ბეატრის დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეატრის დე ბურბონი
Beatrycze.jpg
ბოჰემიის დედოფალი და ლუქსემბურგის გრაფინია
კორონაცია: 18 მაისი, 1337
მმართ. დასაწყისი: 1334
მმართ. დასასრული: 1346
წინამორბედი: ელიზაბეთ ბოჰემიელი
მემკვიდრე: ბლანშ დე ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1320
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1383, (63 წლის)
მეუღლე: იოჰანი, ბოჰემიის მეფე
ედე II, გრანსის ლორდი
შვილები: ვენეცელ I, ლუქსემბურგის ჰერცოგი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: მარი ავესნისი
რელიგია: კათოლიციზმი

ბეატრის დე ბურბონი (ფრანგ. Béatrice de Bourbon, გერმ. Beatrice de Bourbon; დ. 1320 — გ. 23 დეკემბერი, 1383) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მარი ავესნისის ნაბოლარა შვილი. ბოჰემიის დედოფალი და ლუქსემბურგის გრაფინია 1334-46 წლებში როგორც იოჰან ლუქსემბურგელის მეორე ცოლი. ლუქსემბურგის მმართველ ვენეცელ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი დაიბადა 1320 წელს საფრანგეთში. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მისი მეუღლის, მარი ავესნისის ნაბოლარა შვილი.

1330 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა ბოჰემიის მეფე იოჰან ლუქსემბურგელის მეუღლე, დედოფალი ელიზაბეთ ბოჰემიელი. საყვარელი მეუღლის დაკარგვამ, მეფე ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, რაც რამდენიმე წელს გაგრძელდა. ელიზაბეთის გარდაცვალებიდან ოთხ წელიწადში, იოჰანმა ალიანსის შესაქმნელად ახალი ცოლის ძიება დაიწყო. საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ს სურდა, რომ ბოჰემიის სამეფოსთან ალიანსი შეექმნა, ამიტომაც გადაწყვიტა თავისი ბიძაშვილი, ანუ ბეატრის დე ბურბონი. ბეატრისი კაპეტინგების დინასტიის შთამომავალი, ანუ საფრანგეთის სამეფო შტოს წარმომადგენელი იყო, რაც მას ყველა ევროპელი მონარქისათვის სასურველ საცოლედ აქცევდა, თუმცა პრობლემას ის წარმოშობდა, რომ ბეატრისი 1321 წლის 29 მაისიდან დანიშნული იყო ტარანტოს პრინც ფილიპ I-ზე. მეფე ფილიპ VI-მ პაპი მოისყიდა და ეს ნიშნობა ჩააშლევინა, რის შემდეგაც მან ბეატრისისა და იოჰანის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო.

1334 წლის დეკემბერში, შატო დე ვენსენში ბეატრისი და იოჰანი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და დაქორწინდნენ, რა დროსაც საპატარძლო მხოლოდ 14 წლის იყო. ცნობილია, რომ პაპი ბენედიქტ XII კატეგორიულ უარს აცხადებდა მათ ქორწინებაზე, რადგან ისინი მეორე თაობის ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ. ამის გამო, ფილიპ VI თავად ჩავიდა პაპთან ავინიონში და მოსყიდვა-მოლაპარაკებების შემდეგ, 1335 წლის 9 იანვარს ბენედიქტმა მათი ქორწინება დალოცა.

იოჰანს პირველი ცოლისაგან უკვე ჰყავდა როგორც ვაჟები, ისე ქალიშვილები, რის გამოც, იმისათვის, რომ მისი და ბეატრისის შვილები მემკვიდრეობის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, ფრანგებმა საქორწინო კონტრაქტში ჩაწერეს, რომ თუ ბეატრისი მას მემკვიდრეს გაუჩენდა, იოჰანის გარდაცვალების შემდეგ მათი ვაჟი აუცილებლად მიიღებდა ლუქსემბურგის ტახტს.

ბოჰემიის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ბეატრისი

ბეატრისი ბოჰემიაში 1336 წლის 2 იანვარს ჩავიდა, რაზეც ბოჰემიელი მემატიანე გვამცნობს:

ვიკიციტატა
„ჩვენმა ხელმწიფემ ბოჰემიაში თავისი ახალი მეუღლე ჩამოიყვანა, სახელად ბეატრისი, რომელიც არის ასული ბურბონის ჰერცოგისა და საფრანგეთის მეფეთა ახლო ნათესავი...“

ბოჰემიის სამეფო კარზე დედოფალი ბეატრისი ზრუნავდა თავისი უფროსი გერის, კარლის ცოლზე, რომელიც საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის ღვიძლი და, ბლანშ დე ვალუა იყო. თანამემამულეები მალევე დაახლოვდნენ და ერთმანეთში მხოლოდ ფრანგულად საუბრობდნენ. დედოფლისათვისაც და ბლანშისთვისაც, ამან პრაღაში მათი გაუსაძლისი მდგომარეობა შედარებით ასატანი გახადა, რადგან ჩეხებს სძულდათ ისინი და გამუდმებით ცუდად ეპყრობოდნენ, მიუხედავად მათი წოდებისა. თავად ჩეხები, მათდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზად მათ გულცივობას, თავაშვებულობასა და ჩეხური ენის არ ცოდნას ასახებდნენ.

ბოჰემიის დედოფლისა და ლუქსემბურგის გრაფინიის საერთო წლიური შემოსავალი სულ 4 000 დუკატს შეადგენდა. 1337 წლის 25 თებერვალს, პრაღაში ბეატრისმა გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი. ახალშობილი ვაჟი იყო, რომელსაც სახელი იოჰანის პირველი ცოლის, ელიზაბეთ ბოჰემიელის მამის, მეფე ვენეცელ II-ის პატივსაცემად დაარქვეს. ამან ბეატრისი ძალიან გაანაწყენა და ცნობილია, რომ იგი თავის ვაჟს ვენეცელს არასდროს ეძახდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1337 წლის 18 მაისს, წმინდა ვიტუსის კათედრალში შედგა ბეატრისის დედოფლად კურთხევა. ცნობილია, რომ პროტესტის ნიშნად, პრაღელები სახლებიდან არც კი გამოსულან რათა დედოფალი ენახათ.

1337 წლის ივლისში ბეატრისმა შვილთან ერთად სამუდამოდ დატოვა ბოჰემიის სამეფო და ლუქსემბურგში გადასახლდა. ამის შემდეგ მას აღარც ქმარი უნახავს და აღარც ბოჰემია.

1346 წლის 26 აგვისტოს მეფე იოჰანი კრესის ბრძოლაში მოკლეს, რის შემდეგაც ბოჰემიის ტახტზე ბეატრისის გერი, ხოლო ლუქსემბურგისაზე მისი ვაჟი ავიდა.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლა უკვე დაქვრივებული, 26 წლის ბეატრისი ენოში გადასახლდა. როგორც მეფის ქვრივს, ჩეხები მას მაინც უხდიდნენ ყოველთვიურ პენსიას 4, 000 ლივრის ოდენობით. იგი ამ ფულს არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისამებრ, არამედ შვილის განათლებაში ხარჯავდა. 1341 წელს, როდესაც ბეატრისის მამა, ლუი I დაიღუპა, მან მემკვიდრეობით 1, 000 ლივრი და ქალაქი კრეილი მიიღო.

1347 წელს ბეატრისი მეორედ დაქორწინდა გრანსის ლორდ ედე II-ზე. ახალი ქორწინებისდა მიუხედავად, ბეატრისმა შეინარჩუნა ბოჰემიის ქვრივი დედოფლის წოდება. ბედნიერი თანაცხოვრების მიუხედავად, წყვილს შვილები არ ჰყოლია. 1355 წელს კი ბეატრისმა თავისი ვაჟი, ჰერცოგი ვენეცელი დააქორწინა მასზე 15 წლით უფროს ქალზე, ბრაბანტის, ლიმბურგისა და ლოთერის ჰერცოგინია იოჰანა ბრაბანტელზე.

ბეატრისი გარდაიცვალა 1383 წლის 23 დეკემბერს, 63 წლის ასაკში. იგი მის მშობლიურ საფრანგეთში გადაასვენეს და პარიზში დაკრძალეს. მისი მეორე ქმარი, მისი გარდაცვალებიდან ექვს წელიწადში დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Josef Cibulka, The Crown Jewels of the Bohemian Kingdom, Odeon, t. PG1, 1969
  • Boehm, Barbara Drake; Fajt, Jiri, eds. (2005). Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Yale University Press.
  • Killgrove, Kristina (13 December 2016). "Historians Question Medieval C-Section 'Breakthrough,' Criticize New York Times Coverage". Forbes. Retrieved 30 May 2017.