ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
დინამო არენა | |
---|---|
სტადიონის მოედანი | |
სრული სახელი | ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
აშენდა | 1935 (გადაკეთდა 1976) |
გაიხსნა | 29 სექტემბერი, 1976 (ხელმეორედ) |
მესაკუთრე | „დინამო“ თბილისი |
ტევადობა | 54, 139 |
გუნდები | |
„დინამო“ თბილისი საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრები |
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა — მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. თბილისის „დინამოს“, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„დინამოს“ პირველი სტადიონი, ტრიბუნით, 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, თბილისის ქვეითი ჯარის შენობის წინ, კინოთეატრ „აპოლოს“ გვერდით აშენდა. იმ პერიოდისთვის ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და დღის წესრიგში დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი დადგა.
„დინამოს“ თავდაპირველი სტადიონის პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის[1] ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.[კომ. 1][კომ. 2]
სტადიონის გახსნისას, 1935 წელს, სამუშაოები მთლიანად არ იყო დამთავრებული, აღმოსავლეთის ტრიბუნის მესამე იარუსზე ჯერ კიდევ ხარაჩოები იდგა. ტევადობა 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. როგორც კონსტრუქციული, ასევე სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ითვლებოდა სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად საქართველოში და თავისი არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.
1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია. რიგი არქიტექტურული და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა და მათ შორის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა.
ამრიგად, უკვე 1960-იანი წლებიდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება „დინამოს“ სტადიონის ხელახალი, ამჯერად მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად კი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგსაც წარმოადგენს თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი.[კომ. 3][კომ. 4][2]
1976 წლის 26 სექტემბერს სტადიონის საზეიმო გახსნის დროს მისი მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და უდიდესი ოვაციით მიესალმა მის ავტორებს. ხაზგასასმელია, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი მადლიერების ამგვარი ემოციური ფორმა მათი მრავალწლიანი შრომისა და მოღვაწეობის სრულიად დამსახურებულ, ღირსეულ და მეტად მაღალ შეფასებას წარმოადგენდა.[3]
სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა — შეხვედრა უეფა-ს თასზე თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ-სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3–0.[4] სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის „სპარტაკი“ და კიევის „დინამო“ სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.
საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის „დინამოს“ სტადიონი მაყურებელთა წლიური საშუალო დასწრებით (45 000) რეკორდსმენად ითვლებოდა.[კომ. 5][5][კომ. 6][6]
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის „დინამოსა“ და „კოლხეთს“ შორის 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო.[კომ. 7][7][8] ეს მაჩვენებელი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.
თბილისის „დინამოს“ სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოელებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს.
1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.[კომ. 8]
1996 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა იტალიურ კომპანია „ფინეირო კონსალტინგს“, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება უზრუნველყო. თუმცა, ამის შემდეგ სტადიონზე ჩასატარებელი სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოხერხდა და მისი განახლების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
2006 წლის აპრილში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის თაობაზე. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება რეკორდულად მცირე ვადებში უნდა დამთავრებულიყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2006 წლის 2 სექტემბერს დანიშნული მატჩისთვის სტადიონს ღირსეულად უნდა ემასპინძლა. აღნიშნული პროექტის მონაწილეებმა შეძლეს ამ უაღრესად შრომატევადი საქმიანობისთვის თავის გართმევა და დასახული ამოცანის დროულად და წარმატებით გადაჭრა. შედეგად, „დინამოც“ და ეროვნული ნაკრებიც კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდნენ, რომელიც ამჯერად ყველა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.[9]
უეფა-ს ახალი მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55.000-მდე მაყურებელს იტევს. ამასთან, მოხდა მეორე იარუსის სკამების უმეტესობის გადახურვა. სპეციალისტთა შეფასებით ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულ პერიოდში (2006–2009) სტადიონის გენერალური დირექტორის მოვალეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ასრულებდა.[10]
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[11]
2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა უეფა-ს სუპერთასის ფინალურ მატჩს უმასპინძლა,[12] რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური კლუბი „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, რომელიც აღნიშნული თასის გათამაშების ისტორიაში, თავისი დრამატიზმით[13][14] ერთ-ერთ საუკეთესო ფინალად შეფასდა — „ბარსელონას“ გამარჯვებით, ანგარიშით 5–4 დასრულდა.[15]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საბა მჟავანაძე დაინიშნა.[16]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
თბილისის ცენტრ. სტადიონი, 1935
-
უეფა-ს სუპერთასი 2015, „დინამო არენა“
-
ხედი „დინამო არენაზე“, 9 მაისი, 2012
-
სტადიონის მთავარი შესასვლელი, 2015
-
ბორის პაიჭაძის ძეგლი შესასვლელთან, 2016
-
უეფა-ს სუპერთასი 2015, „დინამო არენა“
-
ხედი ჩრდილოეთ ტრიბუნიდან, 2017
-
„დინამო არენა“, 29 მარტი, 2015
-
მემორიალური დაფა თბ. „დინამო“ 1964
-
მემორიალური დაფა თბ. „დინამო“ 1981
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1935–1936: „დინამოს“ სტადიონი
- 1937–1953: ბერიას სახელობის „დინამოს“ სტადიონი
- 1954–1968: „დინამოს“ სტადიონი
- 1976–1990: ვ.ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი
- 1995–2011: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
- 2011 წლიდან: ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტადიონის პროექტის ავტორები: სსრ კავშირის სახალხო არქიტექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული დამსახურებული მოღვაწე არჩილ ქურდიანი; ავტორი და პროექტის მთავარი არქიტექტორი გია ქურდიანი; ავტორი და პროექტის მთავარი კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი. სტადიონის პროექტი დამუშავდა საქქალაქმშენსახპროექტში.[17]
მშენებლები: მშენებლობის სამინისტროს № 3 ტრესტი (უფროსი ვ. გოგოლაძე); მშენებლობის სამინისტროს № 3 ტრესტის № 8 სამმართველო (უფროსი ფ. მათიაშვილი); მშენებლობის შტაბი (უფროსი გ. დოდელია); ტრესტი ინჟმშენი (მმართველი ი. კირკიტაძე); საგზაო მშენებლობის სამმართველო (უფროსი გ. აბაშიძე); თბილწყალსადენისა და თბომეურნეობის სამმართველოები (უფროსები ვ. მუმლაძე და რ. მუსერიძე); საქართველოს სპორტკომიტეტის სამშენებლო-შემკეთებელი სამმართველო (უფროსი გ. კორკოტაძე, მთავარი ინჟინერი მ. ჩხენკელი); საქართველოს სპორტკომიტეტის სამშენებლო-შემკეთებელი სამმართველოს თბილისის № 1 სამმართველო (უფროსი ო. აღსაბაძე); საქელექტომონტაჟის თბილისის № 2 სამმართველოს უბანი (უფროსი კ. ბათმანოვი); მრეწვვენტილაციის თბილისის სამმართველო (მიმინოშვილი, ა. ბლიაძე); მექანიზაციის ტრესტი (თ. ბელტიხინი); მექანიზაციის ტრესტის № 4 სამმართველო (უფროსი გ. კაცაძე); ავტოტრანსპორტის სამინისტროს № 1 ტრესტი (ვ. ლობჟანიძე); რუსთავის მეტალურგ-რემონტის სამმართველო (ა. ბუცხრიკიძე, ვ. ბოკუჩავა).[17]
სტადიონი ეყრდნობა 58 გიგანტურ სვეტს, თითოეული მათგანი თავის მხრივ ებჯინება 29 ხიმინჯს, რომლებიც 8–10 მეტრის სიღრმეზეა ჩასმული მიწაში.[18]
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1976 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულებით თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციის საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა გიორგი არჩილის ძე ქურდიანს.
იმავე ბრძანებულებით საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭათ — შალვა ვლადიმერის ძე გაზაშვილს, ვლადიმერ ტროფიმეს ძე გოგოლაძეს და ფარნაოზ ალექსანდრეს ძე მათიაშვილს, ხოლო საქართველოს სსრ დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ — გიორგი მიხეილის ძე გელაშვილს, გივი სამსონის ძე ტყეშელაშვილს და ტერენტი ტროფიმეს ძე შარამკოვს.
2022 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა „დინამო“ თბილისის ფანებმა შეასრულეს. სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა.[19]
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „დინამოს“ სტადიონის მშენებლობაზე // „ლელო“, 26 აგვისტო, 1949, № 8 (370), გვ. 2.
- გელაშვილი, ო., ასეთი ტემპი ეჭვს იწვევს // „ლელო“, 7 ივნისი, 1969, № 109 (3848), გვ. 2.
- დაბადების დღეს გილოცავთ, რესპუბლიკის მთავარო სტადიონო! // „ლელო“, 28 სექტემბერი, 1976, № 192 (5742), გვ. 1–2.
- გუგუშვილი, ნ. ჩვენი ოცნების სტადიონი // „ლელო“, 26 სექტემბერი, 1976, № 191 (5741), გვ. 1.
- ქორქია, ბ., ახალი სჯობს ძველს! // „ლელო“, 28 სექტემბერი, 1976, № 192 (5742), გვ. 2.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1932 წელს სტადიონის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც არქიტექტორმა, არჩილ ქურდიანმა (უფროსი) გაიმარჯვა. თავდაპირველი ნაგებობის (სტადიონის თავდაპირველი ნაგებობა ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი) სამშენებლო სამუშაოები 1933 წელს დაიწყო და 1935 წელს დასრულდა.
- ↑ სტადიონის მშენებლობა 1929 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გაიხსნა 1935 წლის 12 ოქტომბერს (შეჯიბრი მძლეოსნობაში). თავიდან ერქვა „დინამოს“ სტადიონი (1937-მდე), შემდეგ ლ. ბერიას სტადიონი (1937–1953), შემდეგ ისევ „დინამოს“ სტადიონი (1953–1960).
- ↑ 1960 წელს სტადიონი დროებით დაიხურა. კარებებს უკან დაამატეს მესამე იარუსი. 1962 წელს ისევ გაიხსნა და „დინამომ“ აქ 1968 წლის ჩათვლით ითამაშა. 1969 წელს კი თითქმის მთლიანად დაანგრიეს ეს სტადიონი და დაიწყეს ახალი სტადიონის მშენებლობა. ძველი სტადიონიდან დატოვეს მხოლოდ ის თაღები, მთავარი შესასვლელიდან რაც ჩანს.
- ↑ 1955–1956 წლებში მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება თბილისის „დინამოს“ წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ყველა მოთხოვნას პასუხობდა.
- ↑ ძველ სტადიონზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი 1964 წლის 10 ივლისს დაფიქსირდა — „დინამო“ 2–1 ასკ (როსტოვი) — შეხვედრას 65 000 მაყურებელი დაესწრო, რაც მატჩის ოფიციალურ ოქმშიცაა აღნიშნული.
- ↑ 1937 წელს ბასკი ფეხბურთელების თბილისში ვიზიტისას სტადიონის დირექციამ განაცხადი 110 000 ბილეთზე მიიღო.
- ↑ ფაქტობრივი მონაცემებით აღნიშნულ თამაშზე 110 000 მაყურებელზე ნაკლები არ ყოფილა, თუმცა ოფიციალური პროტოკოლებით, გარკვეული ტექნიკური ხასიათის რეგულაციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებში მითითებულია 80 000 მაყურებელი. მაყურებელთა იგივე რაოდენობა (ზოგან 90 000) ფიქსირდება საბჭოთა თუ უცხოურ მედიასა და პრესის ფურცლებზე წარმოდგენილ მასალათა უმრავლესობაშიც.
- ↑ 1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფა-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55 000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბორის პაიჭაძის სტადიონის ოფიციალური საიტი
- „დინამოს“ სტადიონი — ჟურნალი „ბურუსი“
FootballFacts.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არჩილ ქურდიანი (1903–1988) — თბილისის მთავარი არქიტექტორი (1936–1944), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე (1959–1962), სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრი (1950), სსრკ მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრი (1957), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1980), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.901 // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
- ↑ არქიტექტურული პროექტები — თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული დინამოს სტადიონი // დინამოს სტადიონის ისტორიიდან: ციტატა: „1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეკონსტრუირებული „დინამოს“ სტადიონი და ამჟამად მას მიენიჭა ვ.ი. ლენინის სახელი. ავტორმა, არჩილ ქურდიანმა, ავტორმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა გია ქურდიანმა და ავტორმა, კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმა, თავიანთი პროექტის მიხედვით მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს 75 000 ადგილამდე“. 25 მარტი, 2016 // Aid.ge. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
- ↑ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა — ისტორია // არქიტექტორები: გია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი; ტევადობა: 54 139; საფარი: ბუნებრივსაფარიანი მოედანი; ფაქტები: გახსნა — 1936, რეკონსტრუქცია — 1976, რეკონსტრუქცია — 2006, რეკონსტრუქცია — 2015. 2011 წლიდან მოიხსენიება როგორც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. // თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ როდის აშენდა საქართელოს ყველაზე დიდი სტადიონი – თბილისის დინამოს ისტორია // რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონის ტევადობა 78 ათასამდე გაიზარდა. სტადიონზე პირველი მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს შედგა – ეს იყო „უეფას“ თასის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. // Thouse.ge. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
- ↑ "Динамо" (Тбилиси) 2–1 СКА (Ростов-на-Дону). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022
- ↑ დღეს სტადიონზე // „კომუნისტი“, 24 ივლისი, 1937, № 168 (4969), გვ. 4.
- ↑ დაუვიწყარი 90 წუთი // თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 3 ოქტომბერი. „დინამო“ (თბილისი) 3–0 „ლივერპული“. გოლები: გუცაევი 55', შენგელია 75', ჩივაძე 81', პენ. ციტატა: „გუგუნებს 90-ათასიანი ტრიბუნა, გამარჯვების ციფრები ანთია ტაბლოზე. კიდევ კარგა ხანს იდგება ფეხზე 90 ათასი კაცი, კიდევ კარგა ხანს იგუგუნებს ტრიბუნა და იმ წუთებში, ვინ იცის, რამდენს გაახსენდება ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალის“ სულ ბოლო კადრი: ტალახში ამოგანგლული თერთმეტი გამწარებული ვაჟკაცი, კაცური ცრემლით და სულისშემძვრელი სიმღერით მიაცილებს გამარჯვებულ ბრიტანელთა გემს, ქედმაღლურად რომ მიგელავს შავი ზღვის ტალღებზე. და როგორც იქნა…“. // წყარო: ი. ბერიაშვილი, „ლელო“, 4 ოქტომბერი, 1979 // საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ციფრული არქივი. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
- ↑ Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool // European Cup 1st round 2nd leg; Lenin Dinamo Stadium, Tbilisi; 03 October 1979. Attendance: 80,000; Goals: Vladimir Gutsaev 54', Ramaz Shengelia 75', Aleksandr Chivadze 81' pen. // Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
- ↑ საქართველოს მთავარი სპორტული არენა სახელმწიფომ უკან დაიბრუნა // 1976 წელს განახლებული არენა, თითქმის 30 წელი ელოდა მზრუნველ ხელს. // ფრიდონ კერვალიშვილი. ბიზნესი და მენეჯმენტი : ჟურნალი ბიზნესისა და მართვის ხელოვნების შესახებ. #3 (23), 2009 // აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ ირაკლი მეძმარიაშვილი — ეროვნული სტადიონის დირექტორი // ეროვნული ფოტომატიანე // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ ეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ 49 წლით გადაეცა // საფეხბურთო კლუბ „დინამოსთან“ თბილისის მერიამ 49-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ციტატა: „ხელშეკრულებას თბილისის მერიაში დღეს, 25 აგვისტოს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიასა და საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის გაფორმდა“. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. 25 აგვისტო, 2011 // წყარო: Sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ Georgia’s Dinamo Arena embraces UEFA Super Cup 2015. agenda.ge. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022
- ↑ Team Statistics: Half-time Report. uefa.com. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022
- ↑ Team Statistics: Full Time. uefa.com. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022
- ↑ 2015 Super Cup: Barcelona down Sevilla for fifth win. uefa.com. ციტატა: „Pedro Rodríguez scored a 115th-minute winner for the second time in UEFA Super Cup history to decide an extraordinary Tbilisi tie and give Barcelona a fifth title.“ ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2022
- ↑ სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი“-ს გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ // ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №18.1017.1431 განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ (ს/კ 202054034) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა საბა მჟავანაძე (პ/ნ 01124094773). // სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
- ↑ 17.0 17.1 „ლელო“, 26 სექტემბერი, 1976, № 191 (5741), გვ. 1.
- ↑ „ლელო“, 26 სექტემბერი, 1976, № 191 (5741), გვ. 2.
- ↑ ალექსანდრე ჩივაძის ტრიბუნა. fcdinamo.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-09. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022
|
|