შინაარსზე გადასვლა

მეორე პუნიკური ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეორე პუნიკური ომი
პუნიკური ომების ნაწილი

რომი და კართაგენი ძვ. წ. 218 წელს
თარიღი ძვ. წ. 218 ძვ. წ. 202
მდებარეობა იტალია, ესპანეთი, ცისალპიური გალია, ტრანსალპიური გალია, აფრიკა
შედეგი რომაელთა გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
კართაგენის კოლონიების რომის მიერ შეერთება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
პუბლიუს კორნელიუს სციპიონი†,
ტიბერიუს სემპრონუს ლონგუსი,
პუბლიუს კორნელიუს სციპიონი აფრიკელი,
გაიუს ფლამინიუსი†,
ფაბიუს მაქსიმუსი,
მარკუს კლავდიუს მარცელუსი†,
ლუციუს ემილიუს პაულუსი†,
გაიუს ტერენციუს ვარონი,
მარკუს ლივიუს სალინატორი,
გაიუს კლავდიუს ნერონი,
გნეუს კორნელიუს სციპიონ კლავუსი†,
მასინისა
ჰანიბალ ბარკა,
ჰასდრუბალ ბარკა†,
მაგო ბარკა†,
ჰასდრუბალ გისკო,
მაჰარბალი,
სიფაქსი,
ჰანო უფროსი
მეორე პუნიკური ომი ვიკისაწყობში

მეორე პუნიკური ომი (ომი ჰანიბალის წინააღმდეგ) მოხდა კართაგენსა და რომს შორის ძვ. წ. 218-დან ძვ. წ. 202 წლებში. ეს იყო სამი პუნიკური ომიდან მეორე, ომებს პუნიკური ეწოდა რადგან რომაელები კართაგენელებს პუნიკებს (Punici) უწოდებდნენ.

ძვ. წ. 218 წელს მთელი სამხრეთ ესპანეთი ქალაქ საგუნტუმის გარდა კართაგენს ემორჩილებოდა. იმ დროს ესპანეთის მმართველი ჰანიბალი იყო. ჰანიბალმა კარგად იცოდა რომ საგუნტუმის დაკავების მცდელობა რომთან ომს გამოიწვევდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან ძვ. წ. 218 წელს გაილაშქრა ამ ქალაქზე. ამან მეორე პუნიკური ომის დაწყება გამოიწვია. რომაული ჯარი ორად უნდა გაყოფილიყო, ერთი ნაწილი ერთ კონსულს აფრიკისკენ უნდა წაეყვანა, ხოლო მეორე ნაწილი კი ზღვით ესპანეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ ჰანიბალის მოქმედებებმა ეს გეგმა ჩაშალა.

ძვ. წ. 218 წლის გაზაფხულს ჰანიბალი იტალიისკენ დაიძრა არმიით, რომელშიც 80 ათასი ფეხოსანი, 12 ათასი ცხენოსანი და 37 საბრძოლო სპილო იყო. ალპებზე გადასვლას ჰანიბალის არმია 33 დღე მოუნდა, თან დანაკარგებიც უდიდესი იყო, ჰანიბალს მხოლოდ 20 ათასი ქვეითი, 6 ათასი ცხენოსანი და ორიოდე სპილო დარჩა.

რომაულ ჯართან პირველი ორი ბრძოლა ტრებიუსის და ტიცინუსის მდინარეებთან ჰანიბალმა მოიგო და მომდევნო წლის გაზაფხულზე გაილაშქრა ეტრურიისკენ. გაიუს ფლამინიუსი თავისი ჯარით დაედევნა ჰანიბალს, ამ უკანასკმელმა კი რომაელები შეიტყუა ვიწყო ველზე ტრასიმენის ტბასა და ბორცვებს შორის, სადაც სასტიკად დაამარცხა რომაელები. როდესაც რომში ამის შესახებ შეიტყვეს, ქალაქში პანიკა დაიწყო, მაგრამ ჰანიბალს არ უცდია რომის დაპყრობა, რადგან ხანგრძლივი ალყა დამატებითი რესურსების გარეშე სარისკო იყო. იგი გაემართა სამხრეთით და ცდილობდა იტალიკების რომაელების წინააღმდეგ განწყობას და მათ გამოყენებას.

რომის ჯარს სათავეში დიქტატორი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი ჩაუდგა. იგი ჰანიბალის ჯარს ფეხდაფეხ მისდევდა, ანადგურებდა სურსათის საწყობებს, თავს ესხმოდა მცირე რაზმებს, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამ ტაქტიკის წარმატებულობისა, კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს დიქტატორობის ვადა არ გაუგრძელეს. ძვ. წ. 216 წელს არჩეული იყვნენ ახალი კონსულები, რომლებიც ერს ომის მოკლე ვადაში დასრულებას დაპირდნენ. იმავე წლის ივლისში კანებთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჰანიბალმა ისევ გაიმარჯვა.

ამ ბრძლის შემდეგ ჰანიბალის მხარეს გადავიდა სამხრეთ იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სიცილიაში -სირაკუზა, მაკედონიელებმა კი შესთავაზეს სამხედრო დახმარება. მიუხედავად ამისა, ეს აღმოჩნდა ჰანიბალის უკანასკნელი დიდი წარმატება, კართაგენის მთავრობამ არ დაუჭირა მას მხარი და არ მიაწოდა დამატებითი რეზერვები, რომაელებმა კი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის სტრატეგიით განაგრძეს ომი, რამაც უკვე ძვ. წ. 213 წლისთვის საშუალება მისცა მათ საბრძოლო მოქმედებები იტალიის ტერიტორიის გარეთ გადაეტანათ. ამ წელს მათ გადასხეს ჯარები სიცილიაში, ხოლო ძვ. წ. 211 წელს სირაკუზა ისევ დანებდა რომს.

ესპანეთში გაგზავნეს ახალგაზრდა მხედართმთავარი პუბლუის კორნელიუს სციპიონი, რომელსაც მოგვიანებით აფრიკელი შეარქვეს.

ძვ. წ. 209 წელს მან დაიკავა ახალი კართაგენი (ესპანეთში).

იტალიაშიც რომაელები უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ, მათ დაიბრუნეს ჰანიბალის მხარეს გადასული ქალაქების უმეტესობა. ჰანიბალის მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მისი ძმის ჯარები, რომლებიც ალპებით გადმოვიდა იტალიაში ჰანიბალის დასახმარებლად, რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს.

ძვ. წ. 205 წელს სციპიონი დაბრუნდა ესპანეთიდან და დაიწყო გეგმის ახალი ეტაპის - აფრიკაში გადასვლის განხორციელება. კართაგენის მმართველებმა დახმარება ჰანიბალს სთხოვეს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ 15 წლის მანძილზე არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, იძულებული გახდა ეღიარებინა იტალიის ლაშქრობის სრული კრახი.

ძვ. წ. 202 წლის გაზაფხულზე ზამასთან ბრძოლაში ჰანიბალი ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად დამარცხდა. მომდევნო წელს ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც კართაგენისთვის ძალიან დამამცირებელი იყო.

მეორე პუნიკური ომის შედეგად კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა ტერიტორია, ეკრძალებოდა რომის ნებართვის გარეშე ომების წარმოება და ჩამოერთვა მთელი ფლოტი და საბრძოლო სპილოები. რომი კი ამ ომის შედეგად ხმეთაშუა ზღვის ერთადერთი ჰეგემონი გახდა.

  • Bagnall, Nigel (1990). The Punic Wars. ISBN 0-312-34214-4. 
  • Goldsworthy, Adrian (2006). The Fall of Carthage. ISBN 978-03043-6642-2. 
  • Lazenby, John Francis (1978). Hannibal's War. 
  • Lancel, Serge (1995). Hannibal (French). 
  • Palmer, Robert E. A. (1997). Rome and Carthage at Peace. Stuttgart. 
  • Barceló, Pedro A. (1988). Karthago und die iberische Halbinsel vor den Barkiden: Studien zur karthagischen Präsenz im westlichen Mittelmeerraum von der Gründung von Ebusus bis zum Übergang Hamilkars nach Hispanien (German). Bonn. ISBN 3-7749-2354-X. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]