ნოემბერი 2010

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< ნოემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
2010

ნოემბერი - 2010 წლის მეთერთმეტე თვეა. დაიწყო ორშაბათს და დამთავრდა 30 დღის შემდეგ სამშაბათს.

პორტალი:ახალი ამბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენები 1 ნოემბერი, 2010 (2010-11-01) (ორშაბათი)
  • ჩინეთში დაიწყო მოსახლეობის აღწერა, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე. ეს მოსახლეობის მეექვსე აღწერაა. მისი მიზანია, უკეთ გაიზომოს ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესები და გაირკვეს ჩინეთის უდიდესი ქალაქების ჭეშმარიტი ზომა. ჩინეთის ქალაქები შესამჩნევად გაიზარდა სოფლებიდან წამოსული მილიონობით ემიგრანტის ხარჯზე. 2000 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ჩინეთში მილიარდ 296 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. (რადიო თავისუფლება)
  • ბრაზილიის საარჩევნო უწყების ინფორმაცით ქვეყნის პრეზიდენტი დილმა რუსეფი გახდა, რომელმაც ლუიზ ინასიო და სილვა შეცვალა. 62 წლის რუსეფისთვის ეს პირველი არჩევითი თანამდებობაა. ის ბრაზილიის პირველი ქალი ლიდერი გახდა. დილმა რუსეფს მხარს უჭერდა პრეზიდენტი ლულა, რომელმაც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ოფისი დატოვა და კვლავინდებურად სარეკორდო პოპულარობით სარგებლობს. დილმა რუსეფმა ხმების 56 პროცენტი მიიღო. მისი მეტოქე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჟოზე სერა იყო, რომელმაც ხმების 44 პროცენტი მიიღო. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 2 ნოემბერი, 2010 (2010-11-02) (სამშაბათი)
  • ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 36 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში მოწყობილი, როგორც ჩანს, კოორდინირებული აფეთქებების შედეგად. საქმე ეხება, სულ ცოტა, 10 აფეთქებას, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბნებში. ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბების ნაწილი კაფე-რესტორნების მახლობლად აფეთქდა. ჯანდაცვის მინისტრ სალეჰ ალ-ჰასნავის ინფორმაციით, 320 ადამიანი დაიჭრა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 3 ნოემბერი, 2010 (2010-11-03) (ოთხშაბათი)
  • სერბიაში დღეს დილას მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 5,3 ბალს აღწევდა. საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“ მთავრობის წევრისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ბელგრადის სამხრეთით, დაახლოებით 125 კილომეტრში მოხდა. ყველაზე მძიმედ ქალაქ კრალიევოს გარშემო რაიონი დაზარალდა. იუწყებიან, რომ დაშავდა, სულ ცოტა, 15 ადამიანი, დაზიანდა შენობებიც. (რადიო თავისუფლება)
  • დღეს დილით მოსკოვში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი. ახლობლების თქმით, ის მძიმედ იყო ავად. ვიქტორ ჩერნომირდინი რუსეთის მთავრობას 1992-დან 1998 წლამდე უძღვებოდა. 2001-დან 2009 წლამდე ის რუსეთის ელჩი იყო უკრაინაში. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 4 ნოემბერი, 2010 (2010-11-04) (ხუთშაბათი)
  • ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მისი შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირების სია. გავლენიანი საფინანსო ჟურნალის თანახმად, მსოფლიოში მცხოვრები 6,8 მილიარდი ადამიანიდან რეალური გავლენა აქვს 68-ს. სათავეში მათ, ჟურალის აზრით, უდგას ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, რომელსაც მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი მეოთხე ადგილზეა და პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი, მხოლოდ 12-ზე. (რადიო თავისუფლება)
  • მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნეს ახალი გამოკვლევა, რომელიც მსოფლიოს 183 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის მიმზიდველობის ხარისხს აღწერს. წლევანდელ რეიტინგში, რომელიც შარშანდელისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით შედგა, საქართველო მე-12 ადგილზეა. გამოკვლევის თანახმად, ქვეყანაში გაუმჯობესდა კრედიტის მიღების პირობები, ინვესტორთა დაცულობა; გამარტივდა კონტრაქტების განხორციელებისა და ბიზნესის დახურვის პროცედურები. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 5 ნოემბერი, 2010 (2010-11-05) (პარასკევი)
  • ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან მერაპის ახალი ამოფრქვევის შედეგად სულ ცოტა 49 ადამიანი დაიღუპა. სულ ბოლო დღეებში ამ სტიქიურმა უბედურებამ 90-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ათობით ადამიანი დაშავებულია, ათასობით მოსახლემ კი საცხოვრებელი სახლი დატოვა. (რადიო თავისუფლება)
  • კუბაში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა. წინასწარი ინფორმაციით ბორტზე მყოფი მგზავრები და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ტრაგედია სანკტი-სპირიტუსის პროვინციაში მოხდა. ავიალაინერი ჰავანაში მიფრინავდა. წინასწარი ინფორმაციით თვითმფრინავში 61 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 6 ნოემბერი, 2010 (2010-11-06) (შაბათი)
  • დაახლოებით 6 ადამიანი დაიღუპა ღვარცოფისა და წყალდიდობის შედეგად, რაც კუნძულ ჰაიტიზე გრიგალ „ტომასის“ დატყდომამ გამოიწვია. არსებობს საშიშოროება, რომ სტიქიურმა უბედურებამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ქოლერის ეპიდემიით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ადამიანების ბედი. ჰაიტის მთავრობა პირობას დებს, რომ უკეთეს კარვებს დაუდგამს ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებ ათეულ ათასობით მოქალაქეს, რომლებიც აცხადებენ, რომ წასასვლელი არსაით აქვთ. გრიგალმა ტომასმა კარიბის ზღვის კუნძულ სანტა-ლუსიაზე 14 ადამიანი იმსხვერპლა. (რადიო თავისუფლება)
  • დაზუსტებული ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა ფეშავარის გარეუბანში, ხიბერ-ფახტუნხვის ხელისუფლების წარმომადგენლის, შაჰიდ ულას თქმით - „აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა“. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 7 ნოემბერი, 2010 (2010-11-07) (კვირა)
  • სავარაუდოდ ათი ექსტრემისტი დაიღუპა აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად ავღანეთ-პაკისტანის საზღავრზე. ანონიმურობის დაცვით ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პირველი ავიადარტყმა ჩრდილოეთ ვაზირისტანში განხორციელდა სახლსა და სატვირთო მანქანაზე, რის შედეგადაც 5 მეამბოხე განადგურდა. კიდევ ხუთი ექსტერმისტი დახოცა უპილოტო თვითმფრინავმა ქალაქ დატა ხელის მახლობლად. ეს ადგილი ცნობილია, როგორც მეამბოხეთა სამოთხე. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 8 ნოემბერი, 2010 (2010-11-08) (ორშაბათი)
  • ერაყში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, შვიდი შიიტი მლოცველი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ირანელი. აფეთქება ქალაქ ქარბალაში მდებარე შიიტურ მეჩეთთან მოეწყო. პოლიციის ცნობით, აფეთქება, როგორც ჩანს, მიმართული იყო ავტობუსის წინააღმდეგ, რომელშიც ირანელი მლოცველები იმყოფებოდნენ. დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. (რადიო თავისუფლება)
  • ორი თვე შესრულდა სომალელი მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების გატაცებიდან. მალტის დროშით მცურავი ხომალდი, რომლის ეკიპაჟის 15 წევრი საქართველოს მოქალაქეა, 3 კი - თურქეთის, მეკობრეებმა ადენის სრუტეში 8 სექტემბერს დაატყვევეს. ბათუმის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სულიკო სურმანიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს დღეს განუცხადა, რომ დატყვევებული მეზღვაურების მდგომარეობა გაუსაძლისია, მათი გათავისუფლება კი, უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება რადგან მეკობრეებთან მოლაპარაკება ჩიხში მოექცა. სურმანიძის ცნობით, თავდამსხმელები გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს მოითხოვენ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 9 ნოემბერი, 2010 (2010-11-09) (სამშაბათი)
  • შეერთებულმა შტატებმა უარყო გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს მოწოდება სიკვდილით დასჯის გაუქმების თაობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიულმა მრჩევლმა ჰეროლდ კოხმა ჟენევაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა არ იკრძალება საერთაშორისო სამართლით. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, გაითვალისწინოს საბჭოს ზოგიერთი რეკომენდაცია, კერძოდ მკვიდრი მოსახლეობის შესახებ გაეროს დეკლარაციის ხელმოწერის თაობაზე. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 10 ნოემბერი, 2010 (2010-11-10) (ოთხშაბათი)
  • ჰაიტიში ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ქოლერის ეპიდემიამ დედაქალაქს, პორტ-ო-პრენსს მიაღწია. ჰაიტიში ქოლერამ უკვე 580-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჰოსპიტალიზებულია 9500-ზე მეტი. ქოლერის ეპიდემია კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას ქვეყანაში, სადაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია იანვარში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ. სტიქიურმა უბედურებამ 250 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და გაანადგურა ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 11 ნოემბერი, 2010 (2010-11-11) (ხუთშაბათი)
  • გარდაიცვალა დინო დე ლაურენტისი, რამდენიმე ყველაზე ცნობილი იტალიური ფილმის, მათ შორის ფედერიკო ფელინის ფილმების პროდიუსერი. დე ლაურენტისი, რომელიც „ოსკარის“ ლაურეატი იყო, დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც. შეერთებულ შტატებში გადაღებულ ცნობილ ფილმებს შორის არის „კონდორის სამი დღე“ (1975 წ.) და „მეფე კონგის“ 1976 წლის გადამუშავება. დე ლაურენტისი 500-ზე მეტი ფილმის პროდიუსერი იყო, მათ შორის ფელინის „ლა სტრადასი“, რომლისთვისაც 1956 წელს „ოსკარი“ მიენიჭა. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში მომხდარმა აფეთქებამ პოლიციის შენობა დაანგრია და სულ ცოტა, 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 30-ზე მეტი. როგორც იუწყებიან, აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოეწყო. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 12 ნოემბერი, 2010 (2010-11-12) (პარასკევი)
  • ერაყის საკანონმდებლო ორგანომ დღეს კვლავ აირჩია ქვეყნის პრეზიდეტად ქურთთა ლიდერი, ჯალალ თალაბანი. კენჭისყრის შემდეგ თალაბანიმ ფიცი დადო. მისი არჩნევა კანონმდებელთა კომპრომისი იყო, რითაც ბოლო მოეღო ქვეყანაში რვათვიან სამთავრობო კრიზისს. ახლა თალაბანი დაავალებს პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის, შექმნას ახალი მთავრობა. ახალი კაბინეტი 30 დღეში უნდა ჩამოყალიბდეს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 13 ნოემბერი, 2010 (2010-11-13) (შაბათი)
  • ავღანეთის პროვინცია ყუნდუზში მოტოციკლეტისტის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. იმამ საჰების ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მოჰამად აიუბ ჰაყიარმა თქვა, რომ ბომბი ბაზრის შუაგულში აფეთქდა და რომ მოკლულთა შორის ორი პოლიციელია. მისი თქმით, სავარაუდოდ შეტევის სამიზნე იყო მთავრობის მომხრე მოხალისეთა ორგანიზაციის მეთაური აბდულ მანანი, რომელიც მოკლულ სამოქალაქო პირთა შორის იყო. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 14 ნოემბერი, 2010 (2010-11-14) (კვირა)
მიმდინარე მოვლენები 15 ნოემბერი, 2010 (2010-11-15) (ორშაბათი)
  • ტყეები იწვის ბაღდადის სატყეო უბანში, თიანეთსა და თელავის რაიონში. გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსმა პაპუნა ხაჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ სამივე შემთხვევაში ხანძარები ტყეში ჩამოცვენილ ფოთლებზე იოლად გავრცელდება. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ხანძრების ლოკალიზებას სამივე შემთხვევაში დღის ბოლომდე შესძლებენ. (რადიო თავისუფლება)
  • ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დღეს მოეწყო მე-16 საუკუნის დანიელი ასტრონომის ტიხო ბრაჰეს ნეშტის ექსჰუმაცია. სპეციალისტთა ჯგუფს მეცნიერის სიკვდილის მიზეზის დადგენა სურს. ბრაჰე 1601 წელს გარდაიცვალა პრაღაში, სადაც იმპერატორ რუდოლფ მეორის კარზე მსახურობდა. ზოგიერთი ბოლო ვარაუდით, ბრაჰე ვერხლისწყლით შეიძლებოდა მოწამლულიყო. (რადიო თავისუფლება)
  • ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, შანხაიში, სულ ცოტა, 42 ადამიანი შეიწირა მაღალსართულიან სახლში გაჩენილმა ხანძარმა. დაშავებულია გაცილებით მეტი. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაუჩნდა 30-სართულიანი სახლის ხარაჩოებს და მალე მოედო თვით შენობასაც. ხანძრის ჩაქრობაში 60-მდე სახანძრო მანქანა მონაწილეობდა, სამი ვერტმრფენი გამოიყენეს სახურავზე ასული ხალხის დასახმარებლად. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 16 ნოემბერი, 2010 (2010-11-16) (სამშაბათი)
  • პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სავარაუდოდ, ამერიკელთა მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 მეომარი დაიღუპა. პაკისტანის დაზვერვის ორი თანამშრომლის ინფორმაციით, თავდასხმა სამშაბათს, დილით ადრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ავღანეთთან, საზღვრის ახლოს მოხდა. სწორედ ამ რაიონს მიიჩნევენ პაკისტანელი თალიბებისა და ალ-ყაიდას მეომრების დასაყრდენ პუნქტად. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 17 ნოემბერი, 2010 (2010-11-17) (ოთხშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 18 ნოემბერი, 2010 (2010-11-18) (ხუთშაბათი)
მიმდინარე მოვლენები 19 ნოემბერი, 2010 (2010-11-19) (პარასკევი)
  • ახალი ზელანდიის ნახშირის მაღაროში დღეს აფეთქება მოხდა. ოცდაათამდე მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მხოლოდ ორმა მეშახტემ შეძლო აფეთქებისას თავის დამოუკიდებლად დაღწევა. დარაჩენებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 20 ნოემბერი, 2010 (2010-11-20) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 21 ნოემბერი, 2010 (2010-11-21) (კვირა)
  • პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ გაშვებული რაკეტები მოხვდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სახლს, რის შედეგადაც ექვსი კაცი დაიღუპა. როგორც იუწყებიან, დაღუპულთა შორის სამი მეამბოხეა, დანარჩენი კი - ადგილობრივი მცხოვრები, რომლებმაც მეამბოხეები შეიფარეს. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 22 ნოემბერი, 2010 (2010-11-22) (ორშაბათი)
  • ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, სეჩუანის პროვინციაში კვირას დილით წყალდიდობის შედეგად ქვანახშირის მაღაროში გამომწყვდეული 29-ვე მაღაროელი მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ავარიის შემდეგ 13-მა მაღაროელმა მაშინვე მოახერხა მიწის ზედაპირზე ამოსვლა. ჩინეთის მაღაროები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მაღაროებად ითვლება. მარტო გასულ წელს იქ 2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 23 ნოემბერი, 2010 (2010-11-23) (სამშაბათი)
  • საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 220 მსჯავრდებული შეიწყალა - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ. მისივე ცნობით, შეწყალებულთა შორის 1 არასრულწლოვანი და 12 ქალია; 182 მსჯავრდებულს შეწყალება სრულად შეეხო, 32-ს სასჯელი გაუნახევრდა, სამს შეუმცირდა და კიდევ სამს პირობითი სასჯელი მოეხსნა. კალმახელიძის განცხადებით, სრულად შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმროებს დღის ბოლომდე დატოვებენ. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 24 ნოემბერი, 2010 (2010-11-24) (ოთხშაბათი)
  • საქართველოს შსს-ს ცნობით, ქუთაისში დააკავეს საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი; დაკავებულმა პირებმა მეწარმეებთან კორუფციული გარიგებით, 2 წლის განმავლობაში მიითვისეს დაახლოებით 2 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბავშვების კვებისთვის გაიცემოდა. საბავშვო ბაღების ხელმძღვანელთა დაკავების გამო, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ სპეციალური ბრიფინგი მოიწვია და განაცხადა, რომ ქუთაისის ყველა ბაღის გამგე თანამდებობიდან გათავისუფლდება, მოხდება სისტემის რეორგანიზაცია და ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება. (რადიო თავისუფლება)
  • ახალ ზელანდიაში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად დაკარგული 29-ვე მაღაროელი დაიღუპა, იმავე ადგილას მომხდარი მეორე აფეთქების შედეგად. პოლიციის განცხადებით, შანსი, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვიან, აღარ არსებობს. ახალი ზელანდიისთვის ეს მაღაროში მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიას წარმოადგენს თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე. პრემიერ-მინისტრმა ჯონ კეიმ მომხდარს „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა. (რადიო თავისუფლება)
  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მოლდოვას ეწვია. ოფიციალური ვიზიტის დროს, მას მოლდოვეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი მიანიჭეს. მოლდავეთში ვიზიტისას სააკაშვილმა მოინახულა ქართული სოფელი - დასახლება, რომელიც, მოლდავეთში წყალდიდობით დაზარალებული ოჯახებისთვის, საქართველოს მხარდაჭერით აშენდა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 25 ნოემბერი, 2010 (2010-11-25) (ხუთშაბათი)
  • ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნისას დიდი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლზე და დამსახურებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ილაპარაკა. გახსნას სამღვდელოების წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. (რადიო თავისუფლება)
  • „ეროვნული ფორუმისა“ და სახალხო კრების წარმომადგენლები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მასში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებს განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ; რუსთაველის გამზირი კი, ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 26 ნოემბერი, 2010 (2010-11-26) (პარასკევი)
მიმდინარე მოვლენები 27 ნოემბერი, 2010 (2010-11-27) (შაბათი)
მიმდინარე მოვლენები 28 ნოემბერი, 2010 (2010-11-28) (კვირა)
  • წუხელ თბილისში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა 01:30 საათზე ჯავახიშვილის ქუჩის ნომერ 88 კორპუსთან, რის შედეგადაც 65 წლის ქალი დაიღუპა. ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში ცხოვრობდა. ამავე აფეთქების გამო ერთი ადამიანი დაშავდა. აფეთქებამ მიმდებარე შენობების ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. გარშემო მდებარე სხვა შენობებთან ერთად დაზიანდა ლეიბორისტული პარტიის ოფისი. პირველი აფეთქებიდან დაახლოებით საათნახევარში, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა მუხიანში, სუპერმარკეტის წინ. შინაგან საქმეთა სამინსტროს ცნობით, აფეთქებების გამო მიმდინარეობს გამოძიება. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის ქალაქ კარაჩიში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკომპანია „Sunway“-ს სატვირთო თვითმფრინავმა „ილ-76“-მა წუხელ განიცადა ავარია, რომლის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და სამი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპნენ. თვითმფრინავი, რომელიც ხართუმში მიემართებოდა, აფრენიდან ორი წუთის შემდეგ ჩამოვარდა საცხოვრებელ რაიონში. მძლავრი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მიმდებარე ოცამდე სახლი. ავიაკომპანიის შესახებ სხვადასხვა ცნობა ვრცელდება, ზოგი ცნობით, ის საქართველოშია რეგისტრირებული. ზოგი სააგენტოს თანახმად კი, „Sunway“ რუსეთის კომპანიაა. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 29 ნოემბერი, 2010 (2010-11-29) (ორშაბათი)
  • 84 წლის ასაკში გარდაიცვალა კომედიური ჟანრის მსახიობი ლესლი ნილსენი. კანადაში დაბადებული მსახიობი ოთხმოციან წლებში გახდა ცნობილი, როდესაც მისი მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა პაროდიული ფილმი ”აეროპლანი!”. (რადიო თავისუფლება)
მიმდინარე მოვლენები 30 ნოემბერი, 2010 (2010-11-30) (სამშაბათი)