დავით რექტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით რექტორის ხელმოწერა

დავით რექტორი (დავით ალექსის ძე (ალექსიშვილი) მესხიშვილი) (დ. 1745 — გ. 1824) — ქართველი მეცნიერი, მწიგნობარი, პედაგოგი, კალიგრაფი.

დაახლოებით 1764-1765 წლებში დაამთავრა თბილისის სემინარია. 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ერეკლე II-ის კარზე მდივან-მწიგნობარი იყო და გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების საქმეს. 1783 გაიოზ რექტორის რუსეთში გამგზავრების შემდეგ თელავის სემინარიაში ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 1790-იდან სემინარიის გაუქმებამდე (1801) კი მისი რექტორი. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. სემინარიაში ასწავლიდა გრამატიკას, თეორიულ ფიზიკას, ეთიკას, მაგრამ ოფიციალური სასწავლო გეგმები არ აკმაყოფილებდა და ფართოდ გაშალა საგანმანათლებლო მუშაობა - სემინარიაში დააარსა ლიტერატურული-შემოქმედებითი წრე.

დავით რექტორი ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი ("არითმეტიკა", "სწავლანი ოთხნაწილედნი", ქართული წერის დედნები და სხვა). მეფე გიორგი XII-ის დავალებით დავით რექტორს შეუმოწმებია ნათლისმცემლის, კალოუბნის, სიონის, ქაშვეთის, მცხეთისა და ანჩისხატის სკოლები. მან შეადგინა ხელნაწერთა სია, რომელიც ცნობილია 1810 წლის კატალოგის სახელწოდებით. მასვე ეკუთვნის მეორე ბიბლიოგრაფიული ნაშრომი "ძველთა ქართველთა მთარგმნელთათვის", სადაც თავმოყრილია ცხნობები ძველი ქართველი მწერლებსა და მთარგმნელებზე.

დავით რექტორი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობასაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის კომენტარები (დაზუსტებულია ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა, ზოგჯერ კი დამატებულია ახალი სიტყვები თავისი განმარტებით). დავით რექტორის პოეტურ მემკვიდრეობაში შეიმჩნევა ფრანგ განმანათებელთა იდეების კვალი და ანტონ I-ის სქოლატიკური სკოლის გავლენა. დავით რექტორი დახვეწილი და ნაყოფიერი კალიგრაფი იყო. მის მიერ გადაწერილ მრავალრიცხოვან ხელნაწერთაგან აღსანიშნავია ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია (ხელნაწერი S-1511, 1512, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]