შინაარსზე გადასვლა

სულეიმან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულეიმან II
سليمان ثانى
ოსმალეთის მე-20 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1687
მმართ. დასასრული: 1691
წინამორბედი: მეჰმედ IV
მემკვიდრე: აჰმედ II
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: ფაზილ მუსტაფა-ფაშა
(16871691)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 აპრილი 1642
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 22 ივნისი 1691
გარდ. ადგილი: ედირნე, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ჰატიჯე ხათუნი
ბეჰზათ ხათუნი
ივაზ ხათუნი
სიულუინ ხათუნი
შეჰსიუვარ ხათუნი
ზეინეფ ხათუნი
დინასტია: ოსმანები
მამა: იბრაჰიმ I
დედა: სალიჰა დილაშუბ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

სულეიმან II (თურქ. Süleyman II; დ. 15 აპრილი, 1642, სტამბოლი — გ. 22 ივნისი, 1691, ედირნე) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1687–1691 წლებში, იბრაჰიმ I-ისა და სალიჰა დილაშუბ სულთნის ვაჟი, სულთან მეჰმედ IV-ის უმცროსი ძმა.

სულეიმან II დაიბადა 1642 წელს, თოფქაფის სასახლეში, სტამბოლში. ის იყო სულთან იბრაჰიმის მეორე ვაჟი. 1648 წელს იბრაჰიმი ტახტიდან ჩამოაგდეს და შეცვალეს მისი 6 წლის ვაჟით, მეჰმედით. ამის შემდეგ სულეიმანი და მისი დანარჩენი ძმები თითქმის 40 წლის განმავლობაში, 1648-1687 წლებში, მეჰმედ III-ის მიერ შემოღებული ტრადიციის მიხედვით, გამოკეტილნი იყვნენ თოფქაფის სასახლის კაფესში, სპეციალურ გისოსებში. მიუხედავად ამისა, სულეიმანი მეჰმედ IV-ის მემკვიდრედ განიხილებოდა, რადგან 1617 წლიდან მოყოლებული ოსმალეთის სასულთნო ტახტის მემკვიდრედ დინასტიის ყველაზე უფროსი შეჰზადე ითვლებოდა. მისი ტახტზე აყვანა რამდენიმეჯერ სცადეს იანიჩრებმა, მაგრამ 1687 წლამდე მიზანს ვერ მიაღწიეს.

ჰაბსბურგთა ავსტრიის წინააღმდეგ დაწყებული დიდი თურქული ომის წარუმატებლობის გამო, 1687 წლის ნოემბერში, სულთან მეჰმედ IV იანიჩრებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და სულთნობა სწორედ სულეიმანს უბოძეს.

სულეიმან II სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული, მან გაატარა რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა, რომლებსაც არანაირი კარგი შედეგი არ მოუტანიათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიისათვის. სულეიმანი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და დროის უმეტესობას ლოცვაში ატარებდა, ხოლო სახელმწიფო საქმეებს განაგებდნენ მისი ვეზირები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილია ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა (1689-1691 წწ.).

მისი მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერია იბრძოდა რუსეთის სამეფოს, ჰაბსბურგთა ავსტრიისა და პოლონეთის წინააღმდეგ. 1688 წელს ოსმალები დაუპირისპირდნენ ავსტრია-პოლონეთის გაერთიანებულ არმიას მდინარე დუნაის პირას. ბრძოლამდე 2 თვით ადრე სულეიმანმა დახმარების წერილი გაუგზავნა დიდ მოგოლთა იმპერატორს, აურანგზებს, მაგრამ უარი მიიღო. თურქები სასტიკი მარცხი განიცადეს და დაკარგეს ბელგრადი. 1690 წელს ფაზილ მუსტაფა-ფაშას სარდლობით მათ შეძლეს ბელგრადის დაბრუნება, მაგრამ მცირე ხნით.

სულთანი გარდაიცვალა 1691 წელს გულის წყალმანკით, თავის საყვარელ ედირნეს სასახლეში. დაკრძალეს სულეიმანიეს მეჩეთში. მის შემდეგ ოსმალეთის სულთანი გახდა მისი უმცროსი ძმა, აჰმედ II.

  • Ali Kemal Meram, Padişah Anaları: Resimli Belgesel Tarih Romanı, Öz Yayınları, 1977