ალექსი ერმოლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსი ერმოლოვი
Алексей Петрович Ермолов
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 24 მაისი/4 ივნისი, 1777
დაბადების ადგილი მოსკოვი
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1861
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
სამხედრო სამსახურის წლები 17921827
წოდება ინფანტერიის გენერალი (1818)
ბრძოლები/ომები ბოროდინოს ბრძოლა
ჯილდოები ორდენი „დამსახურებისათვის“, Knight of the Order of Maria Theresa, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, Order of the Red Eagle 1st Class, Order of St. George, 2nd class, წმინდა გიორგის ორდენი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წითელი არწივის ორდენი, Kulm Cross, Order of Maria Theresa I, Military Karl-Friedrich Merit Order და ლომისა და მზის ორდენი
სამსახურიდან გადადგომა 1827
ალექსი ერმოლოვი ვიკისაწყობში

ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვი (რუს. Алексе́й Петро́вич Ермо́лов; დ. 4 ივნისი [ძვ. სტ. 24 მაისი], 1777, მოსკოვი — გ. 23 აპრილი, 1861, იქვე) — რუსი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე, 1790-1826 წლებში რუსეთის მიერ წარმოებული ომების მონაწილე, ბოროდინოს ბრძოლის გმირი, ინფანტერიის გენერალი (1818), არტილერიის გენერალი (1837), საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში და მემუარების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსი ერმოლოვის მშობლები

ალექსის მამა — პეტრე ალექსანდრეს ძე ერმოლოვი ორლოვის გუბერნიის ნაკლებადშეძლებული, მაგრამ დიდაგვაროვანი წრის წარმომადგენელი, ფლობდა მცენის მაზრაში მამულს. ეკატერინე II-ის დროს იკავებდა გენერალ-პროკურორის გრაფ ალექსანდრე სამოილოვის კანცელარიის მმართველის თანამდებობას. იმპერატორ პავლე I-ის დროს პენსიაზე გავიდა და დაბრუნდა თავის სოფელში ლუკიაჩიკოვოში. დედა — მარია დენისის ასული კახოვსკაია, დავიდოვების გვარის წარმომადგენელი იყო.

როგორც მაშინ იყო მიღებული, ალექსი ჯერ კიდე მცირეწლოვანი ჩაწერეს სამხედრო სამსახურში, ხოლო 1778 წელს კაპტერნამუსად პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის პოლკში, რომლის სერჟანტიც მალევე გახდა.

განათლება მიიღო მოსკოვის საუნივერსიტეტო პანსიონში, სადაც 9-14 წლის ასაკის დიდგვაროვანი წარმომავლობის ვაჟებს ღებულობდნენ. პანსიონი ბავშვებს ამზადებდა სამხედრო, სამოქალაქო და დიპლომატიური სამსახურისთვის. 1787 წლის 5 იანვარს ჩაირიცხა უნტერ-ოფიცრად ლეიბ-გვარდიის პრეობროჟენსკის პოლკში.

სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ერმოლოვი, 23 წლის

1792 წელს 15 წლის ალექსი ჩაირიცხა კავკასიაში მდგარ ნიჯეგოროდსკის მე-17 დრაგუნის პოლკში. ალექსი, რომელსაც უკვე გვარდიის კაპიტნის ჩინი ჰქონდა და ადიუტანტად გადავიდა გენერალ-პროკურორ გრაფ სამოილოვთან, რომლის კანცელარიასაც მამამისი პეტრე უძღვებოდა. გრაფ სამოილოვთან მსახურობისას განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოწესრიგებულობით, რითაც დიდი ნდობა დაიმსახურა. მალე ერმოლოვი შევიდა შლიახეტის საარტილერიო კორპუსის რიგებში, რომლის გამოცდები 1793 წელს წარმატებით ჩააბარა.

1794 წელს მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში, რომლის დროსაც სიტყვიერი მადლობა დაიმსახურა გენერალ დერფელდენისაგან. პრაღის აღებისას მამაცობისათვის, დიმიტრი გოლიცინთან და ი. ლ. შახოვსკისთან ერთად, თავად სუვოროვის ბრძანებით დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. ომის შემდეგ ის გაგზავნეს იტალიაში ბარონ ტუგუტუსთან. მონაწილეობა მიიღო ავსტრია-საფრანგეთს შორის მიმდინარე შეტაკებებში.

რუსეთში დაბრუნებული ის ივანოვის ბატალიონის რიგებში დგება, რომლისაგან შემდგომში მე-4 საარტილერიო პოლკი ჩამოყალიბდა.

1796 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთ-სპარსეთის ომში, რომელსაც მეთაურობდა გენერალი ვალერიან ზუბოვი. დერბენტის შტურმის გამო დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენით (ბანტით). მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი.

დატუსაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1798 წელს სმოლენსკის გუბერნატორის დაბეზღებით, ახალგაზრდა ერმოლოვი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. პეტერბურგში მისი ბიოგრაფიის განხილვის შემდეგ ასევე 1794 წლის დამსახურებების გამო ის შეიწყალეს და გამოუშვეს. ერმოლოვი უნდა მისულიყო შეყალების მოსასმენად სმოლენსკში გენერალ ლინდეკერთან, მაგრამ ერმოლოვმა გადაწყვიტა გაერკვია მისი, როგორც დაჭერის ისე უეცარი განთავისუფლების მიზეზი. აღნიშნულის გამო ის კვლავ დააპატიმრეს და ჩასვეს პეტერბურგის ციხეში, რომლის შემდეგ ის გადაასახლეს კოსტრომაში.

იმპერატორ პავლეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი ალექსანდრე I და 1801 წლის 15 მარტის ბრძანებით კახოვსკის საქმესთან დაკავშირებული ყველა მსჯავრდებული გაათავისუფლა, მათ შორის ალექსი ერმოლოვიც.

1801 წელს ის პეტერბურგში ბრუნდება და კვლავ სამხედრო სამსახურში დგება. 1802 წელს ნაწილი, რომელშიც ის მოღვაწეობდა ვილნოში გადაიყვანეს, სადაც 1804 წლის ბოლომდე იმყოფებოდა. 1805 წელს ახალგაზრდა ალექსის მოუვიდა ახალი უსიამოვნება გრაფ არაკჩეევთან.

ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმოლოვი ფილეს სამხედრო კრებაზე

რუსეთის მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა ავსტია-საფრანგეთის ომით, როდესაც ავსტრიის დასახმარებლად გენერალ კუტუზოვმა დახმარების ხელი გაუწოდა. ალექსის ცხოვრება კუტუზოვთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა, რომელიც გაოგნებული დარჩა იმით რომ ეკატერინე II-ს დროს მიღებული ორი განსხვავებული ნიშნის შემდეგ იმყოფებოდა პოდპოლკოვნიკის ჩინში, 1802 წლიდან ალექსი უკვე არტილერიის ცხენოსანთა რაზმს მეთაურობდა და უყოყმანოდ კუტუზოვის არმიას შეუერთდა.

1805 წლიდან მოყოლებული ალექსი ერმოლოვმა მონაწილეობას იღებს ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლებში, რის გამოც დაჯილდოვებული იყო წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით და დაწინაურდა პოლკოვნიკამდე.

1807 წელს ალექსი ერმოლოვი რუსეთში ბრუნდება. 1809 წლიდან მეთაურობდა კიევის, პოლტავისა და ჩერნიგოვის გუბერნიების სარეზერვო ჯარებს.

ერმოლოვი ბოროდინოს ველზე

სამამულო ომის დაწყებამდე დაინიშნა დასავლეთის ჯარების 1-ლი მთავარი შტაბის მეთაურად. ალექსი ერმოლოვს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთის ჯარების მე-2 მთავარი შტაბის მეთაურთან პეტრე ბაგრატიონთან. სამამულო ომის დროს სმოლენსკთან იქნა ყელში დაჭრილი, მიიღო კანტუზია. მონაწილეობდა ფილეს სამხედრო კრებაზე. ვალუტინის გორაზე მამაცობისათვის აყვანილ იქნა გენერალ-ლეიტენანტის ჩინში.

1813 წლიდან მოყოლებული მეთაურობდა სხვადასხვა შენაერთებს. 29-30 აგვისტოს კულმასთან ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვებული იყო წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენით, ხოლო პრუსიის მეფისაგან დაჯილდოვდა 1-ლი ხარისხის წითელი არწივის ჯვრით. 1814 წლის მარტში პარიზის აღებისას მეთაურობდა გაერთიანებული რუსეთის, პრუსიისა და ბადენის გვარდიებს. საფრანგეთის კაპიტულიაციის შემდეგ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა შესთავაზა პარიზის აღებასთან დაკავშირებით დაეწერა მანიფესტი. პარიზის აღებისათვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-2 ხარისხის ორდენით.

1814 წელს პარიზის აღების შემდეგ ალექსი ერმოლოვს ჩააბარეს კრაკოვში 80 ათასიანი სარეზერვო ჯარი, ხოლო შემდეგ 1815 წლის აპრილის თვეში გადასცეს მე-6 კორპუსი. ბრძანებისთანავე ის კრაკოვიდან 21 მაისს ჯერ ნიურბერგში, ხოლო 3 ივნისს უკვე საფრანგეთის საზღვართან იდგა.

1814 წლის 18 მარტის პარიზის აღების გეგმა

1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოს ბრძოლაში დასუსტებულმა საფრანგეთის არმიამ წინააღმდეგობა რუსეთს ვერ გაუწია. ერომლოვი შევიდა საფრანგეთში, ხოლო ალექსანდრე I გაემართა პარიზში.

რეინთან მისულ ერმოლოვს მე-6 კორპუსის მაგივრად გადასცეს გრენადერთა კორპუსი, რათა დაეცვათ რუსი ხელმწიფე პარიზში ყოფნის დროს. პარიზში ყოფნისას ერმოლოვმა ხელმწიფისაგან ავადმყოფობის გამო ითხოვა 6 თვით შვებულება. გრენადიორთა კორპუსს ერმოლოვი, უკვე პოლონეთის სამეფოში ყოფნისას დაუბრუნდა. 1815 წლის 20 ივლისს იმყოფებოდა ვარშავაში, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სამეფოს აღდგენის გამოცხადებასა და კონსტიტუციის გამოცხადებაში და იყო მოწმე, თუ როგორ გამოუცხადა პოლონეთის ჯარმა ერთგულება, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს როგორც პოლონეთის მეფეს.

1815 წლის ნოემბერში ალექსი ერმალოვმა გადასცა კორპუსი გენერალ ივანე პასკევიჩს და დაბრუნდა რუსეთში.

1816 წლის დასაწყისში იმყოფებოდა მშობლიურ მხარეში თავის ხნიერ მშობლებთან ერთად.

მოღვაწეობა კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ერმოლოვი თავის დღიურში იწერება, 1816 წლის 22 აპრილს, როდესაც ის სმოლენსკში იმყოფებოდა, გაზეთებში წაიკითხა მისი საქართველოში დანიშვნა, ხოლო 24 აპრილს პეტერბურგში პირადად მიიღო აღნიშნული ბრძანება იმპერატორისაგან. ივნისში დაინიშნა სრულიფლებიან ელჩად სპარსეთში. პეტერბურგში ყოფნისას გაიცნო, სპეციალური მისიიტ ჩამოსული სპარსეთის ელჩი მირზა-აბდულ-გასან-ხანი, რომელსაც 1796 წლის ომის დროს სპარსეთისთვის წართმეული მიწების უკანდაბრუნების საკითხი უნდა გაერკვია.

1816 წლის აგვისტოს თვეში გაემგზავრა დანიშვნის ადგილას. გაიარა ნოვოჩერკასკი და 20 აგვისტოს მიუახლოვდა კავკასიის გუბერნიის საზღვარს, რეგიონს, რომელიც მის იურისდიქციაში შედიოდა. 22 აგვისტოს ჩავიდა გეორგიევსკში, 5 ოქტომბერს — დარიალში, 10 ოქტომბერს — თბილისში. ერმოლოვის მითითებით მცხეთიდან მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ და ისე შევიდნენ თბილისში, მაშინ როდესაც, მარჯვენა ნაპირზე ელოდებოდნენ მას. ისე შევიდა თბილისში ყველას ეგონა რიგითი მოგზაური ჩინოვნიკი.

1816 წლის 18 ოქტომბერს ინფანტერიის გენერალმა ნიკოლაი რტიშჩევმა დატოვა თბილისი, ხოლო გენერალ-ლეიტენანტმა ერმოლოვმა ჩაიბარა საქართველოს ცალკეული კორპუსისა და კავკასიასა და ასტრახანის გუბერნიების სამოქალაქო ნაწილის მეთაურობა.

ალექსი ერმოლოვმა უარყო თავის წინამორბედთაგან დამკვიდრებული კავკასიის ადგილობრივ ხელისუფალთა მოქრთამვა-მოსყიდვის მეთოდი და იარაღის ძალით შეუდგა დასახული მიზნის შესრულებას. მან ერთი მეორის მიყოლებით გააუქმა სახანოები და დაიწყო ომი ჩრდილოეთ კავკასიის დასამორჩილებლად. იგი მიხეილ ვორონცოვს სწერდა:

ვიკიციტატა
„ეს ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე I-ის სათნო მმართველობისა, მას რკინის კვერთხი ესაჭიროება, ...უდიდესი გმირობაა საჭირო, იღწვოდე ისეთი ხალხის სასარგებლოდ, რომლის დამახასიათებელი თვისებაა უმადურობა, და რომელსაც რუსეთისადმი მიკუთვნება ბედნიერებად არ ეჩვენება, რომელსაც მრავალჯერ უღალატია მისთვის და კიდევ მზად არის უღალატოს.“

სპარსეთში გამგზავრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერმოლოვი დაუყოვნებლივ შეუდგა სპარსეთში გასამგზავრებლად მზადებას. მან წინდაწინ იცოდა რომ საუბარი იქნებოდა ყარაბაღის სახანოს ნაწილის სპარსეთისთვის დათმობაზე. ამისათვის გადაწყვიტა დაეთვალიერებინა აღნიშნული სასაზღვრო რეგიონი. 1816 წლის 4 დეკემბერს შირვანის სახანოს სოფელ ზადრობში ჩავიდა, სადაც შირვანის ხანი მუსტაფამ უმასპინძლა. 7 დეკემბერს შაქის სახანო მინტჩაურში შაქის ხანი იზმაილი დახვდა. 12 დეკემბერს დაბრუნდა თბილისში. 1817 წლის იანვარში სპარსეთში გაგზავნილი წერილი დაბრუნდა მარტის თვეში, რომელშიც გამოითქვა სურვილი შეხვედრისა.

ალექსი ერმოლოვი სპარსეთის შაჰთან (ფათალი-შაჰი) მოლაპარაკებებზე 1817 წელს

ალექსი ერმოლოვი შაჰთან შესახვედრად დაიძრა და 1817 წლის მაისის დასაწისში ჯერ ერევნის სახანოში შემდეგ კი ნახჭევანში გადავიდა, ხოლო 1817 წლის 19 აპრილს უკვე თავრიზში იმყოფებოდა. შაჰი მასთან შეხვედრას არ ჩქარობდა და ერომოლოვის პიროვნების გასაცნობად მისი მინისტრი მირზა-აბდულ-ვახაბი მიუგზავნა. ერმოლოვმა შუამავალთან ურთიერთობა უარყო რადგანაც თვლიდა რომ მასთან სახელმწიფო საიდუმლო საქმეების განხილვა არ შეესაბამებოდა დიპლომატიურ ნორმებს. მინისტრი მაინც არ იშლიდა საუბარს და მეთოდურად უხსნიდა, თუ რამხელა ძალის პატრონი და როგორი ძლიერი იყო სპარსეთი და რომ ინტერესის სფეროს სრულიად საქართველო წარმოადგენდა, რაზეც თავად ერმოლოვი გაოგნებული დარჩა, რადგანაც რუსეთის იმპერიის საზღვრისპირა რაიმე ნაწილის დათმობა ჰქონდა განზრახული და მის სანაცვლოდ სხვა ალტერნატიული გზებით ირანის დაკმაყოფილებაზე ჰქონდა აქცენტი ერმოლოვს. ერმოლოვსა და მირზა-აბდულ-ვახაბს შორის კამათი უკანასნელის მარცხით დასრულდა, რადგანაც გადაღლილი მინისტრი ბოლოს უკვე ტალიშის სახანოს ნაწილის დაბრუნებას ითხოვდა რომლის მცირე ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე იყო დარჩენილი. რუსმა დიპლომატმა არც ის ნაწილი გაიმეტა და კვლავინდებურად თავისი პრინციპების ერთგული დარჩა.

ფათალი-შაჰთან აუდიენცია 1817 წლის 31 ივლისს დაიწყო. ერმოლოვი გაფრთხილებული იყო რომ სპარსეთის წარმომადგენლების სიტყვიერი დაპირებას ფასი არ ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ყოველი ურთიერთობა წერილობითი ფორმით გამყარებინა. ერმოლოვს შეხვედრები ჰქონდა სპარსეთის სხვადასხვა მოხელესთან, აბას-მირზან და სხვებთან. საბოლოოდ ერმოლოვმა არ დათმო რუსეთის მიერ შემოერთებული მიწები და ოფიციალურად დადგინდა რუსეთსა და სპარსეთის იმპერიებს შორის საზღვარი.

ერმოლოვის სპარსეთის ვოიაჟი 1817 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა და ნახჭევანის გავლით 10 ოქტომბერს დაბრუნდა თბილისში. სპარსეთიდან დაბრუნებულ ერმოლოვს მიენიჭა ინფანტერიის გენერლის ჩინი.

აჯანყება დაღესტანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1818 წლის ოქტომბრის თვეში გენერალ-მაიორის ანდრეი პესტელის მითითებით აღებულ იქნა კარაკაიტის ოლქის ქალაქი ბატლი. 13 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენანტი შამხალ ტარკოვსკი იტყობინებოდა რომ მისი მოსახლეობის იმრავლესობა აღელვდა და შეუერთდა მთიელებს. ერმოლოვი ჯარით დაღესტნისკენ დაიძრა და 31 ოქტომბერს მდინარე კოისუ გადალახა, 3 ნოემბერს ქალაქ ტარკში რუსეთის ნაწილი განადგურებული დახვდა, როგორც იტყობინებოდნენ მთიელთა ოდენობა 20 ათასს აჭარბებდა, რომელთაც წინამძღოლობდა გენერალ-მაიორი სულთან-ახმედ-ხან ავარელი და მისი ძმა გასან-ხან-ბეგ ჯანგუთაელი.

1818 წლის ნოემბრის 12-15 რიცხვებში ერმოლოვმა მოაწყო ექსპედიცია ჯანგუთაის ასაღებად, რომელიც მალევე დაიმორჩილა, ხოლო სოფელი პატარა ჯანგუთაი გადაწვეს. ავარელი ხანი და აკუშელები მთებში გაიხიზნენ. ასე აღადგინეს წესრიგი საშამხლოს სანახებში. 19 ნოემბერს აჯანყების წამქეზებლები სიკვდილით დასაჯეს. ერმოლოვი ბრუნდება თბილისში.

1819 წლის იანვარი-მარტის თვეებში დაღესტანი კვლავ მძვინვარებდა, სურხან-ხანი განაწყობდა მთიელებს, მათ შორის აკუშელებს ყველაზე მეომარ ხალხს რუსეთის საწინააღმდეგოდ.

1819 წლის აგვისტოს თვეში ერმოლოვმა დაღესტანის მთიელთა შემოტევა მოიგერია და გადავიდა შეტევაზე. 15 სექტემბერს დონის ჯარებმა გენერალ-მაიორის ვასილი სისოევის მეთაურობით შტურმით დაიკავეს სოფელი დადაიან-იურტი. იბრძოდნენ ქალები და ბავშვები უკანასკნელ ძალამდე. 1 დეკემბერს ჩამოწვა დიდი თოვლი ტარკში, რის გამოც გაჭირდა საარტილერიო ქვემეხების გამოყენება. მთაში არსებული რუსეთის ჯარი ერთად შეგროვდა და 19 დეკემბერს დაიწყო მთიელთა შემოტევის მოგერიება. რუსულმა არტილერიამ ადვილად გაანადგურა მტერი. გაქცეულ მეომრებს დაადევნეს კაზაკთა ცხენოსანთა რაზმი და 20 დეკემბერს აიღეს ქალაქი აკუშა. ერმოლოვმა ბრძანა ქალაქი არ გაეძარცვათ.

სულ მთიელთა მხრიდან მონაწილეობას იღებდა 21 ათასი მეომარი, მაშინ როდესაც რუსეთს ჰყავდა 6 ათასიანი არმია და მძლავრი არტილერია.

21 დეკემბერს ერმოლოვმა მოიწვია უხუცესები და დაადებინა რუსეთის ერთგულების ფიცი, ხოლო ქალაქის ყადი აიყვანა სახელმწიფო სამსახურში და დაუწესა ჯამაგირი.

1820 წლის 23 მარტს დაბრუნდა თბილისში.

აჯანყება იმერეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაღესტნიდან დაბრუნებულ ერმოლოვს იმერეთში აჯანყების ახალი ტალღა დახვდა. საქართველოს ეგზარქოსი თეოფილაქტე, რომელიც საეკლესიო ქონების აღწერით იყო დაკავებული, ძლივს გამოაღწია იმერეთიდან. აჯანყებაში მონაწილეობდნენ დიდგვაროვანი წრის წარმომადგენელი პირებიც.

1820 წლის აპრილში იმერეთის აჯანყების დროს შემოქმედში მოკლეს იმერეთის დროებითი მმართველი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, რომელიც გურიაში ლაშქრობდა იქ თავშეფარებულ აჯანყების მეთაურთა დასაპატიმრებლად.

ამის გამო იმავე წლის 24 ივლისს გენერალ ალექსეი ველიამინოვის სარდლობით რუსეთის ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე და სოფელი. ქაიხოსრო ბატონიშვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა პუზირევსკის მკვლელობის ორგანიზება, ოსმალეთში გაიქცა, ხოლო მკვლელი კი სიკვდილით დაისაჯეს.

1820 წლის 17 აპრილს „ჩერნომორსკოე კაზაჩეე ვოისკო“ შეუერთდა საქართველოს ცალკეული კორპუსის ჯარებს, ხოლო 11 ოქტომბერს კი „საქართველოს ცალკეულ კორპუსს“ გადაარქვეს „კავკასიის ცალკეული კორპუსი“. შესაბამისად 11 ოქტომბრიდან ალექსი ერმოლოვი კავკასიის ცალკეული კორპუსის მეთაური გახდა.

შირვანის სახანოს გაუქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერეთში აჯანყების პარალელურად ერმოლოვმა გადაწყვიტა დაეჭირა სურხაი-ხანი, რომელიც ორგანიზატორი იყო დაღესტანში რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული არაერთი აჯანყებისა. სურხაი-ხანი გაიქცა, მის მაგივრად კი ღაზიყუმუხის სახანო ასლან-ხანს გადასცეს.

1820 წლის 26 სექტემბერს შირვანის ხანმა გენერალ-ლეიტენანტმა მუსტაფა-ხანმა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა სურხაი-ხანთან, თავს უშველა სპარსეთში გაქცევით. ერმოლოვმა უპატრონოდ დარჩენილი შირვანის სახანო გააუქმა და აიყვანა სახაზინო მართვაზე.

აფხაზეთის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1822 წლის იანვარში ერმოლოვი ბრუნდება თბილისში, პეტერბურგში გატარებული ერთი წლის შემდეგ. სიტუაცია კავკასიის რეგიონში მეტ-ნაკლებად მშვიდი დახვდა, მხოლოდ აფხაზეთში თავს იჩენდა პერიოდული აჯანყებები აფხაზი მოსახლეობის მიერ. შესაბამისად ერმოლოვიც არ აყოვნებდა და მის მიერ წარგზავნილი სამხედრო პირები სამხედრო ძალით ადვილად აგვარებდნენ ვითარებას.

1823 წელს ერმოლოვი ხელმძღვანელობდა სამხედრო მისიას დაღესტანში, ხოლო 1825 წელს იბრძოდა ჩეჩნებთან.

რუსეთ-სპარსეთის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-სპარსეთის საზღვრები ომის დაწყებამდე

გენერალმა ერმოლოვმა არაერთხელ გააფრთხილა იმპერატორი ნიკოლოზ I, რომ სპარსეთი ემზადებოდა ომისათვის. იქედან გამომდინარე რომ რუსეთი ოსმალეთთან ომით იყო დაკავებული, დაინტერესებული იყო სპარსეთთან ნეიტრალიტეტით და მზად იყო დაეთმო ტალიშის სახანო. სპარსეთთან მოლაპარაკებებისათვის გამგზავრებული იყო კნიაზ მენშიკოვი[1].

1826 წლის ივლისის თვეში სპარსეთის ჯარი აბას-მირზას ხელმძღვანელობით ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ყარაბაღის და ტალიშის სახანოში. მათ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიკავეს ლენქორანი და ყარაბაღი, ალყა შემოარტეს შუშას, ყოფილმა შირვანისა (მუსტაფა-ხანმა) და ბაქოს ხანებმა დაიკავეს თავიანთი სახანოები და ააბუნტეს მოსახლეობა. აბას-მირზამ შეეცადა აეყოლიებინა დაღესტნის მთიელთა მოსახლეობა მაგრამ უშედეგოდ. სპარსული არმია დაიძრა თბილისისაკენ, გზად გაანადგურეს ანნენფელდის გერმანული კოლონია.

ნიკოლოზ I-მა მიიღო რა შეტყობინება სპარსეთის თავდასხმისა, კავკასიაში მიავლინა ივანე პასკევიჩი. ერმოლოვმა პასკევიჩი მადათოვის დასახმარებლად გააგზავნა. ელიზავეტპოლში გაერთიანდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ყველა ჯარი. ერმოლოვმა გაერთიანებული ჯარი პასკევიჩის მეთაურობით გაგზავნა ყარაბაღში, აბას-მირზას მიერ შუშის ციხის ბლოკადის მოსახსნელად.

სპარსეთის ჯარის დამარცხება ელიზავეტპოლთან

სპარსეთის ერთმა რაზმა რომელიც გამოემართა გიუმრიდან შეიჭრა დმანისსა და ქვეშში და დაარბია კატერინენფელდის გერმანული კოლონია.

1826 წლის 13 სექტემბერს გენერალ-ადიუნტატმა პასკევიჩმა დაამარცხა აბას-მირზა ელიზავეტპოლის მახლობლად.

1826 წლის ბოლოს ალექსი ერმოლოვმა მოიგერია სპარსეთის არმია და საომარი მოქმედებები სპარსეთის ტერიტორიაზე გააგრძელა.

1827 წლის 3 მარტს ერმოლოვი დეკაბრისტებისადმი თანაგრძნობის გამო, ნიკოლოზ I-მა სამსახურიდან გადააყენა, ხოლო 27 მარტს ის ყველა დაკავებული თანამდებობებიდანაც გაანთავისუფლეს.

რუსეთში მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური დაფა ალექსი ერმოლოვის საფლავზე

გადაყენებული ექს-პროკონსული ერმოლოვი თავდაპირველად ლუკიანჩიკოვოში ცხოვრობდა. 1829 წელს მას ესტუმრა ალექსანდრე პუშკინი.

1831 წლიდან რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრია. 1832 წლიდან რუსეთის აკადემიის წევრი.

1853 წლის ყირიმის ომის დროს 76 წლის ერმოლოვი დაინიშნა შვიდ გუბერნიაში სახელმწიფო ოპოლჩენიის მეთაურად. 1855 წლის მაისში ასაკის გამო აღნიშნული თანამდებობა დატოვა.

1861 წლის 23(11) აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა, დასაფლავებულია ქალაქ ორიოლში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია XIX საუკუნე, თბ., 2004
  • М. Погодин, «Алексе́й Петро́вич Ермо́лов», 1864

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]