შინაარსზე გადასვლა

ხაზართა სახაკანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხაზარეთი)
ხაზართა სახაკანო 650-850 წწ.

ხაზართა სახაკანო — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. წარმოიშვა VII საუკუნის შუა წლებში ქვემო ვოლგისპირეთისა და ჩრდილოეთი კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე. ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი VIII საუკუნის დასაწყისამდე იყო იყო სემენდერი დაღესტანში, შემდეგ — ითილი ქვემო ვოლგაზე. VII საუკუნის II ნახევარში ხაზარებმა მეზობელი სახანოები და სახელმწიფოები დაიპყრეს. 735 წელს დარუბანდის გასასვლელითა და დარიალის ხეობით ხაზართა სახკანოში არაბები შეიჭრნენ და ხაკანის არმია განადგურეს. ხაკანმა და მისმა ამალამ აღიარა ისლამი, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში გავრცელდა, ხოლო ჩრდილოეთ დაღესტანში მცხოვრებმა ხაზარებმა — იუდაიზმი. ხაზართა სახაკანოში მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მომთაბარე მესაქონლეობა იყო. ქვემო ვოლგის ბარში განვითარდა მიწათმოქმედება და მებაღეობა. სახაკანოს დედაქალაქი ითილი ხელოსნობისა და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მდინარე დონსა და დონეცს შუა დასახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი ალანები, რის შედეგადაც ბინადარი მოსახლეობა წარმოიშვა. დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ხელისუფლება ფაქტობრივად ადგილობრივ ხაზარ და ბულგარელ ფეოდალთა ხელში იყო. VIII საუკუნეში ხაზართა სახაკანომ ფართო კავშირი შეინარჩუნა ბიზანტიასთან, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადეს. VII-VIII საუკუნეში ხაზარებმა საქართველოში ილაშქრეს. IX საუკუნის დასასრულს პაჭანიკებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს. ხაზართა სახაკანოზე დამოკიდებული მადიარები დუნაისკენ განდევნეს (895 წელი). სახაკანოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო ძველი რუსული სახელმწიფოს. ჯერ კიდევ IX საუკუნის დასასრულს რუსთა რაზმები გაიჭრნენ კასპიის ზღვაზე. კიევის დიდმა მთავრებმა ოლეგმა 913-914 და იგორმა 943-944 წლებში დაარბიეს ხაზართა სახაკანო. 964-966 იგორის ვაჟმა სვიატოსლავმა საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა სახაკანო, დაანგრია მისი დედაქალაქი ითილი და სხვა ქალაქები. შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს ხაზართა სახაკანომ არსებობა შეწყვიტა.

საისტორიო წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თეიმურაზ ბატონიშვილი
ვიკიციტატა
„ვახუშტის აღწერისაგან, სადაცა მოუთხრობს ხაზართათვის და ქართლოსიანთა შვიდთა ნათესავთა ბრძოლასა მუნ წერილ არს. ხაზარეთის მდინარე დონის წყალი არს და ხაზარეთისა ქვეყანა დონის წყლიდამ ნესტრამდე არს შავი ზღვის პირი, ლიტვამდე და რუსეთადმდე. (ერთა თვის ხაზართასა მოუთხრობს გენოისა ესე იგი ღენოვისა აღწერასა შინა, რომელიცა მან აღსწერნა ღუნთთა თვის, ესე იგი გუთთა). ხაზარნი არიან წინაპარნი აწინდელთა ყირყიზთანი და მუნ გარემოთა, რომელნიცა მრავალგვარად განიყოფებიან, ვიზინტიელნი ისტორიკოსნი უწოდებენ მეფეთა ამათთა ხაყანად, ხოლო აზნაურთა პეხათა. ამათ შემწეობითა ბერძენთა აღაშენეს ქალაქი სარკელათ წოდებული, რომელცა ნიშნავს ბერძენთა ენითა მათითა ბელიღორდად ანუ ბელი გოროდად, რომელსაცა აწ თათარნი სარიყალად უწოდებენ.“
(თ. ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 68-69)