შინაარსზე გადასვლა

გია ქურდიანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ქურდიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1932(1932-10-15)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 2014(2014-12-06) (82 წლის)
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ჯილდოები ღირსების ორდენი

გია (გიორგი) ქურდიანი (დ. 15 ოქტომბერი, 1932, თბილისი — გ. 6 დეკემბერი, 2014) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი 1961 წლიდან. ღირსების ორდენის კავალერი, 2006 წლის საუკეთესო არქიტექტორი.

დაიბადა 1932 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში, ცნობილი ხუროთმოძღვრების, არჩილ ქურდიანის[1] და ქეთევან ქურდიანის ოჯახში. იწყებს სწავლას მე-15 საშუალო სკოლაში, ხოლო, 1950 წელს ამთავრებს მე-9 ვაჟთა გიმნაზიას.

1950 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, შემდეგ 1952 წელს გადავიდა არქიტექტურის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1958 წელს. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე იწყებს შემოქმედებით მოღვაწეობას. არის მრავალი პროექტის ავტორი. მათგან უდიდესი ნაწილი იქნა განხორციელებული ნატურაში.

60-იან წლებში მამასთან ერთად მუშაობს ავტორად და პროექტის მთავარ არქიტექტორად თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტზე.

60-იან წლებში „დინამოს“ სტადიონი ვეღარ აკმაყოფილებდა თავისი ტევადობით მრავალათასიანი გულშემატკივრის უდიდეს ინტერესს ფეხბურთისადმი. აუცილებელი გახდა ან ახალი სტადიონის აშენება, ან არსებული „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქცია-გაფართოება.

იმ პერიოდში აიკრძალა ნებისმიერი სპორტული ნაგებობის აშენება. თბილისის „დინამოს“ სტადიონის რეკონსტრუქციის უფლება მიეცა მხოლოდ იმიტომ, რომ დასწრების მხრივ ეს სტადიონი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, იყო კონკურს გარეშე.

რეკონსტრუქციის პროექტის პირველი ვარიანტი მთლიანად ინარჩუნებდა არსებული სტადიონის არქიტექტურას. პროექტი ითვალისწინებდა დიდ თაღედს, ხოლო არსებული სტადიონი უნდა ყოფილიყო ახლის ინტერიერში. სხვადასხვა მიზეზების გამო პროექტის პირველი ვარიანტი, გადაწყვეტილი ეროვნულ არქიტექტურაში უარყოფილ იქნა. შეიქმნა ახალი, თანამედროვე არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაგებობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 100 000 ადგილს. დაიწყო არსებული სტადიონის ნგრევა და ახლის აშენება, რომელიც კვლავ შეჩერდა. მოსკოვის წინადადებით ტევადობა უნდა შემცირებულიყო 75 000 მდე, მოიჭრა აშენებული კონსტრუქციები. ავტორების წინაშე დაისვა რთული ამოცანა, უმოკლეს ვადაში უნდა შექმნილიყო ახალი პროექტი. ავტორებმა არქიტექტორებმა არჩილ და გია ქურდიანებმა, ინჟინერ კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილმა ამჯერადაც მიაღწიეს დიდ გამარჯვებას 1976 წელს გაიხსნა დიდი ფეხბურთისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის კომპლექსი. ცენტრალური ეროვნული სტადიონი, სტადიონი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.[2][3]

სტადიონის რეკონსტრუქციის დროს და შემდგომ პერიოდში ქურდიანი მუშაობს სხვადასხვა ობიექტებზე.

მრავალსართულიანი მრგვალი გარაჟი ორთაჭალაში ვლ. მესხიშვილთან და გ. მებუკესთან ერთად. მრავალსართულიანი მრგვალი გარაჟი კრწანისში. 1967 წელს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის პირველი სასტუმრო სახლის რეკონსტრუქცია (არჩილ ქურდიან უფროსთან ერთად).

1981 წელს პირველი სასტუმრო სახლის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია, ხოლო 1998 წელს იგივე ნაგებობის რეკონსტრუქცია მის ვაჟთან არჩ. ქურდიან უმცროსთან ერთად.

მეორე სასტუმრო სახლი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი აბანო; ხელოვნური ტბა; მესამე სასტუმრო სახლი; რეზიდენციები: ბობოყვათში და ვარციხეში; მაღალი სტუმრების მიღების თეთრი დარბაზი ყოფილ მთავრობის სახლში; ცეკავშირის ხაზით, მთელი რიგი ობიექტებისა საქართველოს ყველა რეგიონში. რამდენიმე ათეული ობიექტთაგანი განხორციელებულია თავის ვაჟ არქიტექტორ არჩილ ქურდიან უმცროსთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მისი ობიექტის ინტერიერს და დიზაინს თვით ახორციელებს. იგი ქმნის ინტერიერს, ავეჯს, ჭურჭელს, სიმბოლიკას და სხვა.

სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა პროექტის მთავარ არქიტექტორად, საპროექტო სახელოსნოს უფროსის მოადგილედ და უფროსად, საქართველოს მთავრობის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფოს მეთაურისა და პრეზიდენტის აპარატის, მთავარ არქიტექტორად. ამჟამად არის „გია და არჩილ ქურდიანების სტუდია <დინასტია>“-ს გენერალური დირექტორი. 2006 წელს მას მიენიჭა წლის საუკეთესო არქიტექტორის წოდება. შემოქმედებითი ბიოგრაფია მოთავსებულია სხვადასხვა ენციკლოპედიურ გამოცემებში, მათ შორის სპეციალურ გამოშვებაში „ვინ ვინაა“. „კახეთის გამოჩენილი ადამიანები“.

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • ღირსების ორდენის კავალერი
  • წლის საუკეთესო არქიტექტორი: 2006

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — არჩილ ქურდიანი // თბილისის მთავარი არქიტექტორი (1936–1944). ნამუშევრები: საქართველოს პავილიონი საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოსკოვში (1939; გ. ლეჟავას მონაწილეობით; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); თბილისში - ეროვნული სტადიონი, ტელეცენტრი (I რიგი - 1957; II რიგი - 1974; არქიტექტორებთან ქ. სოკოლოვა-ქურდიანთან, გ. ქურდიანთან და გ. აბაშიძესთან ერთად); ი. სტალინის სახლ-მუზეუმი და სასტუმრო „ინტურისტი“ (1956; ქ. სოკოლოვა-ქურდიანთან ერთად) - გორში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის არჩილ ქურდიანის ქუჩა. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.901 // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  2. არქიტექტურული პროექტები — თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული დინამოს სტადიონი // დინამოს სტადიონის ისტორიიდან: ციტატა: „1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეკონსტრუირებული „დინამოს“ სტადიონი და ამჟამად მას მიენიჭა ვ.ი. ლენინის სახელი. ავტორმა, არჩილ ქურდიანმა, ავტორმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა გია ქურდიანმა და ავტორმა, კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმა, თავიანთი პროექტის მიხედვით მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს 75 000 ადგილამდე“. 25 მარტი, 2016 // Aid.ge. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.
  3. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა — ისტორია // არქიტექტორები: გია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი; ტევადობა: 54 139; საფარი: ბუნებრივსაფარიანი მოედანი; ფაქტები: გახსნა — 1936, რეკონსტრუქცია — 1976, რეკონსტრუქცია — 2006, რეკონსტრუქცია — 2015. 2011 წლიდან მოიხსენიება როგორც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. // თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 30 მაისი, 2019.