სპარტაკი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სპარტაკი თბილისი
სპარტაკი თბილისის ლოგო.gif
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“ თბილისი
დაარსდა 1946, 2002
სტადიონი შევარდენი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 4,000)
ლიგა ლიგა 3

სპარტაკი თბილისიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. თამაშობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის — ლიგა 3-ის ცენტრალურ ზონაში. საშინაო მატჩებს ატარებს შევარდენზე.[1]


ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927–1939 წლებში თბილისში არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, რომელიც პირველი და ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო საკავშირო მასშტაბით და რომელსაც სათავეში ედგა იმ პერიოდის ცნობილი თბილისელი საფეხბურთო სპეციალისტი, შემდგომში თბილისის „დინამოსა“ (1942–1945) და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი ასირ გალპერინი. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარები თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წინამორბედად მიიჩნევენ — სულ ხუთი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა: „აისი“, „ბეღურა“, „იმედი“, „მოლოტი“ და „სიხარული“. საწვრთნელი ვარჯიშები ვაკეში, მომავალი „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიაზე იმართებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ასირ გალპერინის ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ საფეხბურთო ოსტატობას იყვნენ: ამირან და ირაკლი ბურჭულაძეები, მერაბ გამყრელიძე, გარი გარიშვილი, თემო გუგუნავა, ვასილ დიაჩენკო, ირაკლი დოლიძე, შოთა თათარაშვილი, იური კატანოვი, არჩილ კობაიძე, კონსტანტინ ლოგინოვი, ლადო ნარიმანიძე, რევაზ ოსაძე, ალბერტ ტარაიანი, ირაკლი ქართველიშვილი, დავით ყიფიანი, ივანე შუდრა, გარი ჯაიანი, სპარტაკ ჯეჯელავა და სხვები. მათგან, რასაკვირველია, ყველა დიდი ფეხბურთელი არ დამდგარა, თუმცა ჩამოთვლილთაგან უმრავლესობამ გარკვეული წვლილი შეიტანა იმ პერიოდის საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში.[კომ. 1] ასირ გალპერინის შეგირდების საფეხბურთო ოსტატობაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1938 წელს „მოლოტმა“ მოსწავლეთა შორის საკავშირო თასის პირველ გათამაშებაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და თასი მოიპოვა.[2] საკავშირო ტურნირზე გამარჯვებამ ახალი მოლოდინები გააჩინა. ასეთ შთამბეჭდავ დასაწყისს, ბუნებრივია, რომ იმედისმომცემი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ომის დაწყებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა. თბილისში ერთადერთი გუნდი — თბილისის „დინამო“ დარჩა, რომლის მთავარ მწვრთნელად სწორედ ასირ გალპერინი დანიშნეს. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა დაიშალა. მწვრთნელის გარეშე და ბუნდოვანი მომავლის ამარა დარჩენილი ბიჭებიც წავიდ-წამოვიდნენ.

1944 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, სპორტსაზოგადოება „შრომითი რეზერვების“ საკავშირო პირველობის გამართვის გადაწყვეტილება გამოცხადდა. თბილისში სასწრაფოდ შეკრიბეს გუნდი — ამირან ბურჭულაძე, გარი გარიშვილი, ვლადიმერ დავთიანი, გივი ვაშაძე, ფილიპე მახარაძე, ავთო პაიჭაძე, ედუარდ ტანტიბა, ზურაბ ქვარიანი, ზაალ ჯორჯიაშვილი, მიშა ჯოჯუა და სხვები. მწვრთნელად ანტუს გონელი დანიშნეს. ასე, სახელდახელოდ შეკრებილმა ჩვენმა ფეხბურთელებმა შესარჩევ მატჩებში მოუგეს ბაქოს გუნდს (3–1). შემდეგი მატჩი როსტოველებთან უნდა გამართულიყო, მაგრამ მათ გუნდი ვერ გამოიყვანეს. აქვე, აღნიშვნის ღირსია ერთი მეტად შთამბეჭდავი ფაქტი, რომლის მსგავსიც — თავისი კურიოზული შინაარსით — არც მანამდე მომხდარა საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში და არც მას შემდეგ დაფიქსირებულა რაიმე სახით. საუბარი შეეხება 1948 წელს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე გამართულ შეხვედრას თბილისისა და როსტოვის „შრომითი რეზერვების“ გუნდებს შორის, როდესაც თბილისელებმა თავისი როსტოველი თანაკლუბელები ფეხბურთისთვის სარეკორდო ანგარიშით — 36–0 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ თბილისელმა ბიძინა ტაბიძემ ამ მატჩში 16 გოლი გაიტანა. მის გარდა ჩვენს გუნდში თამაშობდნენ ვლადიმერ ელოშვილი, კუნო სიხარულიძე და სხვები.

თბილისის „სპარტაკის“ დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის სეზონის დამთავრების შემდეგ ხუთ ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლა შესთავაზეს, რომელსაც მაშინ ცნობილი ესტონელი სპეციალისტი ალბერტ ვოლრატი (ესტ. Albert Vollrat; რუს. Альберт Хенрикович Вольрат) ედგა სათავეში. საფეხბურთო კარიერის შემდგომი განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით მომხიბლავი შეთავაზების მიუხედავად ყველა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. მხოლოდ მიშა ჯოჯუას დათანხმება მოახერხა მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ მწვრთნელმა აბრამ დანგულოვმა. ამავე კლუბში დარჩენაზე ცდილობდნენ ამირან ბურჭულაძისა და ავთო პაიჭაძის დაყოლიებას, თუმცა ორივე მათგანმა თბილისში დაბრუნება არჩია.

იმხანად, 31-ე საავიაციო ქარხნის დირექტორს, ფეხბურთის დიდ ქომაგსა და მოამაგეს ვლადიმერ სალაძეს ავიატორთა კარგი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. მოკლე ხანში ამირან ბურჭულაძემ და ავთო პაიჭაძემ 31-ე საავიაციო ქარხნის საფეხბურთო გუნდიდან — თბილისის „კრილია სოვეტოვისგან“ მიიღეს მოწვევა. მალე მათ გარი გარიშვილი და ზურაბ ქვარიანი დაემატათ. იმ პერიოდის თბილისის „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში მათ გარდა თამაშობდნენ აგრეთვე — სტეფან ბაგმანოვი, გივი ბუიღლიშვილი, ტარიელ ეპიტაშვილი, გივი ვაშაძე, იური კატანოვი, რევაზ ოსაძე, ვანჩუკ ჩერედნიჩენკო, გარი ჯაიანი და სხვები.

1946 წელს თბილისის „კრილია სოვეტოვი“ საკავშირო გათამაშების ამიერკავკასიის ტურნირის გამარჯვებული ხდება. ამის შემდეგ გუნდი მინსკში მიემგზავრება ფინალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც მეორე ადგილს იკავებს უჟგოროდის „სპარტაკის“ შემდეგ და „ბ“ ჯგუფის საგზურს ინაღდებს. აღნიშნულ ჯგუფში იგი ორ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ასპარეზობისას დიდ წარმატებას ვერ აღწევს — მაყურებელთა გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს და ამასთან, კარგად შეთამაშებული გუნდის სახელს იმკვიდრებს. როგორც ჩანს, უმთავრესად სწორედ ამან განაპირობა, რომ ვლადიმერ სალაძემ ქარხნის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების საკითხის დადგომისას ცეკა-ში ითხოვა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ ეს გუნდი არ დაეშალათ. ვლადიმერ სალაძის შუამდგომლობამ სასურველი შედეგი გამოიღო და 1948 წლის 15 მაისს გუნდი მთლიანად თბილისის „სპარტაკში“ გადაიყვანეს. აქვე უნდა ითქვას, რომ „სპარტაკში“ ამ დროისათვის უკვე თამაშობდნენ ვახტანგ გვარამაძე, კოტე მესხი, მიხეილ პირაევი, ვახტანგ სარქისოვი და სხვები. გუნდს კი სათავეში ედგა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი — გაიოზ ჯეჯელავა. ასე ჩამოყალიბდა თბილისის „სპარტაკის“ ის განუმეორებელი გუნდი, რომელმაც თავისი მეტად ხანმოკლე არსებობის მანძილზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი ემოციებით სავსე შთაბეჭდილება დაუტოვა იმ პერიოდის ქართველ გულშემატკივარს. ამონარიდი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის წიგნიდან „ქართული ფეხბურთი“[3] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:

ვიკიციტატა
„...შეგიძლიათ თუ არა, თქვენ, ძვირფასო მკითხველებო, წარმოიდგინოთ ასეთი სიტუაცია: თბილისის „დინამო“ თბილისში ატარებს კალენდარულ შეხვედრას საბჭოთა კავშირის პირველობაზე ფეხბურთში და ამ დროს მაყურებელთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს და გულშემატკივრობს არა მშობლიურ „დინამოს“, არამედ მის მეტოქეს?
სრულიად წარმოუდგენელია, არა? მაგრამ სწორედ ასეთი წარმოუდგენელი შემთხვევის მოწმენი გახდნენ ისინი, ვინც შემოდგომის ამ მზიან დღეს (1950 წ. 5 სექტემბერს) მოსულიყვნენ სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი — თბილისის „დინამო“ და მისი მეტოქე — თბილისის „სპარტაკის“ ახალბედა გუნდი.
მიზეზი ამ ერთი შეხედვით პარადოქსული სიტუაციისა კი ის გახლდათ, რომ მანამდე, ძალიან მოკლე დროის მანძილზე, „სპარტაკმა“ თავისი არაჩვეულებრივად ხალისიანი, „მხიარული“ და ამავე დროს, აზარტული, თავდადებული თამაშით მაყურებელთა მხურვალე სიმპათიები და სიყვარული მოიპოვა.“

იმ პერიოდში სპორტსაზოგადოებას ოთარ აბუაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო გუნდის უშუალო შეფის — სარეწაო კოოპერაციის ხელმძღვანელი შალვა აბაიშვილი გახლდათ. ორივე მათგანმა დიდი შრომა ჩადო ახალი გუნდის საკეთილდღეოდ. თავდაპირველად თბილისის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელობა ბორის პაიჭაძეს შესთავაზეს, მაგრამ იმის გამო, რომ იგი ჯერ კიდევ თამაშობდა თბილისის „დინამოში“ — შეთავაზების მიღებაზე უარი განაცხადა. სანაცვლოდ კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთის სპეციალისტისა და მწვრთნელის — ანდრო ჟორდანიას კანდიდატურა შესთავაზა თბილისის „სპარტაკის“ მესვეურებს. სწორედ ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეუდგა გუნდი ვარჯიშს და უმოკლეს დროში შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწია.

გზა წარმატებებისკენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის სეზონში თბილისის „სპარტაკმა“ საკავშირო პირველობის ფინალურ ტურნირში, სადაც ზონებში გამარჯვებულები იღებდნენ მონაწილეობას — მესამე ადგილის დაკავება შეძლო. მომდევნო წელს კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ცენტრალური ზონის პირველობაზე, სადაც ჩატარებული 26 შეხვედრიდან — 22 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამი მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, ბურთების საერთო შეფარდებით — 60–18. ამგვარად, თბილისელებმა ფინალურ შვიდეულში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. გადამწყვეტ მატჩებს როსტოვის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა.

ფინალურმა ტურნირმა 2 ოქტომბერს აიღო სტარტი და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ჯგუფის ერთადერთი საგზურისთვის შვიდი საფეხბურთო გუნდი იბრძოდა: როსტოვის „დინამო“, მოსკოვის ოლქის კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი, [კომ. 2] ოდესის „პიშჩევიკი“, სვერდლოვსკის ოფიცერთა სახლი, ლვოვის „სპარტაკი“, ლენინგრადის „სუდოსტროიტელი“ და თბილისის „სპარტაკი“. ფავორიტებად ითვლებოდნენ თბილისისა და კალინინის სახელობის ქარხნის გუნდები. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელის პოსტი იმ პერიოდში ნიკოლაი გულიაევს ეკავა.[კომ. 3]

ასევე, კარგი გუნდი ჰყავდათ მასპინძლებსაც, რომელთაც ცნობილი მსაჯი და ამავე დროს ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტი ანატოლი შჩელჩკოვი ედგა სათავეში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ როსტოვის „დინამოს“ შემადგენლობაში მცველის პოზიციაზე თამაშობდა სოხუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი ივანე ვარდიმიადი — იური ვარდიმიადის ძმა. როსტოველთა რიგებში თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი თავდამსხმელი — გავრილ ბოგატელო.[კომ. 4] გამოდიოდა. გუნდის კაპიტანი იყო პიოტრ შჩერბატენკო, რომელიც მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა. რაც შეეხება ლენინგრადის „სუდოსტროიტელის“ გუნდს, მათი მთავარი მწვრთნელი გახლდათ ძველი პეტებურგელი ფეხბურთელი გიორგი გოსტევი[კომ. 5] ლვოველებს კი ცნობილი „სპარტაკელი“ მწვრთნელი — ვიქტორ სოკოლოვი ავარჯიშებდა.

ფინალის ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი შეხვედრა ლვოველ თანაკლუბელებთან თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: პირაევი, კატანოვი, ი.შუდრა (ქვარიანი), ოსაძე, გუგუნავა, კილაძე, ა.პაიჭაძე, კ.გაგნიძე, კილაძე, ლომაია, ი.ბურჭულაძე, გამყრელიძე (ა.ბურჭულაძე). მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა. მომდევნო შეხვედრაში ოდესელებთან ნულოვანი ფრე 0–0 დაფიქსირდა. შემდეგ დამაჯერებელი ანგარიშით — 4–0 მოუგეს ლენინგრადელებს, ხოლო „კალინინელებთან“ მინიმალური სხვაობით — 0–1 დათმეს შეხვედრა. ამის შემდეგ სვერდლოვსკის გუნდს მოუგეს — 2–1 და ბოლო მატჩი კვლავ მინიმალური სხვაობით წააგეს როსტოველებთან — 0–1. შედეგად თბილისელებმა, ოდესელებმა და „კალინინელებმა“ ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი მაჩები დაინიშნა. ეს მატჩები იმდროინდელმა სპორტულმა პრესამ „ფინალის ფინალად“ მონათლა, რომლის პირველ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა ოდესელები დაამარცხეს — 2–1. გადამწყვეტი შეხვედრა კალინინის სახელობის ქარხნის გუნდთან მეტად უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის ბედი ვალერიან ლომაიას შორეულმა და ძლიერმა დარტყმამ გადაწვიტა, რომელიც ერთადერთი, გამარჯვებისა და მასთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზურის მომტანი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. აღნიშნულ ტურნირზე გამართულ, დრამატიზმითა და სპორტული პაექრობის სიმძაფრით აღბეჭდილ ისტორიულ შეხვედრათა პერიპეტიების შესახებ — საგულისხმო და საყურადღებოა მცირე ამონარიდი გუნდის ისტორიის შესანიშნავი მცოდნის, ქართული ფეხბურთისა და განსაკუთრებით კი მისი ისტორიის, ფართო საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნაკლებად ცნობილი სახელოვანი ფურცლების შესახებ არაერთი წიგნის, ნარკვევისა თუ სტატიის ავტორის — პროფესორ გულბათ ტორაძის ნარკვევიდან[4] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:

ვიკიციტატა
„...მოუთმენლად ველოდით ამ უმძიმესი შეჯიბრის დაწყებას. მივიღეთ პირველი გამამხნევებელი ცნობები: გამარჯვება ლვოვის „სპარტაკთან“ — 1:0 (ბურთი გაიტანა გუნდის მთავარმა ბომბარდირმა ავთანდილ პაიჭაძემ), ფრე (0:0) ოდესის „პიშჩევიკთან“, კვლავ გამარჯვება (4:0) ლენინგრადელებთან (ა. პაიჭაძე — 2, კ. გაგნიძე, მ. გამყრელიძე). შემდეგი თამაშის ბედი კალინინგრადის გუნდთან ჩვენს კარში უსამართლოდ დანიშნულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა (0:1), რასაც კვლავ მოგება მოჰყვა სვერდლოვსკის გუნდთან — 2:0 (მ. გამყრელიძე, ა. პაიჭაძე).
ბოლო შეხვედრაში — მასპინძლებთან (როსტოვის „დინამო“) ფრეც გვყოფნიდა პირველი ადგილის განაღდებისათვის, მაგრამ თამაში წავაგეთ — 1:2 (ბურთი კვლავ ა. პაიჭაძემ გაიტანა). საბოლოო შედეგით: 6 თამაშიდან 7 ქულა „სპარტაკმა“ 1-2-3 ადგილები გაიყო ოდესისა და კალინინგრადის გუნდებთან. დაინიშნა დამატებითი მატჩები, რომელთაც სამართლიანად უწოდეს „ფინალის ფინალი“. თანაც, თამაშები სულ ერთდღიანი პაუზებით იმართებოდა.
28 ოქტომბერს ჩვენი ბიჭები პირველ დამატებით მატჩში პირისპირ დადგნენ ოდესის გუნდთან. პირველი ბურთი ჩვენს კარში გავიდა, მაგრამ ა. პაიჭაძისა და თ. გუგუნავას ბურთებმა თბილისელებს მოუტანეს გამარჯვება (2:1) ამ ძალზე მძაფრად წარმართულ ბრძოლაში.
ერთი დღის შემდეგ კი, 30 ოქტომბერს, შეხვედრა ძალიან ძლიერ, თანაც კარგად დასვენებულ კალინინგრადის გუნდთან შედგა. დიდი მღელვარებითა და შეშფოთებით ველოდით ამ მატჩს, რომელიც მართლაც, არაჩვეულებრივად დაძაბულად, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. დრამატიზმს აძლიერებდა გრიგალისებრი ქარი, რომელიც იმ დღეს როსტოვში ქროდა. პირველ ტაიმში ქარი ჩვენი მოწინააღმდეგის მოკავშირე იყო და თამაში თითქმის მთლიანად „სპარტაკის“ საჯარიმო მოედნის სიახლოვეს მიმდინარეობდა. თავდადებით მოქმედებდა გუნდის ყველა წევრი. მ. პირაევმა კი მეკარის უმაღლესი ოსტატობა გამოავლინა და უვნებელყო მოწინააღმდეგისა და... ქარის მიერ კარში გაგზავნილი უძნელესი ბურთები.
მეორე ნახევარში თამაში მაინც ჩვენი დიდი უპირატესობით წარიმართა. მატჩის მიწურულს, 78-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო ვალერიან ლომაიამ, ოდნავ წაიწია წინ და უძლიერესი დარტყმით 40 მეტრის მანძილიდან გაგზავნა ბურთი კარისაკენ. ბურთი კარის მაღალ კუთხეში გაეხვია. დარჩენილ 12 წუთში ბიჭებს არ გაჭირვებიათ უპირატესობის შენარჩუნება. თბილისის სადგურში გამარჯვებულებს ძალზე გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. „ა“ კლასის საგზური მოპოვებულია!
ასეთი იყო დრამატიზმით აღსავსე პრელუდია „სპარტაკის“ უმაღლეს „საფეხბურთო საზოგადოებაში“ გადასვლისა.“

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის „სპარტაკელთა“ მხრიდან ასეთ მოკლე დროში ამგვარი წარმატების მიღწევისა, არათუ რესპუბლიკისა და საკავშირო ფეხბურთის მესვეურებს, არამედ გუნდის ერთგულ გულშემატკივართა შორისაც კი ცოტას თუ სჯეროდა — მათ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ისტორიულ შეხვედრათა მონაწილის ამირან ბურჭულაძის მოგონებიდან:

ვიკიციტატა
„...საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით შეგვხვდნენ, თუმცა ისიც გვითხრეს, ზოგიერთს თქვენი გამარჯვება მაინცდამაინც არ გახარებია — რად უნდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში მეორე გუნდიო! გორის სადგურში მატარებელში მსხდომთ ხილით უხვად გაგვისმასპინძლდნენ. მცხეთაში კი მანქანებით დაგვხვდნენ და „იონას დუქანში“ დიდ პურმარილზე გაგვაქანეს. თბილისში ჩამოსულებს ქალაქის ირგვლივ მანქანებით საპატიო წრე შემოგვატარეს, ბოლოს ჩვენს საპატივსაცემოდ გამართულ საზეიმო მიტინგზე მიგვიყვანეს ვერის პარკში.“

უმაღლეს ლიგაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის „სპარტაკის“ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დღის წესრიგში გუნდის ახალი მოთამაშეებით გაძლიერებისა და საკავშირო პირველობის მომავალი საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის სათანადო მზადების საკითხები დააყენა. ახალ ფეხბურთელთა შორის, რომლებითაც გუნდის შევსება გადაწყდა იყვნენ: ზაურ კალოევი, ალიოშა კოტრიკაძე და გივი ფაცურია (35-ე საფეხბურთო სკოლიდან), გიგა ნორაკიძე, ძმები იური და აფანასი გრამატიკოპულოები (სოხუმის „დინამოდან“), არჩილ ბერძენიშვილი და კუნო სიხარულიძე (თბილისის „ლოკომოტივიდან“), ნიკოლოზ ხინთიბიძე (ქუთაისის „ტორპედოდან“). გუნდში მოვიდნენ აგრეთვე გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი აროშიძე (თბილისის „დინამოდან“) და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელი, „მეკარეთა მეკარე“, როგორც მას იმ პერიოდის სპორტული პრესა იხსენიებდა, სახელგანთქმული — ვლადისლავ ჟმელკოვი. ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა ოჩამჩირეში დაიწყო. საინტერესოა მცირე ამონარიდი გუნდის იმდროინდელ წევრთა მოგონებიდან საკავშირო პირველობის წინა მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით:

ვიკიციტატა
„...თბილისის „სპარტაკი“ ახალი სეზონისათვის ოჩამჩირეში ემზადებოდა, წინა წლის გაზაფხულზე კი ქობულეთში ვარჯიშობდა. გუნდის ძირითადი სავარჯიშო ბაზა კი მცხეთაში, წყალჯომარდობის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გვქონდა. ისე კი, სადაც ბატონი ანდრო ჟორდანია მინდორს წააწყდებოდა, იქვე დანიშნავდა ვარჯიშს — საგურამო იყო, მუხრანი, თბილისი თუ მოსკოვი. თბილისში შეკრებისას გუნდის წევრების განთავსება ყოფილ სასტუმრო „ევროპაში“[კომ. 6]ხდებოდა.“

სსრ კავშირის ჩემპიონატი 1950 (კლასი „А“)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკავშირო პირველობის უძლიერესთა ლიგაში (კლასი „А“) გამოსვლა თბილისის „სპარტაკმა“ ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო. მათ 17 აპრილს ჯერ მინსკის „დინამო“ დაამარცხეს (2–1), ხოლო 21 აპრილს მოსკოვის „ტორპედოს“ სძლიეს იმავე ანგარიშით (2–1). თბილისელთა მხრიდან გატანილი ოთხი ბურთიდან სამი ავთო პაიჭაძემ, ხოლო ერთიც ვალერიან ლომაიამ შეაგდეს მეტოქეთა კარებში. თუმცა, თბილისის „სპარტაკის“ გულშემატკივართათვის სამწუხაროდ, ჩემპიონატზე გუნდის ასპარეზობის ასეთი იმედისმომცემი დასაწყისი, წაგებათა მოულოდნელი, ზედიზედ ექვსმატჩიანი სერიით გაგრძელდა. გუნდმა მხოლოდ 26 მაისს ხარკოვში, ადგილობრივ „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მოახერხა ამ წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასმა, როდესაც ისევ და ისევ ავთო პაიჭაძის მიერ მატჩის მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მაინც შეძლო გუნდისთვის, როგორც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით სასიცოცხლოდ აუცილებელი გამარჯვების მოპოვება. საფეხბურთო სპეციალისტების შეფასებით ბუნებრივი და კანონზომიერი იყო, რომ პირველობაზე მონაწილე გუნდების ძირითადი ნაწილის მაღალი საფეხბურთო კლასისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე უმაღლესი ლიგის პირველობისთვის დამახასიათებელი მძაფრი კონკურენციის პირობებში, თბილისის „სპარტაკის“ ფეხბურთელთა მხრიდან დიდი მონდომებისა და თავდადების მიუხედავად, მათთვის არ იქნებოდა იოლი უძლიერესთა ლიგაში ჩავარდნების გარეშე ასპარეზობა, რაც საბოლოოდ დაადასტურა კიდეც ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა. თუმცა, ობიქტურობისათვის და მნიშვნელოვანწილად „სპარტაკის“ ახალბედა ფეხბურთელთა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სადებიუტო სეზონშივე თბილისის „სპარტაკმა“ შეძლო ისეთი გამოცდილი, ავტორიტეტული და ძლიერი გუნდების დამარცხება, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „დინამო“ (1–0), მოსკოვის „სპარტაკი“ (2–1), ლენინგრადის „დინამო“ (4–0) ლენინგრადის „ზენიტი“ (4–1) და პირველობის მონაწილე 19 გუნდს შორის მე-9 ადგილის დაკავება.

გუნდის სახელწოდებათა ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი სახელწოდება
1937–1945 „კრილია სოვეტოვი“ თბილისი
1946–1951 „სპარტაკი“ თბილისი
1953 „სპარტაკი“ თბილისი
1977 „სპარტაკი“ თბილისი
2002–2003 „სპარტაკი“ თბილისი
2003–2004 „სპარტაკი-ლაზიკა“ თბილისი
2004– „სპარტაკი“ თბილისი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ამ მხრივ საყურადღებოა, მაგალითად, იგივე ალბერტ ტარაიანი, რომელსაც მეტსახელად „ტარაკანას“ ეძახდნენ. მას დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ დიდ დახმარებას უწევდა ასირ გალპერინს სამწვრთნელო საქმიანობაში. იგი ნორჩ ფეხბურთელთა საწვრთნელ ვარჯიშებს, ფაქტობრივად, როგორც მეორე მწვრთნელი — ისე ხელმძღვანელობდა.
  2. მოსკოვის ოლქის კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი (რუს. К-да з-да им. М. В. Калинина).
  3. ნიკოლაი გულიაევი (რუს. Никола́й Алексе́евич Гуля́ев; დ. 18 თებერვალი, 1915, სოფ. კაკოვინო — გ. 23 თებერვალი 2000, მოსკოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სპორტის ოსტატი. სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნიკოლაი გულიაევი, როგორც ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირის ორგზის (1938, 1939) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის (1938, 1939, 1946) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. ამასთან, არანაკლებ წარმატებას მიაღწია მწვრთნელის რანგშიც. მისი ხელმღვანელობით მოსკოვის „სპარტაკმა“ ასევე, ორჯერ (1956, 1958) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ (1955, 1974) გახდა საკავშირო პირველობის ვერცხლის, ხოლო ერთხელ (1957) ბრინჯაოს პრიზიორი. მისივე თავკაცობით გუნდი საკავშირო თასის ფინალში გავიდა (1957), ხოლო მომდევნო წელს მისი მფლობელიც გახდა (1958).
  4. გავრილ ბოგატელო (რუს. Гавриил Георгиевич Богателло; 29 ნოემბერი, 1913 — 12 აპრილი 1991, დონის როსტოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი, საფეხბურთო მწვრთნელი.
  5. გიორგი გოსტევი (რუს. Гостев Георгий Фёдорович; დ. 5 ოქტომბერი, 1897, ფსკოვი — გ. 1960, ლენინგრადი, სხვა მონაცემებით — ფსკოვი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946). იცავდა რსფსრ-ს, პეტროგრადისა და ლენინგრადის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. მიიჩნევენ სსრ კავშირის 1920-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.
  6. მოგვიანებით სასტუმრო „ევროპას“ სახელწოდება შეეცვალა და ფუნქციონირება სასტუმრო „რუსთავის“ სახელწოდებით განაგრძო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FK Spartaki Tbilisi - Matches (Competition: Umaglesi Liga 2005/2006) დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო, 2019.
  2. Гальперин Ассир Маркович (1898–1974)ციტატა: „Организатор при «Динамо» (Тф) первой в стране юношеской команды в 1927, основатель при НИИФКе в 1936 юношеской футбольной школы «Молот», команда которой в 1938 выиграла Кубок СССР для школьников.“ — Динамо. Энциклопедия. ОЛМА Медиа Групп, 2003. გვ. 316. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 აგვისტო, 2019. წყარო: books.google.ge. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2019.
  3. გ. ტორაძე — ქართული ფეხბურთი — 1997, გვ. 112–113.
  4. გ. ტორაძე — ქართული ფეხბურთი — 1997, გვ. 116–117.
  5. Soviet Union 1950 (Championship) დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
  6. Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1950 დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
  7. Soviet Union 1951 (Championship) დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
  8. Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1951 დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.