რომის პროვინციები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომის იმპერიის ტერიტორიული ცვლილებები დროის მიხედვით

რომის პროვინციებიიტალიის ფარგლებს გარეთ მდებარე რომის ხელქვეითი ტერიტორია, რომელსაც საგანგებო მოხელე მართავდა. პირველი რომის პროვინციები იყო კუნძლები: სიცილია (ძვ. წ. 241 წლიდან), კორსიკა და სარდინია (ძვ. წ. 227 წლიდან). რესპუბლიკის ხანის მიწურულისათვის მათი რიცხვი ოცამდე გაიზარდა. გადასახადების ამკრებნი ძარცვვდნენ რომის პროვინციის მოსახლეობას, რომლის ნაწილი მონებადაც იყიდებოდა. ხდებოდა პროვინციების იძულებითი რომანიზაცია.

რომის პროვინციების მმართველებად ყოველწლიურად იგზავნებოდნენ პროკონსულები და პროპრეტორები, რომლებიც უკონტროლოდ მართავდნენ მათ. პროვნციათა ზედაფენის რომთან დაკავშირების მიზნით იულიუს კეისარმა დაიწყო მათთვის რომის მოქალაქეობის ან ლათინური მოქალაქეობის მინიჭება, მათი სენატში შეყვანა და გადასახადის ამკრებთა თვითნებობის შეზღუდვა (ძვ. წ. 59 წლის კანონი გამომძალველთა შესახებ). ავგუსტუსმა რომის პროვინციები დაყო (ძვ. წ. 27 წელი) სენატისეულ და საიმპერატორო პროვინციებად, რომელთაგან უკანასკნელნი ძირითადად საზღვრისპირა პროვინციები იყო და მათ იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები, პროკურატორები, მართავდნენ, არსებითად კი ყველა პროვინცია საიმპერატორო კონტროლს დაექვემდებარა.

პროვინციათა და ცენტრის თანდათანობით ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გათანაბრება დასრულდა დიოკლეტიანეს დროს (III საუკუნე), როდესაც მთელი რომის იმპერია, იტალიის ჩათვლით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად – პროვინციებად (რომელთა საზღვრები რომის პროვინციების საზღვრებს არ ემთხვეოდა) დაიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: