რუსეთის იმპერიის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რუსეთის იმპერიის არმია — სახმელეთო ჯარი რუსეთის იმპერიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის რუსეთის ჩამოყალიბებასთან ერთად IX საუკუნეში გაჩნდა კიევის დიდ მთავართა შეიარაღებული ძალებ, რომლის მუდმივ ბირთვს წარმოადგენდა „დრუჟინა“. დიდ ლაშქრობათა დროს გამოჰყავდათ ქალაქებისა და სოფლების ლაშქარი 15-25 ათას კაცამდე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში 40-60 ათას კაცამდე. ჯარის ძირითადი სახეობა იყო ქვეითი ჯარი, შეიარაღებული ხმლებით, მშვილდ-ისრებით, საბრძოლო ცულებით, ქვებსატყორცნი მანქანებით. XII-XV საუკუნეებში ცალკეულ რუსულ სამთავროებში იქმნებოდა საკუთარი დამოუკიდებელი ჯარი. XII საუკუნიდან ჯარი იყოფოდა პოლკებად. XIV საუკუნეში, ოქროს ურდოსთან ბრძოლის პერიოდში ჩამოყალიბდა ქალაქების და სასაზღვრო პუნქტების დასაცავად მომსახურე კაზაკთა კატეგორია. XII-XIV საუკუნეებში მთავარი მებრძოლი სახეობა გახდა ცხენოსანი ჯარი, თუმცა არც ქვეით ჯარს არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ცეცხლსასროლი იარაღი რუსულ მატიანეებში პირველად იხსენიება 1382 წელს. XIV საუკუნის ბოლოდან არტილერია გახდა შეიარაღებული ძალების ნაწილი. XV საუკუნის ბოლოს ცენტრალიზებული რუსეთის სამეფოს ჩამოყალიბებას და თათარ-მონღოლებისგან გათავისუფლებას მოჰყვა ცალკეულ სამტავროთა ჯარების კონცენტრაცია მოსკოვის დიდი მთავრის ხელმძღვანეობით. XVI საუკუნიდან რუსეთის სამეფომ საზღვრების დასაცავად და მომთაბარე ხალხებთან საბრძოლველად დაიწყო თავისუფალი კაზაკების გამოყენება. ერთდროულად ხდებოდა ხერგილის ხაზების მშენებლობა, რაც შემდგომში სასაზღვრო გამაგრებული ხაზის სისტემად გადაიქცა. შეიქმნა არმიის მართვის მთავარი ორგანო „პრიკაზები“. ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამ გამოიწვია ადგილობრივი ქვეითი ლაშქრის, ხოლო XVI საუკუნის შუა წლებიდან მუდმივი სტრელეცების ჯარის შექმნა. XVI საუკუნეში მნიშვნელოვნად გაძლიერდა არტილერია, რომელიც ორი ათას ქვემეხს ითვლიდა. 1571 წელს შეიქმნა პირველი წესდება. XVII საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სამხედრო რეფორმა. დასავლეთ ევროპული არმიების მსგავსად შეიქმნა ახალი წყობის პოლკები, რომლებიც საუკუნის ბოლოს უკვე ჯარის ნახევარზე მეტს შეადგენდა და რეგულარული არმიის ჩანასახი იყო. 1682 წლის რეფორმამ სამხედრო მმართველობას ტავი მოუყარა სამ „პრიკაზში“: სათანრიგო, სარეიტარო და უცხოელთა. XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში პეტრე I-მა მოახდინა არმიის ძირეული რეორგანიზაცია და შექმნა რეგულარული არმია, რომლიც ოფიცერთა შემადგენლობის ბირთვი და მომზადების სკოლა გახდა ე.წ. პოტეშნიე, შემდეგ კი გვარდიული პოლკები. 1699 წლიდან დაიწყო ჯარისკაცთა რეგულარული პოლკების ჩამოყალიბება. 1705 წელს გაფორმდა რეკრუტთა გაწვევა. 1716 წელს შემოიღეს ახალი წესდება, რომლის მიხედვით არმია შედგებოდა საველე არმიის, ადგილობრივი ჯარების და რეგულარული ჯარებისგან. შეიქმნა საველე შტაბი გენერალ-კვარტმაისტერის მეთაურობით. 1712-1719 წლებში შეიქმნა საარტილერიო და საინჟინრო სკოლები. 1719 წელს არმიას სამხედრო კოლეგია ხელმძღვანელობდა. 1722 წელს დაკანონდა სამხედრო ჩინების იერარქია.

XVIII საუკუნის II ნახევარში შეიქმნა ეგერთა მსუბუქი ქვეითი ჯარი. კავალერიაში დრაგუნების გარდა ჩამოყალიბდა კირასირებისა და ჰუსართა პოლკები. 1763 წელს შეიქმნა გენერალური შტაბი. ჯარის სწავლების და აღზრდის სისტემაში ბევრი სიახლე შეიტანეს პეტრე რუმიანცევმა და ალექსანდრე სუვოროვმა. პავლე I-ის როს არმიაში შემოიღეს პრუსიული წესები. 1802 წელს შექიმნა სამხედრო სამინისტრო. 1806 წელს შეიქმნა საარტილერიო ბრიგადები, რომლებიც დივიზიებს მიამაგრეს. 1806-1810 წლებში მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები მოხდა: დივიზიებმა მუდმივი შემადგენლობა მიიღეს და კორპუსებად გაერთიანდნენ, 52-მდე გაიზარდა ეგერთა ბატალიონების რიცხვი, არტილერიია დაიყო ასეულებად (12 ქვემეხი). 1811 წელს გამოვიდა ახალი წესდება.

1812 წელს საფრანგეთ-რუსეთის ომში რუსეთის არმიამ მაღალი საბრძოლო თვისებები გამოავლინა და დაამარცხა ნაპოლეონის უძლიერესი არმია. ომის შემდეგ არმიაში დაიწყო რეაქცია, აღდგა ჯოხის დისციპლინა. ეკონომიის მიზნით არმიის ნაწილი სამხედრო დასახლებების მდგომარეობაზე გადაიყვანეს, არაქჩეევის რეჟიმმა სამხედრო ნაწილებსა და დასახლებებში გამოიწვია მღელვარება და აჯანყებები. დეკაბრისტები ითხოვდნენ არმიის რეფორმირებას. XIX საუკუნის 30-იან წლებში არმია იყოფოდა სახაზინო, ადგილობრივ და დამხმარე ჯარად. უმაღლესი სამხედრო შენაერთი იყო კორპუსი. 1832 წელს დაარსდა სამეხდრო აკადემია, რომელიც 1855 წლიდან ნიკოლოზის გენშტაბის აკადემიად გადაკეთდა. ყირიმის ომში რუსეთის იმპერიის დამარცხებამ დააჩქარა იმპერიაში ბატონყმობის გაუქმება და რეფორმების გატარება. 1855 წელს შეიქმნა საარტილერიო-საინჟინრო და 1867 წელს სამხედრო-იურიდიული აკადემიები. 1868 წელს გამოვიდა ახალი წესდება. 1874 წელს შემოღებულ იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება. შედგენილ იქნა პირველი სამობილიზაციო განრიგი. არმია გადაკეთდა კაპიტალისტური ტიპის მასობრივ არმიად. XX საუკუნი დასაწყისისთვის რუსეთის იმპერია 12 სამხედრო ოლქად დაიყო. ამ პერიოდის რუსეთის არმია ჩამორჩებოდა მის თანამედროვე სახელმწიფოებს, ოფიცერთა შემადგენლობა დიდი ასაკისა იყო, გენერლები მოხუცები. იმპერიის ხელისუფლება არმიას ხშირად იყენებდა რევოლუციური და ეროვნული მოძრაობების ჩასახშობად.

1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში დამარცხებამ რუსეთი აიძულა 1905-1912 წლებში გაეტარებინა სამხედრო რეფორმები. ამ რეფორმებმა გააუმჯობესა არმიის მდგომარეობა. 1913 წელს მიიღეს „არმიის გაძლიერებისთვის დიდი სამხედრო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებდა 1917 წლამდე არმიის გაზრდას 39%-ით და არტილერიის გაძლიერებას. ამას ხელი შეუშალა პირველმა მსოფლიო ომმა. ომის დაწყბამდე რუსეთის იმპერიის არმია ითვლიდა 1 423 ათას კაცს, ხოლო მობილიზაციის შემდეგ 5 338 ათას კაცს. არმია შეიარაღებული იყო 6848 მსუბუქი და 240 მძმე ქვემეხით, 4157 ტყვიამფრქვევით, 263 თვითმფრინავით, 4 ათასზე მეტი ავტომობილით. ომის დასასრულს არმიის დიდი ნაწილი რევოლუციის მხარეს გადავიდა.

1918 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთში რუსეთის არმიის ნაცვლად შეიქმნა წითელი არმია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]