კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანადა
Logo Canada Rugby.svg
კავშირი რაგბი კანადა
მეტსახელ(ებ)ი ნეკერჩხლის ფოთლები
ემბლემა ნეკერჩხლის ფოთოლი
მწვრთნელ(ებ)ი კირენ კროული
კაპიტანი ტაილერ ერდრონი
ყველაზე მეტი ქულა ჯეიმზ პრიტჩარდი (584)
ყველაზე მეტი ლელო უინსტონ სტენლი (24)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
იაპონიის დროშა იაპონია 9 – 8 კანადა კანადის დროშა
(31-01-1932)
უდიდესი გამარჯვება
კანადის დროშა კანადა 71 – 3 ბარბადოსი ბარბადოსის დროშა
(24-06-2006)
უარესი დამარცხება
ინგლისის დროშა ინგლისი 70 – 0 კანადა კანადის დროშა
(13-11-2004)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 7 (პირველი 1987)
საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი, 1991
კანადის ეროვნული ნაკრები 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე

კანადის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Canada national rugby union team) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ადმინისტრაციულად კანადის ეროვნულ ნაკრებს მართავს კანადის რაგბის კავშირი, რომელიც წარმოადგენს კანადას რაგბის საერთაშორისო კავშირში. ეროვნული ნაკრები თამაშობს წითელი და შავი ფორმებით.

პირველი სარაგბო თამაში კანადელი მორაგბეების მონაწილეობით გაიმართა 1874 წელს, როდესაც მაკგილის უნივერსიტეტის მოთამაშეები შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან ქალაქ კემბრიჯში. მას შემდეგ ყოველ წლისს ნოემბერში ტარდება ამ ორ საუნივერსიტეტო გუნდებს შორის შეხვედრა 1870-იანი წლების რაგბის წესების მიხედვით. თავისი პირველი შეხვედრა კანადის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩაატარა 1932 წლის 31 იანვარს და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა იაპონიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან.

კანადის ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში. ამ ტურნირებში ყველაზე უფრო დიდი წარმატება იყო ნაკრების გასვლა მეოთხედფინალში 1991 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას გარდა 2011 წლამდე კანადელი მორაგბეები ყოველწლიურად მონაწილეობდნენ ჩერჩილის თასის ტურნირზე. უკანასკნელ ორ გათამაშებაში კანადელებმა შეძლეს ფინალში გასვლა, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდნენ ინგლისის მეორე ნაკრებთან.

კანადის ეროვნული ნაკრები 2015 წლამდე უძლიერესი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში და მეორე კონტინენტზე არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში შედგა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი სარაგბო თამაში მაკგილის და ჰარვარდის უნივერსიტეტების გუნდებს შორის. ამავე წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველად ჩატარდა მატჩი ამერიკული ფეხბურთის წესებით. ამ მომენტიდან ყოველწლიურად ნოემბერში ტარდება მატჩი ამ უნივერსიტეტების გუნდებს შორის «კოვოს თასის» სახელწოდებით, ამასთან შეხვედრის ჩატარების ადგილი მონაცვლეობითია. მაკგილის უნივერსიტეტი თავის თავს უწოდებს კანადის ყველაზე უფრო ძველ სარაგნო კლუბს, თუმცა დე-იურე ასეთი კლუბი «ვესტმაუნტია».

კანადის რაგბის კავშირი დაარსდა 1884 წელს, მაგრამ მოგვიანებით გადაკეთდა კანადის საფეხბურთო ლიგად, ხოლო რაგბი კანადაში თანდათან შეერწყა კანადურ ფეხბურთს. 1902-1903 წლებში კანადის გუნდმა პირველად გამართა ტურნე დიდ ბრიტანეთში. 1909 წელს კანადის გენერალ-გუბერნატორმა ალბერტ გრეიმ წარმოადგინა თასი, რომელიც მას შემდეგ გადაეცემოდა კანადის საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულს. კანადაში რაგბის მატჩების გამართვის წესი დიდი ხნის განმავლობაში განსხვავდებოდა სხვა ქვეყნებში გამართული რაგბის მატჩების წესებისაგან (მაგალითად, ნებადართული იყო წინ თამაში). კანადის რაგბის კავშირი იმ დროს ავითარებდა თამაშს, რომელიც ძალიან ჰგავდა ამერიკულ ფეხბურთს.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს რაგბის მატჩები არ ტარდებოდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა თამაშის განვითარება კანადაში. 1919 წელს კანადელი მოსამსახურეების გუნდმა ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა ინგლისის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ავსტრალიის გუნდების წინააღმდეგ. 1929 წელს დაიწყო კანადის სარაგბო კავშირის ფორმირება და კანადის ეროვნული ნაკრები ორმხრივი ურთიერთობის გასავითარებლად და ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად 1932 წელს გაემგზავრა იაპონიაში. ნაკრები დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი კანადელებით, ბრიტანეთის კოლუმბიაში მაცხოვრებლებით და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულებით. ორივე ტესტ-მატჩი კანადელებმა წააგეს ანგარიშით 9-8 და 38-5.

1962 წელს უკვე თითქმის მთლიანად ბრიტანეთის კოლუმბიელებით დაკომლექტებული კანადის ნაკრები გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. კანადის სარაგბო კავშირი 1965 წელს გადაკეთდა სხვა ორგანიზაციად, ოდნავ შეცვლილი სახელით — კანადის რაგბის კავშირი. 1966 წელს ტორონტოში ჩატარდა მატჩი, რომელშიც კანადის ეროვნული ნაკრები შეხვდა ავსტრალიიდან უკან მომავალ «ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს», რომელშიც გაიმარჯვეს სტუმრებმა 19-8. კანადელები დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ ჩრდილოეთი ამერიკის უძლიერეს ნაკრებად, მაგრამ ხშირად მარცხდებოდნენ ევროპის და სამხრეთი ნახევარსფეროს ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებთან შეხვედრებში.