თოფქაფის სასახლე
თოფქაფის სასახლე (თურქ. Topkapı Sarayı — „სათოფე სასახლე“, ახლომდებარე კარიბჭის სახელით) მდებარეობს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი). იყო ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი 1465–1853 წლებში. თოფქაფის სასახლის მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, დასრულდა 1465 წელს. სასახლე მდებარეობს სარაგლიოს კონცხზე, ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, წარმტაცი ხედით ბოსფორზე. შედგება უამრავი მცირე ზომის შენობისა და ოთხი დიდი მოედნისაგან.
პირველი მოედანი (Alay Meydanı) მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს ბაბ-ი-ჰიუმაიუნ (Bab-ı Hümayun - იმპერიული კარიბჭე) ჰქვია. თოფქაფის სასახლის გარდა პირველ მოედანზე ასევე საიმპერიო ზარაფხანა მდებარეობს (1727), ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე), ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან (მათ შორის გულჰანის ბაღჩა, ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი) ერთად.
სალამის დიდ კარიბჭეს (Babüsselam) მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ (Divan Meydanı) მივყავართ. ეს მოედანი პარკია შემორტყმული სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, მცველთა საგომით, საჯინიბოთი, საიმპერატორი ჰარამხანითა და სავეზიროთი ჩრდილოეთით, ხოლო სამზარეულოებით კი სამხრეთით.
ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს - წარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები (Has Oda), რომელშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა ცენტრში.
მეოთხე მოედანი სულთანის პირადი ბაღი იყო და შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან.
თოფქაფის სასახლეში ასევე არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის წმინდა ნივთებია და პირველი კალიფსი, სატახტო ოთახი (Arz Odası) ჰარამხანაში, რომელსაც სულთანი იყენებდა უცხო სტუმრებისა და ელჩების მისაღებად, ასევე მურად IV-ის აშენებული ბაღდადის პავილიონი მეოთხე მოედანზე.
1853 წელს სულთან აბდულმეჩითმა გადაწყვიტა თავისი რეზიდენცია ახლად აშენებულ და თანამედროვე დოლმაბაჰჩის სასახლეში გადაეტანა. ამჟამად თოფქაფი გადაკეთებულია იმპერიული ერის მუზეუმად და სტამბოლის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში თავის დროს მსოფლიოს უძლიერესი მმართველები ცხოვრობდნენ სხვა სამეფო სასახლეებისგან (შენბრუნის სასახლე და ექსტრავაგანტური ვერსალი) განსხვავებით ის გამოირჩევა ჰუმანური პროპორციებით, სადა ინტერიერითა და მიზნობრივი განლაგებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სასახლის ფოტოები დაარქივებული 2005-11-24 საიტზე Wayback Machine.