სონატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სონატა (იტალ. sonata <sonate — ჟღერა) — კამერულ-საკრავიერი მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი. სონატა ჩვეულებრივ საამნაწილიანი ციკლური ნაწარმოებია. შედგება ჩქარი განაპირა ნაწილებისა და ნელი შუა ნაწილისაგან. ზოგჯერ ციკლში შეტანილია მენუეტი ან სკერცო. ტერმინი სონატა ცნობილია XVI საუკუნიდან. თავდაპირველად იგი ეწოდებოდა ნებისმიერ საკრავიერ პიესას. XVII საუკუნის დასაწყისისათვის ჩამოყალიბდა სონეტის 2 ტიპი: საეკლესიო (sonata de chiesa) და კამერული (sonata de camera). საეკლესიო სონატისათვის დამახასიათებელია 4 ნაწილიანი ციკლი, რომლის თითოეული ნაწილი ტემპის განსაზღვრული თანმიმდევრობით ხასიათდება. კამერული სონატა საცეკვაო ნომრების თავისუფალი თანმიმდევრობაა. ზღვარი სონატის ამ სახეთა შორის მალე წაიშალა. XVII საუკუნეში გავრცელდა ტრიო სონატები 2 და 3 შემსრულებლისათვის გენერალ ბასის თანხლებით.

სონატებს თხზავდნენ ა. ვივალდი, გ. ფ. ჰენდელი, ი. ს. ბახი. მას შემდეგ კი, როდესაც ძველებურ საკრავებს (კლავესინი, კლავიკორდი) პირველობა ფორტეპიანომ ჩამოართვა, განსაკუთრებით პოპულარული საფორტეპიანო სონატა გახდა. ამ ჟანრის განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლი ვენის კლასიკოსებს: ი. ჰაიდნს, ვ. ა. მოცარტს, ლ. ვ. ბეთჰოვენს მიუძღვით. დიდი ადგილი უკავია სონატებს აგრეთვე შემდგომი პერიოდის კომპოზიტორების — ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ფ. შოპენის და სხვათა შემოქმედებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]