ედვარდ გრიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედვარდ ჰაგერუპ გრიგი

დაიბადა15 ივნისი, 1843
ნორვეგია, ბერგენი
გარდაიცვალა4 სექტემბერი, 1907
ბერგენი, ნორვეგია
ეროვნებანორვეგიელი
საქმიანობა კომპოზიტორი, პიანისტი
მეუღლე ნინა ჰაგერუპი
შვილები ალექსანდრე გრიგი(გარდაიცვალა 1 წლის)
მშობლები გესინა ჰაგერუპი და ალექსანდრე გრიგი

ედვარდ გრიგი (ნორვ. Edvard Hagerup Grieg; დ. 15 ივნისი, 1843 — გ. 4 სექტემბერი, 1907) — რომანტიკული ეპოქის ნორვეგიელი პიანისტი და კომპოზიტორი, განთქმული საფორტეპიანო კონცერტით ლა მინორში და „პერ გიუნტით“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედვარდ გრიგი, 1858.
ულე ბული.

ედვარდ გრიგი დაიბადა ნორვეგიის ქალაქ ბერგენში. გრიგი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა: დედამისი - ჯესინა ედვარდს 6 წლიდან ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა.

1858 წლის ზაფხულს მან გაიცნო თავის დროზე განთქმული მევიოლინე ულე ბული. მევიოლინემ 15 წლის მუსიკოსის ნიჭი შეამჩნია და ურჩია მუსიკოსობა და ლაიფციგის უნივერსიტეტში მოაწყო. ბერგენი, სადაც გრიგი დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გაატარა, ცნობილი იყო ეროვნული მხატვრული ტრადიციებით; განსაკუთრებით თეატრის სფეროში: აქ დაიწყეს მოღვაწეობა ჰენრიკ იბსენმა და ბიორნსტიერნე ბიორნსონმა; ბერგენში დაიბადა და ხანგრძლივად ცხოვრობდა ულე ბული. სწორედ მან პირველმა მიაქცია ყურადღება ედვარდის უჩვეულო მუსიკალურ ნიჭს (ბიჭუნა თორმეტი წლიდან თხზავდა) და ურჩია მშობლებს ჩაერიცხათ იგი ლაიფციგის კონსერვატორიაში, რაც შესრულდა 1858 წელს. მცირე შესვენებით გრიგი ლაიფციგში დარჩა 1862 წლამდე.

გრიგი უსიამოვნოდ იგონებდა შემდეგში კონსერვატორიაში სწავლის წლებს, სწავლების სქოლასტიკურ მეთოდებს, თავისი მასწავლებლების კონსერვატიზმს, მათ ჩამორჩენილობას ცხოვრებისაგან. გულკეთილი იუმორის ტონით აღწერა მან ეს წლები, ისევე როგორც თავისი ბავშვობა ავტობიოგრაფიულ ნარკვევებში სათაურით „ჩემი პირველი წარმატება“, ახალგაზრდა კომპოზიტორმა გამოიჩინა ძალა „განთავისუფლებულიყო ყოველგრვარი უვარგისი ხარახურისაგან, რაც მან შინ და უცხოეთში ღარიბული აღზრდით შეიძინა“ – ეს მას მცდარი გზისაკენ უბიძგებდა. „ამ ძალაში იყო ჩემი გადარჩენა, ჩემი ბედნიერება, - წერდა გრიგი – და როდესაც მე შევიცანი ეს ძალა, როგორც კი გავიცანი ჩემი თავი, - მე განვახორციელე ის. რასაც მსურს ჩემი ერთადერთი წარმატება ვუწუდო...“ მაგრამ ლაიფციგში ყოფნამ მას ცოტა როდი შესძინა: მუსიკალური ცხოვრების დონე ამ ქალაქში მაღალი იყო, და თუ არა კონსერვატორიაში, მის ფარგლებს გარეთ მაინც ეცნობოდა გრიგი თანამედროვე კომპოზიტორების მუსიკას, რომელთა შორის იგი ყველაზე მეტად შემანსა და შოპენს აფასებდა.

გრიგმა, როგორც კომპოზიტორმა, მეცადინეობა განაგრძო მაშინდელი სკანდინავიის მუსიკალური ცენტრში – კოპენჰაგენში. მისი ხელმძღვანელი გახდა ცნობილი დანიელი კომპოზიტორი, მენდელსონის თაყვანისმცემელი, მილს გადე (1817 - 1890), მაგრამ ეს მეცადინეობა არ აკმაყოფილებდა გრიგს: იგი ახალ გზებს ეძებდა ხელოვნებაში. რიკარდ ნურდროკთან შეხვედრა დაეხმარა მათ აღმოჩენაში - „თითქოს ამეხილა“, - ამბობდა იგი. ახალგაზრდა კომპოზიტორებმა ფიცი დასდეს მთელი ძალები შეეწირათ მუსიკაში ეროვნული ნორვეგიული საწყისის განვითარებისათვის, მათ ულმობელი ბრძოლა გამოუცხადეს რომანტიკულად შერბილებულ „სკანდინავიზმს“, რომელიც ამ საწყის გამოვლინების საშუალებთა ნიველირებას ახდენდა. გრიგის შემოქმედებით ძიებას მხურვალედ დაუჭირა მხარი ულე ბულმა – ნორვეგიაში ერთად მოგზაურობის დროს მან გააცნო თავის ახალგაზრდა მეგობარს ხალხური ხელოვნების საიდუმლოებანი.

ახალი იდეური მისწრაფებები მალე აღიბეჭდა კომპოზიტორის შემოქმედებაში. საფორტეპიანო „იუმორესკებში“ op.6 და სონატაში op.7 აგრეთვე სავიოლინო სონატაში op.8 და უვერტიურაში „შემოდგომით“ op.11. უკვე გამოკვეთით გამომჟღავნდა გრიგის სტილის ინდივიდუალური მხარეები. იგი კიდევ უფრო სრულყოფდა მათ თავისი ცხოვრების მომდევნო პერიოდში, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანიასთან (ახლანდელი ოსლო).

ედვარდ გრიგი, 1876.

1866 წლიდან 1874 წლამდე გრძელდებოდა მუსიკალურ-საშემსრულებლო და საკომპოზიტორო მოღვაწეობის ეს დაძაბული პერიოდი.

ჯერ კოდევ კოპენჰაგენში, ნურდროკთან ერთად გრიგმა ჩამოაყალიბა საზოგადოება „ევტერპა“, რომელიც მიზნად დაისახა ახალგაზრდა მუსიკოსთან თხზულებების პროპაგანდა. სამშობლოში დაბრუნებისას, ნორვეგიის დედაქალაქ ქრისტიანიაში, გრიგმა თავის მუსიკალურ-საზოგადოებრივ საქმიანობას უფრო ფართო გასაქანი მისცა. სათავეში ჩაუდგა ფილარმონიულ საზოგადოებას და ცდილობდა კლასიკასთან ერთად დაენერგა მსმენელთა ინტერესი და სიყვარული შუმანის, ლისტის, ვაგნერის წინამორბედებისადმი, რომელთა სახელები ნორვეგიაში ჯერ ცნობილი არ იყო, და აგრეთვე გაეცნო მათთვის ნორვეგიული ავტორების მუსიკაც. გრიგი გამოდიოდა აგრეთვე როგორც პიანისტი-შემსრულებელი საკუთარი ნაწარმოებებით, ხშირად თავის ცოლთან კამერულ მომღერად ნინა ჰაგერუპთან ერთად. მისი მუსიკალურ-საგანმანათლებლო მუშაობა ინტენსიურ საკომპოზიტორო საქმიანობასთან ხელჩაკიდებული მიმდინარეობდა. სწორედ ამ წლებში დაწერა საფორტეპიანო კონცერტი op.16, მეორე სავიოლინო სონატა op.13 (მისთის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწარმოები) და დაიწყო ვოკალური პიესების რვეულთა სერიებისა და აგრეთვე, როგორც ინტიმურ ლირიკული, ისე ხალხური-საცეკვაო ხასიათის საფორტეპიანო მინიატურების გამოცემა.

გრიგის დიდი და ნაყოფიერი მოღვაწეობა ქრისტიანიაში სათანადოდ ვერ შეაფასეს. მას შესანიშნავი მოკავშირეები ჰყავდა დემოკრატიული ეროვნული ხელოვნებისათვის მგზნებარე პატრიოტულ ბრძოლაში – უპირველეს ყოვლისა კომპოზიტორი სვებსენი და მწერალი ნიერსონი (უკანასკნელთან მას მრავალი წლის მეგობრობა აკავშირებდა), მაგრამ ბევრი მტრებიც – ძველი თაყვანისმცემლები, რომლებმაც თავისი ინტეგრირებით ჩაუშხამეს მას ქრისტიანობაში ყოფნის წლები. ამიტომ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა გრიგისათვის ის მეგობრული დახმარება, რაც მას ლისტმა აღმოუჩინა.

ედვარდ გრიგი - 1890.

ლისტი აბატის წოდების მიღების შემდეგ, ამ წლებში რომში ცხოვრობდა. იგი პირადად არ იცნობდა გრიგს, მაგრამ 1868 წლის დასასრულს მის პირველ სავიოლინო სონატას გაეცნო და მუსიკის სიახლით განცვიფრებულმა აღფრთოვანებული წერილი მისწერა ავტორს. ამ წერილმა დიდი როლი შეასრულა გრიგის ბიოგრაფიაში: ლისტის მორალურმა მხარდაჭერამ განამტკიცა მისი იდეურ-მხატვრული პოზიციები. 1870 წელს ისინი პირადად შეხვდნენ ერთმანეთს. თანამედროვე მუსიკაში ყოველივე ნიჭიერის კეთიშობილმა და დიდსულოვანმა მეგობარმა, განსაკუთრებით იმათმა მომხრემ, ვინც ეროვნულ საწყისს ამჟღავნებდა შემოქმედებაში, ლისმა მხურვალედ მიიღო გრიგის ახლად დამთავრებული საფორტეპიანო კონცერტი. მან განუცხადა: „ასევე განაგრძეთ, თქვენ გაქვთ ამისი მონაცემები, და – არავის შეუშინდეთ!...“

როდესაც თავის ნათესავებს უამბობდა ლისტთან შეხვედრაზე, გრიგი უმატებდა: „ამ სიტყვებს ჩემთვის უსაზღვრო დიდი მნიშვნელობა აქვთ. ეს, რაღაც დალოცვის მსგავსია. და არაერთხელ მოვიგონებ მე ამ სიტყვებს იმედების გაცრუებისა და მწუხარების დროს. ამ წუთების გახსენება ჯადოსნური ძალით გამამხნევებს განცდის ჟამს“.

გრიგი იტალიაში გაემგზავრა სახელწმიფო სტიპენდიის ხარჯზე, რამდენიმე წლის შემდეგ, სვენსენთან ერთად მან მუდმივი სახელმწიფო პენსია მიიღო, რამაც მისცა საშუალება განთავისუფლებულიყო მუდმივი სამსახურის ადგილიდან. 1873 წელს გრიგმა დატოვა ქრისტიანია, ხოლო მომდევნო წელს გადასახლდა მშობლიურ ბერგენში. იწყება მისი ცხოვრების მომდევნო, უკანასკნელი, ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც აღინიშნება დიდი შემოქმედებითი წარმატებებით საზოგადოებრივი აღიარებით სამშობლოში და საზღვარგარეთ. ეს პერიოდი იწყება იბსენის პიესა „პერ-გიუნტის“ მუსიკის შექმნით (1874-1875). სწორედ ამ მუსიკამ გაუთქვა გრიგს სახელი ევროპაში. „პერ-გიუნტის“ მუსიკასთან ერთად შეიქმნა მწვავე დრამატული საფორტეპიანო ბალადა op.24, სიმებიანი კვარტეტი op.27. სიუიტა „ჰოლბერგის დროიდან“ op.40, რიგი რვეულებისა საფორტეპიანო პიესებითა და ვოკალური ლირიკით, სადაც კომპოზიტორი სულ უფრო ხშირად მიმართავს ნორვეგიელი პოეტების ტექსტებს, და სხვა თხზულებები. გრიგის მუსიკამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, შეაღწია რა საკონცერტო ესტრადაზე და შინაურ ყოფაში; მის ნაწარმოებებს ბეჭდავს გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური გამომცემლობა, მრავლდება საკონცერტო მოგზაურობათა რაოდენობა. მისი მხატვრული დამსახურების აღიარებასთან დაკავშირებით გრიგს მთელი რიგი აკადემიების წევრად ირჩევენ: შვედეთისა 1872 წელს, ლეიდენისა (ნიდერლანდებში) 1883, საფრანგეთისა (1890) და ჩაიკოვსკისთან ერთად 1893 წელს – კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორად.

ედვარდ გრიგი, 1905.

დროთა განმავლობაში გრიგი სულ უფრო მეტად ერიდება დედაქალაქის ხმაურთან ცხოვრებას. საგასტროლო ტურნსთან დაკავშირებით მან მოიარა ბერლინი, ვენა, პარიზი, ლონდონი, პრაღა, ვარშავა, მაშინ როცა ნორვეგიაში იგი განმარტოებით ცხოვრობს, უმეტესად ქალაქგარეთ (ჯერ ლუფტჰუსში, შემდეგ ბერგენის მახლობლად თავის მამულში, რომელიც უწოდა ტროლდჰაუგენი, ესე იგი „ტროლების ბორცვი“); ძირითად დროს შემოქმედებას უთმობს. მაგრამ გრიგი მაინც არ ტოვებს მუსიკალურ-საზოგადოებრივ საქმიანობას. ასე მაგალითად, 1880-1882 წლების მანძილზე იგი ხელმძღვანელობდა ბერგენში საკონცერტო საოგადოებას „ჰარმონია“, ხოლო 1898 წელს იქვე ჩაატარა ნორვეგიული მუსიკის პირველი ფესტივალი (ექვსი კონცერტისაგან). მაგრამ წელთა მსვლელობაში იძულებული იყო ამაზედაც უარი ეთქვა: მისი ჯანმრთელობა შეირყა, ფილტვების დაავადება გახშირდა. გრიგი გარდაიცვალა 1907 წლის 4 სექტემბერს. მისი სიკვდილი ნორვეგიაში აღინიშნა, როგორც ეროვნული გლოვა.

ღრმა სიმპათიის გრძნობას იმსახურებს ედვარდ გრიგი – ხელოვანი და ადამიანი. გულისხმიერი, ფაქიზი ადამიანებთან დამოკიდებულებაში, თავის მოღვაწეობაში იგი გამოირჩეოდა პატიოსნებითა და პრინციპულობით და, თუმცა პირდაპირ მონაწილეობას არ იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რწმენით ყოველთვის დემოკრატი იყო. მშობლიური ხალხის ინტერესებს იგი ყველაზე მაღლა აყენებდა. სწორედ ამიტომ, იმ წლებში როდესაც საზღვარგარეთ გამოჩნდა დეკადენტური ზეგავლენით აღჭურვილი ტენდენციები, გრიგი გამოდიოდა, როგორც ერთ-ერთი დიდი რეალისტი ხელოვანი. „მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი იზმებისა“ - ამბობდა იგი ვანგერენიალებთან პოლემიკაში.

თავის მცირე რიცხოვან სტატიებში გრიგი ცოტა მოწსრებული ესთეტიკურ აზრებს როდი გამოთქვამს. იგი ქედს იხრის მოცარტის გენიის წინაშე, მაგრამ ამავე დროს ფიქრობდა, რომ ვაგნერთან გაცნობისას „ეს უნივერსალური გენიოსი, რომლის სული არასოდეს ეგუებოდა ფილისტერობას, ბავშვივით გაიხარებდა ახალ მოღვაწეთა გამო დრამისა და ორკესტრის სფეროში“. ი.ს. ბახი მისთვის თანამედროვე ხელოვნების „ქვაკუთხედს“ წარმოადგენს. შუმანში იგი პირველად ყოვლისა აფასებს მუსიკის „თბილ, ღრმად გულითად ტონს“. თავის თავსაც გრიგი შუმანის სკოლას მიაკუთვნებს. მელანქოლიისა და ოცნებისაკენ მიდრეკილება მას გერმანულ მუსიკასთან ანათესავებს. „თუმცა ჩვენ უფრო სიცხადე და სისხარტე გვიყვარს, - ამტკიცებს გრიგი, - ჩვენი მეტყველებაც კი ნათელი და ზუსტია. ჩვენ ხელოვნებაში“. ბევრ გულთბილ სიტყვებს პოულობდა იგი ბრამისატვის, ხოლო ვერდის ხელოვნებისადმი მიძღვნილ სტატიას იწყებს სიტყვენით: „წავიდა უკანასკნელი, უდიდესი“...

ედვარდ გრიგი (1891), ეილიფ პეტერსენი

განსაკუთრებით გულთბილი ურთიერთობა აკავშირებდა გრიგს ჩაიკოვსკისთან. მათ პირადად გაიცნეს ერთმანეთი 1888 წელს და ეს მალე ღრმა მეგობრულ გრძნობაში გადაიზარდა, რაც ჩაიკოვსკის გამოთქმით ორი მუსიკალური ნატურის უეჭველი შინაგანი ნათესაობით აიხსნება. „მე ვამაყობ, რომ თქვენი მეგობრობა დავიმსახურეო“, - წერდა იგი გრიგს. ის კი თავის მხრივ კიდევ ერთ შეხვედრაზე ოცნებობდა: „სადაც არ უნდა იყოს: რუსეთში, ნორვეგიაში თუ კიდევ სადმე სხვისგან!“... გრიგრისადმი პატივისცემის გრძნობა გამოხატა ჩაიკოვსკიმ, როდესაც მას უვერტიურა – ფანტაზია „ჰამლეტი“ მიძღვნა, მან შესანიშნავად დაახასიათა გრიგის შემოქმედება თავის „1888 წლის უცხოეთში მოგზაურობის ავტობიოგრაფიულ აღწერაში“.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცირე ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფორტეპიანო ნაწარმოებები (სულ 150-მდე)
  • ბევრი მცირე პიესა (op. 1, გამოცემული 1862 წელს); 70 შედის 10 „ლირიკულ რვეულში“ (გამოცემული 1870-დან 1901-მდე).

დიდი ფორმის ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სონატა e-moll op. 7 (1865)
  • ბალადა ვარიაციის ფორმით op. 24 (1875)
  • საფორტეპიანო ნაწარმოები 4 ხელში
  • სიმფონიური პიესები op.14
  • ნორვეგიული ცეკვები op. 35
  • ვალსი – კაპრისები (2 პიესა) op.37
  • ძველი ნორვეგიული რომანსი ვარიაციებით ოპ. 50 (არსებობს საორკესტრო რედაქცია)
  • მოცარტის სონატა ორი ფორტეპიანოსათვის ოთხი ხელით (F-dur, e-moll, C-dur G-dur)

სიმღერები და რომანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (სულ - გარდაცვლაების შემდეგ გამოცემულთან ერთად 140-ზე მეტი)

კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი სავიოლინო სონატა F-dur op.8 (1866)
  • მეორე სავიოლინო სონატა G-dur op. 13 (1871)
  • მესამე სავიოლინო სონატა e-moll op. 45 (1886)
  • ვიოლონჩელოს სონატა a-moll op. 36 (1883)
  • სიმებიანი კვარტეტი g-moll op. 27 (1877-1878)

სიმფონიური ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „შემოდგომაზე“, უვერტიურა op 11 (1865-1866)
  • საფორტეპიანო კონცერტი a-moll op. (1868)
  • ელეგიური მელოდია (საკუთარი სიმღერებიდან) სიმებიანი ორკესტრისათვის op. 34
  • „ჰოლბერგის დროიდან“ სიუიტა (5 პიესა) სიმებიანი ორკესტრისათვის op. 40 (1884)
  • 2 სიუტა (სულ 9 პიესა) მუსიკიდან ჰ. იბსენის პიესისათვის „პერ გიუნტი“ op. 46 და 55 (80-იანი წლების ბოლო).
  • 2 მელოდია (საკუთარი სიმღერებიდან) სიმებიანი ორკესტრისათვის op. 53
  • 3 საორკესტრო პიესა „სიგურდ იორსალფარიდან“ op. 56 (1892)
  • 2 ნორვეგიურლი მელოდია სიმებიანი ორკესტრისათვის op. 63
  • სიმფონიური ცეკვები ნორვეგიულ მოტივებზე op. 64

ვოკალური-სიმფონიური ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მონასტროს კარიბეჭესთან“ ქალთა ხმებისათვის – სოლო, გუნდი და ორკესტრისათვის op. 20 (1870)
  • „სამშობლოში დაბრუნება“ მამაკაცთა ხმებისათვის – სოლოს, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 31 (1872, მეორე რედაქცია - 1881)
  • „განმარტოებული“ ბარიტონისათვის, სიმებიანი ორკესტრისა და ორი ვალტორნისათვის op. 32 (1878)
  • მუსიკა იბსენის პისესისათვის „პერ გიუნტი“ op. 23 (1874-1871)
  • სცენა „ულად ტრიუგვასონიდან“ სოლისტებისათვსი, გუნდისა და ორკესტრისათვის op. 50 (1889)
  • გუნდები
  • ალბომი მამაკაცთა სიმღერისათვის (12 გუნდი) op.30
  • 4 ფსალმუნი ძველებურ ნორვეგიულ მელოდიებზე შერეული გუნდისათვის a cappella ბარიტონთან ან ბანთან ერთად op. 74 (1906)
  • ლიტერატურული თხზულებები
  • გამოქვეყნებულ სტატიებს შორის ძირითადი: „ვაგნერისეული სპექტაკლები ბაირეითში“ (1876), „რობერტ შუმანი“ (1893). „მოცარტი“ (1896), „ვერდი“ (1901), ავტობიოგრაფიული ნარკვევები „ჩემი პირველი წარმატება“ (1905).