შინაარსზე გადასვლა

მეჰმედ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მეჰმედ დამპყრობელი)
მეჰმედ II
İkinci Mehmet
ოსმალეთის მე-7 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1444
მმართ. დასასრული: 1446
წინამორბედი: მურად II
მემკვიდრე: მურად II
ოსმალეთის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1451
მმართ. დასასრული: 1481
წინამორბედი: მურად II
მემკვიდრე: ბაიაზიდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 მარტი 1432
დაბ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 3 მაისი, 1481
მეუღლე: ემინე გიულბაჰარ ხათუნი
გიულშაჰ ხათუნი
სითი მიუქრიმე ხათუნი
ჩიჩეკ ხათუნი
შვილები: მუსტაფა
ბაიაზიდ II
ჯემი
ქორქუთი
გევჰერჰანი
დინასტია: ოსმანები
მამა: მურად II
დედა: ჰიუმა ხათუნი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

მეჰმედ II ფათიჰი (დამპყრობელი) (დ. 30 მარტი, 1432, ედირნე, ოსმალეთის იმპერია — გ. 3 მაისი, 1481, ჰუნქიარ-ჩიარი) — ოსმალეთის იმპერიის მე-7 სულთანი. ქვეყანას მართავდა 1444-1446 და 1451-1481 წლებში.

დაიბადა 1432 წელს, ედირნეში, მეჰმედ I-ის ვაჟის, მურად II-ისა და მისი ხარჭის, ჰიუმა ხათუნის ოჯახში. გაურკვეველი მიზეზის გამო, მეჰმედს დედობა გაუწია მურადის სხვა ხარჭამ, დესპინა ხათუნმა და არა ნამდვილმა დედამ.

1444 წელს, მურად II-ის გადადგომის შემდეგ, ტახტი 12 წლის მეჰმედს ერგო, მაგრამ მისი პირველი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. შემოჭრილი მტრის გამო იგი იძულებული გახდა მამისთვის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა. მეორედ კი ტახტზე მურადის გარდაცვალების შემდეგ, 1451 წელს ავიდა.

ატარებდა დამპყრობლურ პოლიტიკას, პირადად მეთაურობდა ოსმალეთის არმიის ლაშქრობებს. 1453 წელს დაიპყრო კონსტანტინოპოლი და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. მის დროს სერბეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა (1459 წ.), დაპყრობილ იქნა მორეა (1460 წ.). ტრაპიზონის იმპერია (1461 წ.), ბოსნია (1463 წ.), კ. ევბეა (1471 წ.), ალბანეთი (1479 წ.), ყირიმის სახანო (1475). მის დროს შედგა ოსმალეთის იმპერიის კანონების პირველი კრებული.

მეჰმედ II-ის კორონაცია

მეჰმედი დაიბადა 1432 წლის 30 მარტს, ოსმალეთის იმდროინდელ დედაქალაქ ედირნეში. მისი მამა იყო ოსმალეთის სულთანი მურად II, ხოლო დედა მურადის ხარჭა ჰიუმა ხათუნი. მეჰმედი იყო მემკვიდრე შეჰზადე, ამიტომ 1443 წელს, 11 წლის ასაკში მურადმა იგი ამასიის პროვინციაში გაგზავნა სამართავად და გამოცდილების მისაღებად. მურადს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა, ამიტომ საუკეთესო მასწავლებელი შეარჩია და ამასიაში მეჰმედთან გაგზავნა. მეჰმედი გახდა ძალიან მორწმუნე ადამიანი.

1444 წელს, როცა მეჰმედი 12 წლის იყო, მურადმა ჩათვალა, რომ ანატოლიაში სიმშვიდე დაამყარა და მეჰმედის სასარგებლოდ გადადგა. მეჰმედის პირველი მმართველობა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყანაში შექმნილი ცუდი ვითარების გამო, იგი იძულებული გახდა, რომ მამისთვის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა. მურადს შვილისთვის უარი არ უთქვამს, რადგან თვითონაც იცოდა, რომ იმ მომენტში ოსმალეთს 14 წლის მეჰმედი ვერ უშველიდა.

მურადი ტახტზე დაბრუნდა და ქვეყანაში შემოჭრილი მტერი დაამარცხა, ოღონდ აღარ გადამდგარა და ოსმალეთის სულთნობა გარდაცვალებამდე გადაწყვიტა. იგი გარდაიცვალა 1451 წლის 3 თებერვალს და ტახტი 19 წლის მეჰმედს ერგო.

მმართველობის პირველი წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა მმართველის მიზნები თავიდანვე ცნობილი იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აეღო, რომელიც მის წინაპრებს ვერაფრით დაეპყროთ. მეჰმედმა ტახტზე ასვსლისთანავე მოქმედებები დაიწყო. უპირველე ყოვლისა, მან ბოსფორის სანაპიროზე ციხესიმაგრე ააგო და ამავდროულად, მორეაში ლაშქარი გაგზავნა. შედეგად, მან ყველა გზა მოუჭრა ბიზანტიას, რომ ვინმესთვის დახმარება ეთხოვა.

კონსტანტინოპოლის აღება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეჰმედ II-ის შესვლა კონსტანტინოპოლში

ორწლიანი მზადების შემდეგ, 1453 წლის ხუთ აპრილს მეჰმედმა კონსტანტინოპოლზე პირველი იერიში მიიტანა. მისი ლაშქარი 160 000 მეომარს ითვლიდა, ხოლო ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორ კონსტანტინე XI-ს მხოლოდ 9 000 მეომარი ჰყავდა, საიდანაც რაღაც ნაწილი უცხოელი იყო. ბიზანტიელები დაკისრებულ მოვალეობებს ცუდად ასრულებდნენ, რის გამოც არმიაში არეულობა სუფევდა. სულთან მეჰმედს ინჟინარ ორბანის უზარმაზარი ზარბაზანი ეხმარებოდა, მაგრამ ოსმალეთის არმიის პირველი შეტევა ბიზანტიის არმიამ მაინც მოიგერია.

ამის შემდეგ, მეჰმედმა არმია ოქროს რქაში შეიყვანა და ქალაქის გალავნის მეორე მხარეს დაემუქრა, მაგრამ ბიზანტიელებმა 7 მაისის შეტევის მოგერიებაც მოახერხეს.

1453 წლისს 28 მაისს მესამე და უკანასკნელი შეტევა დაიწყო. ბიზანტიელებმა მტრის უკუგდება ორჯერ მოახერხეს. მეჰმედის ბრძანებით, ბრძოლაში იანიჩარები ჩაებნენ. ბრძოლის დროს ბიზანტიის არმიის თავდაცვის ხელმძღვანელი დაიჭრა და პოსტი მიატოვა, რამაც არმიაში დიდი არეულობა გამოიწვია. ოსმალეთის არმიამ მიწისქვეშა გვირაბის აღებით, მოახერხა ქალაქის მცველებს ზურგიდან დასხმოდა თავს. დაიღუპა კონსტანტინე XI და ოსმალებმა ქალაქის აღება მოახერხეს. 30 მაისს, დილით მეჰმედ II ზარ-ზეიმით შევიდა კონსტანტინოპოლში. ამ გამარჯვებით ბიზანტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა. მეჰმედმა იგი სტამბოლის სახელით იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. ასევე მეჰმედის ბრძანებით, 1459-1465 წლებში იქ თოფქაფის სასახლე აშენდა, რომელიც ოსმალეთის სულთნების რეზიდენცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 1465-1853 წლებში იყო.

ბრძოლა სერბეთის წინააღმდეგ (1454-1459)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბელგრადის ალყა, ოსმალური მინიატურა

სულთან მეჰმედ II-ს კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, სერბეთისკენ წასვლა მოუხდა. სერბეთი კოსოვოს ბრძოლიდან, 1359 წლიდან იყო ოსმალეთის ვასალი სახელმწიფო. სერბეთთან ოსმალეთს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მურად II-ის ცოლიც სერბეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, მარა ბრაკოვიჩი იყო.

თუმცა, 1454 წელს სერბებმა უარი განაცხადეს ოსმალეთისათვის ხარკის გადახდაზე და გააფორმეს ალიანსი უნგრეთის სამეფოსთან. შედეგად, მეჰმედი ჯართან ერთად სერბეთისკენ დაიძრა. ოსმალებმა 1455 წელს მოახერხეს სერბეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის, ნოვო ბრდოს დაკავება.

1456 წელს ოსმალეთის არმიამ ალყა შემოარტყა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს. ალყა 4 ივლისს დაიწყო. სერბების არმიის მეთაური უნგრელი მხედართმთავარი იანოშ ჰულიადი იყო. მისი არმია თავის დაცვას კარგად ახერხებდა და 22 ივლისს მეჰმედ II იძულებული გახდა ეს ალყა მოეხსნა. ბელგრადის აღება სულეიმან I-მდე ოსმალეთის სულთნებს აღარ უცდიათ. მეჰმედი და ოსმალეთის არმია იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

ამასობაში სერბეთში ტახტისთვის ბრძოლა გაჩაღდა. 1458 წელს ლაზარ ბრანკოვიჩი ტახტიდან ძმა იშტვანმა ჩამოაგდო და ტახტზე თავად ავიდა, თუმცა მისი მმართველობა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა. ის 1459 წლის 21 მარტს ტახტიდან ჩამოაგდეს. ბრანკოვიჩების გვარში აღარავინ დარჩა, ვისაც ტახტზე ასვლა შეეძლო, ამიტომ სერბეთის ტახტზე ასვლა ბოსნიის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ მოისურვა. ამან მეჰმედის განრისხება გამოიწვია. იგი არმიასთან ერთად სერბეთისკენ კიდევ ერთხელ დაიძრა. მეჰმედის არმიამ წარმატებას მიაღწია და სერბეთის დესპოტატი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

მორეის დაპყრობა (1458-1460)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთან მეჰმედს უკვე გაგზავნილი ჰყავდა ჯარი მორეაში. 1453 წელს, ეს მან იმ მიზნით გააკეთა, რომ მორეას არ ჰქონოდა საშუალება დახმარებოდა ალყაშემორტყმულ კონსტანტინოპოლს. მას მართავდნენ ბიზანტიის იმპერიის მმართველთა დინასტიის, პალეოლოგოსების წარმომადგენელი, ხოლო როცა მეჰმედი მორეაში შევიდა, მისი დესპოტბი იყვნენ დემეტრიუს პალეოლოგისი და მისი ძმა თომა პალეოლოგისი.

მორეა კარგად უხდიდა ოსმალეთს ხარკს, რადგან მათ მშვიდობა სურთად და მეჰმედსაც ამისაკენ მოუწოდებნენ, მაგრამ 1458 წელს მათ სულთან მეჰმედს ხარკი არ გადაუხადეს და მეტიც, ოსმალეთის მმართველობას აუჯანყდნენ.

მეჰმედი საშინლად განრისხდა და მორეაში ლაშქარი გაგზავნა. ოსმალეთის არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი დაიპყრო და მალე მათ მეჰმედიც შეუერთდა. ოსმალებმა ტყვედ აიყვანეს დემეტრიუსი, მაგრამ თომამ გაქცევა მოახერხა. 1460 წლის მაისში ოსმალებს უკვე ეკავათ დესპოტატის ყველა ქალაქი და იგი ოსმალეთის იმპერიის ნაწილად აქციეს.

ვლად III ცეპეშის პორტრეტი

ოსმალები მე-15 საუკუნის ადრეული წლებიდან ცდილობდნენ ვლახეთის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. ისინი ცდილობდნენ, რომ ვლახეთის ტახტზე საკუთარი კანდიდატი დაესვათ, თუმცა მათი ყოველი მცდელობა მარცხით სრულდებოდა. ოსმალები ვლახეთს ბუფერულ ზონად განიხილავდნენ მათსა და უნგრეთის სამეფოს შორის. ეს ორი ძლიერი სახელმწიფო მუდმივად იმის ცდაში იყო, რომ ვლახეთი საკუთარ ვასლად ექცია. უნგრეთმა ვლახეთის ოსმალთა მიერ დაპყრობისგან თავის ასაცილებლად, 1448 წელს გამოიხსნა ტყვეობიდან ვლად III ცეპეში (დრაკულა) მის ძმასთან, რადუსთან ერთად. ის ოთხი წლის განმავლობაში იყო მეჰმედის მამის, მურად II-ის პატიმარი. ამის შედეგად, ვლადი ვლახეთის ერთპიროვნულ მმართველად იქცა. თუმცა, მისი პირველი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ცოტა ხანში ვლახეთის ტახტზე კვლავ ვლადისლავ II აღმოჩნდა.

ვლად დრაკულა გაიქცა მოლდოვეთში, სადაც იგი ბიძის, ბოგდან II-ის დაცვის ქვეშ ცხოვრობდა. 1451 წელს, ბოგდანის მკვლელობის შემდეგ, ვლადი უნგრეთში გაიქცა. იქ მან ყველა გააოცა ოსმალეთის შიდა საქმეების ცოდნით, ამასთან ერთად თურქებისა და მათი ახალი სულთნის მეჰმედ II-ის მიმართ ზიზღით. იმდროისთვის უნგრეთის ფაქტობრივი მმართველი იანოშ ჰუნიადი იყო, რომელიც მუდამ ცდილობდა ვლადი მრჩევლად გაეხადა, მაგრამ იგი უარზე იდგა.

1456 წელს, როცა მეჰმედმა ალყა შემოარტყა ბელგრადს, ჰუნიადმა დაიწყო კონტრშეტევები, გადავიდა სერბეთში და მოახერხა ქალაქის გათავისუფლება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ამით ისარგებლა ვლად III-მ, ჩავიდა ვლახეთში, მოკლა მისი მმართველი ვლადისლავ II და მეორედ გახდა მისი მმართველი.

ტირგოვიშტეს ღამის თავდასხმა

1459 წელს მეჰმედმა ვლადს გაუგზავნა ელჩები და შეახსენა, რომ ხარკი ჰქონდა გადასახდელი. ვლადს უნდა გადაეხადა 10,000 დუკატი და ამასთან, უნდა გადაეცა იმპერიისთვის 500 მეომარი. ცეპეშმა უარი განაცხადა ამაზე და მეტიც, სიკვდილით დასაჯა სულთნის ელჩები. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მათ მის წინაშე ქუდები არ მოიხადეს.

მეჰმედმა უბრძანა ნიკოპოლისის გამგებელს, ჰამზა-ფაშას ვლად III-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა. ვლად III ჩასაფრებული იყო. ოსმალეთის არმია ალყაში აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ყველა ჯარისკაცი დაიჭირეს და ვლადის ბრძანებით, ყველა მათგანი ძელზე გასვეს.

1462 წლის ზამთარში ვლად III-მ გადაკვეთა დუნაი და შევიდა ბულგარეთში. სავარაუდოდ, იგი შეინიღმა და თავი თურქ ვაჭრად გაასაღა, რაშიც ოსმალური ენის ბრწყინვალედ ფლობა დაეხმარა. ვლად III-მ შეაღწია ოსმალეთის ბანაკში და 23,000-მდე თურქი ტყვედ აიყვანა. ვლადი ცდილობდა, ოსმალებთან შედარებით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოეპოვებინა და ამ მიზნით, ყველა ტყვე, ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ დიდი ძელზე გასვა და ამის შესახებ წერილიც მიწერა უნგრეთის მეფე მათიას I-ს.

ამის შემდეგ მეჰმედ II 120,000-იანი არმიით ვლახეთში შეიჭრა. ვლადს დახმარება არავინ აღმოუჩინა. ამიტომ, მან სრული მობილიზაცია გამოაცხადა და ჯარში გამოიძახა ყველა მამაკაცი, რომელიც 12 წელს ზემოთ იყო და იარაღის ჭერა შეეძლო. იგი პარტიზანულ ბრძოლებს მიმართავდა. 1462 წლის 17 ივნისს, შუაღამისას ვლადი თავს დაესხა ოსმალეთის ბანაკს და მტერს უდიდესი დანაკლისი მიაყენა. ამ მოვლენას მომავალში ტირგოვიშტის ღამის შეტევა ეწოდა. მეჰმედ II იძულებული გახდა, არმიის ნაწილით უკან დაეხია. მცირე ნაწილი მან ვლახეთში დატოვა და მათი სარდლობა ვლადის ძმას, რადუს დაავალა, რომელიც სულთნის მხარეს იყო. ვლადუს მხარეს აღმოჩნდა მოლდავეთის მმართველი შტეფან დიდი. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ვლადმა ვეღარ მოახერხა და იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ დაეტოვებინა ვლახეთის ტახტი და ტრანსილვანიაში გადასულიყო.

ტრაპიზონის იმპერიისა და ბოსნიის დაპყრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობა (1461)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1461 წელს, ოსმალეთის არმიამ კვლავ მეჰმედის მეთაურობით, ალყა შემოარტყა ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქ ტრაპიზონს. ოსმალეთის არმია ტრაპიზონისას ბევრად აღემატებოდა, ამიტომ მეჰმედის გამარჯვება არავის გაუკვირდებოდა.

ტრაპიზონის იმპერია საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1456 წელს, ოსმალებმა ტრაპიზონი გაძარცვეს, ამიტომ იმპერატორ დავითს ქალაქის წესიერად დაცვა არ შეეძლო, ხოლო ოსმალეთის არმიის შემოტევები ძალზე ძლიერი იყო.

ოსმალებმა ტრაპიზონი 26 ოქტომბერს აიღეს. ტრაპიზონის იმპერია ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი სანჯაყად გადაიქცა. მეჰმედმა ტყვედ წაიყვანა იმპერატორი მის შვილებთან ერთად. მან ბევრი სცადა, თუმცა დავითი ვერ დაიყოლია ისლამის მიღებაზე და 1 ნოემბერს, შვილებთან ერთად სიკვდილით დაასჯევინა.

ბოსნიის დაპყრობა (1463)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მას შემდეგ, რაც იშტვან ბრანკოვიჩი ტახტიდან ჩამოაგდეს, მისი დაკავება ბოსნიის ტახტის მემკვიდრე სტეპან ტომაშევიჩმა მოისურვა, რამაც მეჰმედის განრისხება გამოიწვია და მან სერბეთი საბოლოოდ დაიპყრო.

1461 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა სტეპანის მამა და ტახტზე იგი ავიდა. მან მალევე გააფორმა ალიანსი უნგრეთის სამეფოსთან და ამასთან ერთად, დახმარება სთხოვა რომის პაპ პიუს II-ს, რადგან გრძნობდა საფრთხეს ოსმალეთის მხრიდან. მაგრამ პიუსმა უარი უთხრა ბოსნიას. 1463 წელს ბოსნიელებმა ჩვეულებრივად გადაუხადეს ხარკი ოსმალებს, თუმცა ამავე წელს სტეპანმა დახმარება სთხოვა ვენეციას, მაგრამ მისგანაც უარი მიიღო.

მალე ოსმალეთის არმია სულთან მეჰმედის ხელმძღვანელობით ბოსნიაში შეიჭრა. სატახტო ქალაქი, ბობოვაცი მალევე დაეცა და სტეპანის არმიას უკან დახევა მოუხდა. ოსმალეთის არმიის მძლავრმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და მათ მალე მთელი ბოსნიის სამეფო დაიკავეს და მეჰმედმა იგი მალევე აქცია ოფიციალურად ოსმალეთის იმპერიის ნაწილად.

ვენეცია-ოსმალეთის ომი (1463-1479)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1463 წელს ოსმალეთსა და ვენეციის რესპუპლიკასა და მის მოკავშირეებს შორის დაიწყო ომი, რომელიც 1479 წლამდე გაგრძელდა. ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო საბერძნეთი და ალბანეთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კუნძული ევბეა, რომელიც ვენეციას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. ამასთან ერთად, ომის მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა ოსმალეთის იმპერიის ფლოტი, რომელსაც უკვე შეეძლო პრეტენზიის გამოცხადება და ვენეციის ფლოტისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეგეოსის ზღვაზე ბატონობისთვის. თუმცა ვენეციამ მოახერხა და გადაარჩინა კვიპროსის სამეფო. ომი დასრულდა 1479 წლის 25 იანვარს კონსტანტინოპოლის ხელშეკრულებით.

რომის პაპმა პიუს II-მ გააერთიანა რამდენიმე ევროპული ქვეყანა ოსმალეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად, რათა გაენთავისუფლებინათ კონსტანტინოპოლი. მან მოახერხა კიდეც ევროპული ქვეყნების გაერთიანება და შეხვედრიდ ადგილად ანკონა დათქვა, თუმცა მალევე გარდაიცვალა და ვერ მოახერხა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა ვენეციის მეთაურობით ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც დაიწყო.

პირველად, ვენეციის არმია მორეის დესპოტატში დაბანაკდა. გაერთიანებულმა ძალებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ სულთან მეჰმედმა ამაზე სწრაფადვე მოახდინა რეაგირება. მან უბრძანა იმპერიის დიდ ვეზირ ველი მაჰმუდ-ფაშას არმიის შეკრება და ვენეციის ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, რომლებსაც უკვე დაკავებული ჰქონდათ დარდანელის სრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მაჰმუდ-ფაშამ მოახერხა ვენეციელთა დამარცხება და მუსრი გაავლო მათ ფლოტს. ისინი იძულებულნი გახდნენ კვლავ უკან დაეხიათ და თავიდან ეღიარებინათ ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები.

შკოდერის ალყა

1466 წელს მეჰმედი ოსმალეთის არმიასთან ერთად ალბანეთისკენ დაიძრა. ალბანელები საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ოსმალებს და რაღაც დროის განმავლობაში იძულებულიც კი გახადეს ცოტა ხნით უკან დაეხია. მაგრამ ძალიან მალე ოსმალებმა კვლავ განაახლეს შეტევა, რომელსაც ალბანელები მაინც იგერიებდნენ. 1467 წლის ბოლოს ალბანეთში სასიკვდილო ეპიდემია გავრცელდა და მათი წინააღმდეგობა შესუსტდა. ამიტომ, ოსმალებმა იოლად მოახერხეს დაეკავებინათ ალბანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი.

1470 წელს ოსმალებმა ბრძოლა დაიწყეს ევბეას დასაპყრობად. თავდაპირველად ოსმალებს გაუჭირდათ, მაგრამ 1471 წელს სულთან მეჰმედის მეთაურობით ოსმალეთის არმიამ მოახერხა ევბეას დაპყრობა.

1474-1479 წლებში მეჰმედმა საბოლოოდ დაიპყრო ალბანეთი. 1478-1479 წლებში მათ ალბანეთის ქალაქი შკოდერი დაიპყრეს და ამით დასრულდა ალბანეთის დაპყრობა. და ამის შემდეგ დაიდო ხელშეკრულება ოსმალეთსა და ვენეციას შორის.

ხელშეკრულების თანახმად, ვენეციამ აღიარა ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ალბანეთი და ევბეა, დათმო საბერძნეთი, ხოლო ვენეციამ მოახერხა კვიპროსის სამეფოს შენარჩუნება.

ომი მოლდავეთთან (1475-1476)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1456 წელს, პეტრუ III არონი დათანხმდა ოსმალეთისთვის ყოველწლიურად 2000 დუკატის ხარკის სახით გადახდაზე. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ მოლდოვეთის სამხრეთ საზღვრებზე მშვიდობა უზრუნველყო. ამით იგი გახდა პირველი მოლდაველი მმართველი, რომელიც დაემორჩილა ოსმალეთს. მაგრამ, პეტრუს მემკვიდრე სტეფან დიდი არ აპირებდა ოსმალეთისთვის ხარკის გადახდას. მის ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სისხლისმღვრელი ბრძოლების სერია. სტეფანს სურდა, რომ ვლახეთიც საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია და პრეტენზიას აცხადებდა მის ტახტზე. ვლახეთის მმართველებს კი განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ — ზოგი მხარს უნგრეთს უჭერდა, ზოგი სტეფანს და ზოგიც ოსმალეთის მხარეს იყო.

მეჰმედ II-მ ვლახეთის საქმეში ჩარევისთვის სტეფანის დასჯა გადაწყვიტა. 1475 წელს ოსმალეთის არმია ჰადიმ-ფაშას მეთაურობით მოლდავეთისაკენ დაიძრა, თუმცა 10 იანვარს არმია განადგურდა ვასლუის ბრძოლაში. ოსმალებს დროებით უკან დახევა მოუხდათ. მეჰმედმა შეკრიბა დიდძალი ჯარი და მეორედ 1476 წლის ივნისში დაიძრა მოლდავეთისაკენ. ამავდროულად, ოსმალების ჯარის დასახმარებლად ყირიმიდანაც გაიგზავნა ჯარი. რომაული წყაროს მიხედვით, ოსმალთა ეს შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ სხვა წყაროების მიხედვით, ოსმალებისა და ყირიმელი თათრების გაერთიანებულმა არმიამ ბესარაბია აიღო და დუნაის სამხრეთ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.

საბოლოოდ, სტეფანისა და მეჰმედის არმია ერთმანეთის წინაშე აღმოჩნდნენ. ოსმალები შევიდნენ ცეცხლწაკიდებულ ტყეში, რასაც მცირე დანაკარგი მოჰყვა. მოლდაველებმა მტერი კიდევ რამდენიმეჯერ მოიგერიეს ცეცხლის დახმარებით. ბრძოლაში გარდამტეხი როლი იანიჩრებმა ითამაშეს, რომელთაც მოახერხეს ტყეში შეღწევა და მუსრი გაავლეს მოლდავეთის არმიას. სტეფანის არმია მთლიანად განადგურდა. დანაკარგი ორივე მხარეს ძალიან მაღალი იყო. ბრძოლის ქრონიკებში ნათქვამია, რომ მთელი ბრძოლის ველი მოკლულთა ძვლებით იყო დაფარული. ამის შედეგად გაჩნდა ტოპონიმი —„თეთრი ველი“.

სტეფან დიდი იძულებული გახდა მოლდოვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაეხია, სადაც მან ახალი ჯარის ჩამოყალიბება დაიწყო. ოსმალებმა ვერ მოახერხეს მოლდავეთის მთავარ ციხე-სიმაგრეებში გამაგრება და მუდმივად შევიწროებულნი იყვნენ მოლდოველთა წვრილ-წვრილი შემოტევებისაგან. მალე არმია შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა. მეჰმედი იძულებული გახდა უკან, ოსმალეთის მიწაზე დაბრუნებულიყო. უკან დახევის მიუხედავად, ვლახეთში სტეფანისგან გამოწვეული საფრთხე აღარ არსებობდა.

ყირიმის სახანოს შემოერთება (1475)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქული ტომების ნაწილი, რომელთან ყირიმელ თათრებს უწოდებდნენ, ადრეული შუა საუკუნეებიდან ცხოვრობდნენ ნახევარკუნძულზე. თემურლენგის მიერ ადრეულ XV საუკუნეში ოქროს ურდოს გაუქმების შემდეგ, ყირიმელებმა დააარსეს დამოუკიდებელი ყირიმის სახანო ჰაჯი I გირაის მეთაურობით, რომელიც იყო ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი.

ყირიმელი თათრები აკონტროლებდნენ ტერიტორიებს ყუბანიდან მდინარე დნესტრამდე, თუმცა მათ ვერ მოახერხეს კონტროლის დამყარება გენუურ ქალაქებ-კოლონიებზე, რომელთაც გაზარია ეწოდებოდა და გენუელთა კონტროლის ქვეშ 1357 წლიდან იყო. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, გენუა ვეღარ ახერხებდა ეკონტროლებინა საკუთარი კოლონიები ყირიმის საზღვართან. ამით ისარგებლეს ყირიმელებმა და დახმარება სთხოვეს ოსმალეთის იმპერიას. 1475 წელს ოსმალეთის არმია გედიკ აჰმედ-ფაშას მეთაურობით გაზარიისკენ დაიძრა. ოსმალეთის არმიამ დაიკავა ქალაქები კაფა, ბალაკლავა, სოლდაია და ტანა, განადგურებულ იქნა სამთავრო ფეოდორი. ოსმალებმა ააოხრეს და გაძარცვეს მისი დედაქალაქი მანგული. ამის შემდეგ, ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს ყირიმის ხანი მენგლი I გირაი. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ყირიმელებმა აღიარეს სულთნის მიმართ ვასალური დამოკიდებულება. ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგაც, ყირიმელები საკმაოდ ფართო ავტონომიით სარგებლობდნენ. მათ კვლავ ჰყავდათ საკუთარი მმართველი — ხანი, რომელიც ოსმალეთის სულთნის მიერ ინიშნებოდა.

სულთან მეჰმედი და მისი შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაიაზიდი
ჯემი

1447 წელს მეჰმედს, სითი მიუქრიმე ხათუნისგან ეყოლა შეჰზადე ბაიაზიდი, 1450 წელს გულშაჰ ხათუნისაგან ეყოლა შეჰზადე მუსტაფა და 1459 წელს ჩიჩეკ ხათუნისგან ეყოლა ჯემ სულთანი. მან ბაიაზიდი ამასიის, ხოლო მუსტაფა ქარამანის სანჯაყ-ბეიდ დანიშნა (წლები უცნობია). 1469 წელს კი ჯემი კასთამონუში გაგზავნა.

1474 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მუსტაფა. მის მაგივრად მეჰმედმა ქარამანის სანჯაყ-ბეიდ ჯემი დანიშნა, ხოლო ბაიაზიდი კვლავ ჩვეულებრივად განაგრძობდა ამასიის მართვას.

ვინაიდან და რადგანაც მეჰმედმა ქარამანი ჯემს ჩააბარა, ის ტახტის მემკვიდრე გახდა, რადგან მისი სანჯაყი ბევრად ახლოს იყო დედაქალაქიდან ვიდრე ბაიაზიდისა. ამიტომ მამის გარდაცვალების შემდეგ დედაქალაქში ის უფრო სწრაფად ჩავიდოდა და დაიკავებდა სულთნის ტახტს.

1481 წელს მეჰმედი გარდაიცვალა. დიდმა ვეზირმა ორივე შეჰზადესთან შიკრიკი გაგზავნა. ყველა ჯემს ელოდა დედაქალაქში, მაგრამ ბაიაზიდის მომხრეებმა მაცნე შეაყოვნეს და შედეგად, ბაიაზიდი ჩავიდა დედაქალაქში და დაიკავა სულთნის ტახტი. ჯემი ერთ დამარცხებას არ შეეგუა და ჯარი შეაგროვა ძმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისმა არმიამ ერთხელ დაამარცხა სულთნის არმია, მაგრამ ბაიაზიდის არმიამ მოახერხა მისი მომხრეების პოვნა და დახოცვა, ხოლო ჯემმა თავი ეგვიპტეს შეაფარა.

ის 14 წლის განმავლობაში იბრძოდა ტახტისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ძმას ვერ აგდებდა ტახტიდან. 1495 წელს კი, ბაიაზიდი მიხვდა, რომ მის ტახტს სერიოზული საფრთხე ექმნდებოდა და ჯემი მოაწამვლინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]