახმარებოდა სათანადო მოხელეებს გადასახადების გაწერა-აკრეფაში და სხვა. გლეხები მამასახლისის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდნენ, თვით მამასახლისი კი გადასახადებისაგან განთავისუფლებული იყო. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, სახასო მამულებში მამასახლისს მეფე ნიშნავდა. თავიანთი მამასახლისები ჰყავდათ აგრეთვე მსხვილ ფეოდალებს. ქალაქის მამასახლისს მოურავთან, მელიქსა და ნაცვალთან ერთად ბაზრის, ვაჭრობის საქმეები ექვემდებარებოდა. იგი ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ქალაქის მოსახლეობის მიმართ, მონაწილეობდა სასამართლო საქმეების გარჩევაში სხვა. თბილისის მამასახლისისა და მელიქის სახელოები XVIII საუკუნეში ერთი პირის ხელში გაერთიანდა.

მამასახლისი ერქვა აგრეთვე სამონასტრო ძმობის უფროსს, წინამძღვარს. სასულიერო დაწესებულებათა მამასახლისებს, გარდა სარწმუნოებრივი საკითხებისა, ყოველგვარი ადმინისტრაციული და სამეურბეო ხასიათის საქმეებიც ეხებოდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში რევოლუციამდელ საქართველოში მამასახლისი, რუსული „სტაროსტის“ კვალად, არჩევითი მოხელე იყო სოფლად და ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს.

მამასახლისი ეწოდება აგრეთვე არჩეულ ან დანიშნულ პირს, რომელიც ხელმძღვანელობდა რომელიმე მცირე კოლექტივის საქმეებს (მაგ., კლასის მამასახლისი, ჯგუფის მამასახლისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., მამასახლისობის ინსტიტუტის შესახებ, „მაცნე ფილოსოფიის ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია“, 1972, № 4;
  • მისივე, საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
  • შანიძე ა., მამასახლისი XI საუკუნის საქართველოში, „მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია“, 1971, № 1;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 1, ტფ., 1928; წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;