მაკედონია (რომის პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომის მაკედონიის რუკა
იმპერატორ ადრიანეს დროინდელი რომის კოლონიების რუკა

მაკედონია (ლათ. Macedonia) — რომის რესპუბლიკის, შემდეგ კი რომის იმპერიის პროვინცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია მაკედონია წარმოიქმნა ამავე სახელწოდების სამეფოს ადგილას რიგი მაკედონური ომების შედეგად. რომის სამხედრო ექსპანსიას ბალკანეთზე მოჰყვა მაკედონიასთან დაპირისპირება. ჯერ კიდევ მეორე პუნიკური ომის დროს გაჩაღდა პირველი ომი მაკედონიასთან (ძვ. წ. 215-205 წლებში), რომელმაც არც ერთი მხარისთვის არ გამოიღო შედეგი. მაგრამ უკვე ხუთი წლის შემდეგ რომმა მიიღო იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ძალების კონცენტრირება მაკედონიაზე მოეხდინა და მეორე მაკედონური ომის შედეგად (ძვ. წ. 200-196 წლები) მაკედონიას თავისი ისტორიული საზღვრების გარეთ ყველა სამფლობელო ჩამოართვა. ძვ. წ. 179 წელს ძალაუფლების სათავეში მოსულმა ახალგაზრდა და აქტიურმა მეფე პერსევსმა სცადა მაკედონიის ძველი დიდების დაბრუნება, რის შედეგადაც დაიწყო მესამე მაკედონური ომი (ძვ. წ. 171-168 წლები), რომელიც თავდაპირველად მაკედონელთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა — ლარისთან ბრძოლაში პუბლიუს ლიცინიუს კრასუსის ჯარები მთლიანად განადგურდა. მიუხედავად ამისა, უკვე ძვ. წ. 169 წელს კონსული კვინტუს მარციუს ფილიპუსი შეიჭრა მაკედონიაში, მაგრამ თავი აარიდა გადამწყვეტ ბრძოლას იმ მიზეზით, რომ მეომრები ლაშქრობის გამო მეტად გადაღლილნი იყვნენ. ომის ბედი მომავალ წელს გადაწყდა, როცა პიდნასთან ბრძოლაში კონსულ ლუციუს ემილიუს პაულუს მაკედონიკუსის ლეგიონებმა მაკედონელთა რიგები გატეხა, თვითონ მეფე პერსევსი კი თავისივე დიდებულებმა გასცეს. მაკედონიის სამეფო გაიყო ოთხ რესპუბლიკად, რომლებიც რომის მფარველობის ქვეშ მოექცა.

ძვ. წ. 150 თვითმარქვია ანდრისკუსმა თავი მეფე პერსევსის შვილად გამოაცხადა და თრაკიელი დაქირავებულების დახმარებით მაკედონიას ჩაუდგა სათავეში. რომმა ანდრისკუსის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა კვინტუს ცეცილიუს მეტელუს მაკედონიკუსის მათაურობით, რითიც მეოთხე მაკედონური ომი გააჩაღა (ძვ. წ. 150-148 წლები). ძვ. წ. 148 წელს ანდრისკუსის ჯარები დამარცხდნენ, თვითონ ანდრისკუსი კი ტყვედ ჩაიგდეს. ორი წლის შემდეგ (ძვ. წ. 146 წელს) მაკედონიამ დაკარგა დამოუკიდებლობის ილუზია და ოფიციალურად გახდა რომის რესპუბლიკის პროვინცია. მაკედონიის სამეფოს გარდა პროვინციის შემადგენლობაში შევიდა ტერიტორიები ეპირი, თესალია, ასევე ილირიისა და თრაკიის ნაწილი.

დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად, 293 წელს მაკედონია გაიყო ორ პროვინციად: პირველი მაკედონია (ლათ. Macedonia Prima) სამხრეთით და მეორე მაკედონია (ლათ. Macedonia Salutaris) ჩრდილოეთით. ისინი შევიდა მაკედონიის დიოცეზში — ერთ-ერთში იმ სამი დიოცეზიდან, რომლებიც ილირიის პრეფექტურაში შედიოდა, რომელიც, თავის მხრივ, 318 წელს შეიქმნა. როდესაც 379 წელს ილირიის პრეფექტურა გაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ილირიებად, მაკედონიის პროვინციები აღმოსავლეთ ილირიაში შევიდა. იმპერიის გაყოფის შემდეგ, 395 წელს მაკედონია აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოხვდა.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის მაკედონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, თესალონიკის მფარველი, რომელმაც მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო 306 წელს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსის დროს პროვინციაში დაიწყო მშვიდობის, აყვავებისა და სიმდიდრის ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა პროვინციის როლი რომის ეკონომიკაში გაცილებით უფრო პატარა იყო, ვიდრე მცირე აზიის მეზობლებისა.

ეკონომიკის ზრდა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეგნატიის გზის აგების შემდეგ, რომელიც ბალკანეთს კვეთდა ადრიატიკის ზღვიდან ბოსფორამდე და რომელიც ილირიის, მაკედონიისა და თრაკიის ტერიტორიაზე გადიოდა. გზასთან ერთად რეგიონში გაჩნდა კოლონიების მთელი რიგი. ვრცელ მიწებზე განვითარდა სოფლის მეურნეობა. კეთილდღეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ხელოსნების რაოდენობაც. მაკედონია ცნობილი იყო თავისი კატალოზებით, მაღაროელებითა და მჭედლებით. ბერძნები ასევე მთელ რომის იმპერიაში ცნობილნი იყვნენ, როგორც კარგი მასწავლებლები და ექიმები.

მაკედონიიდან ძირითადად ხდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე რკინის, სპილენძისა და ოქროს ექსპორტი. უფრო ნაკლები რაოდენობით ექსპორტირდებოდა ხე, ფისი, კუპრი, კანაფი, სელი და თევზი.

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]