კრესის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კრესის ბრძოლა

კრესის ბრძოლა — ასწლიანი ომის (1337–1453 წწ.) დროს, 1346 წლის 26 აგვისტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთის (სომის დეპარტამენტი) დასახლებული პუნქტის კრესის რაიონში ინგლისის მეფის ედუარდ III-ის ჯარებმა დამარცხეს საფრანგეთის მეფე ფილიპე VI-ის არმია, ბრძოლაში მოკლეს დაახლოებით 1 500 ფრანგი რაინდი. გამარჯვებამ საშუალება მისცა ინგლისელებს 1347 წელს ხელთ ეგდოთ კალე.[1]

ძალთა თანაფარდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯართა ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია, თუმცა მიჩნეულია, რომ ინგლისელთა ჯარი 14 000 მეომარზე მეტი იყო. მათგან 2500 ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი ცხენებიდან ჩამოქვეითებული მძიმე აღჭურვილი ცხენოსანი და რაინდი იყო, 2500 — შუბოსანი და 3250 — მსუბუქი ცხენოსანი ჯარი (დასავლეთ ევროპაში ჰობელარებად წოდებული). ინგლისელთა მთავარი დასაყრდენი 7000 კაციანი მშვილდოსანთა კორპუსი იყო, რომელთა მთავარ იარაღს ე.წ. „გრძელი მშვილდი“ (Longbow) და ჯავშნის გამხვრეტი ისრები წარმოადგენდა.

ფრანგთა ჯარი 30 000-მდე მეომარს ითვლიდა. მათგან 12 000 — ცხენზე ამხედრებული რაინდი, 12 000 — ქვეითი და 6000 მეარბალეტე იყო. ამრიგად, ფრანგთა რიცხობრივი უპირატესობა აშკარა იყო.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელთა ჯარი მაღლობზე იდგა, მათ სტრატეგიული უპირატესობა გააჩნდათ. ფილიპე VI ხანგრძლივი მარშისგან დაღლილი ჯარის ღამით დასვენებას და გამთენიისას შეტევას გეგმავდა, თუმცა ფრანგთა ზედმეტმა რაინდულმა სიამაყემ და ჯარზე არცთუ ისე დიდი კონტროლის ქონამ, მეფე აიძულა, შეტევა დაგეგმილზე ადრე დაეწყო.

შეტევის მისატანად პირველი ფრანგული არმიის მეარბალეტეები დაიძრნენ, რომელთა რიგებში, ფრანგებთან ერთად, გენუელებიც ირიცხებოდნენ. უეცრად წამოსულმა წვიმამ ბრძოლის ველი აატალახა, არბალეტები დააზიანა და ფაქტობრივად, გამოუსადეგარი გახადა. ამასობაში ინგლისელმა მშვილდოსნებმა, რომელთა მშვილდებსაც წვიმამ ვერაფერი დააკლო, ფრანგული არმიის წინ მომავალ მეარბალეტეთა კორპუსს ისრების წვიმა დაატეხეს თავს. მრავალი ფრანგი დიღუპა, დანარჩენები კი უკუიქცნენ. თავიანთი თანამებრძოლების უკანდახევით აღშფოთებულმა ფრანგმა რაინდებმა, რომელთაც ეს უკუქცევა სიმხდალედ მიიჩნიეს, შეტევა დაიწყეს. მათ არ დაინდეს ბრძოლის ველიდან გამოქცეული საკუთარი თანამემამულეები და უმოწყალოდ აჩეხეს ისინი, სანამ უშუალოდ ინგლისელთა რიგებს შეუტევდნენ. ამ არასაჭირო ხოცვა-ჟლეტამ ფრანგებს დრო დააკარგვინა და მაღლობის ძირში მიახლოებისას მათ პრობლემები შეუქმნა. ინგლისელმა მშვილდოსნებმა კვლავ დაატეხეს ფრანგებს ისრების წვიმა. ისრებმა მრავალი რაინდი შეიწირა და ცხენები პანიკაში ჩააგდო, ფრანგთა რიგებში არეულობა დაიწყო. ფრანგი რაინდების გარკვეულმა ნაწილმა მიაღწია უშუალოდ ინგლისელთა დაცვის ხაზამდე, თუმცა მათ იქ ჩამოქვეითებული ინგლისელი რაინდები დახვდნენ და მათი აბსოლუტური უმეტესობა აჩეხეს.

პირველი შეტაკება ფრანგული ჯარისთვის პირწმინდა მარცხი აღმოჩნდა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. მარცხის მიუხედავად, ფრანგი რაინდები არ გატყდნენ და ახალ-ახალ იერიშებს იწყებდნენ. მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ინგლისელთა მარჯვენა ფლანგზე, რომელსაც თექვსმეტი წლის შავი პრინცი მეთაურობდა და კინაღამ მოკლეს კიდეც ის. ფრანგთა რიცხობრივად აღმატებულმა ჯარმა თითქმის ალყაში მოაქცია პრინცი ედუარდის ჯარები. ედუარდმა მამას, მეფე ედუარდ III-ს დახმარება სთხოვა, თუმცა მამამ შვილის თხოვნა არაფრად ჩააგდო და გადმოცემის თანახმად, თქვა: „დაე ბიჭმა თვითონ მოიპოვოს ბრძოლაში გამარჯვების პატივი, რადგანაც, გთხოვ, ღმერთო, მინდა, რომ მთელი დიდება მისი იყოს“. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მეფემ მაინც გააგზავნა 20 რჩეული რაინდი შვილის დასახმარებლად, მაგრამ როცა მათ ბრძოლის ხაზს მიაღწიეს, შეიტყვეს, რომ შავი პრინცის ძალებს უკვე უკუეგდოთ ფრანგული ჯარი.

ფრანგებმა გადაწყობა მოახერხეს და ბოჰემიის ბრმა მეფის მეთაურობით კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეს, რომელმაც მარჯვენა ფლანგის ინგლისელი მშვილდოსნების რიგები გაარღვია, თუმცა საბოლოოდ ყველა ფრანგი რაინდი ინგლისელმა ქვეითებმა უმოწყალოდ ამოწყვიტეს.

მთლიანობაში ფრანგულმა არმიამ მთლიანი ბრძოლის მანძილზე თხუთმეტჯერ შეუტია ინგლისელთა პოზიციებს. ყოველი მომდევნო შეტევა წინაზე არაორგანიზებული და უიმედო იყო. ბრძოლის მიმდინარეობაში ფილიპე VI-ც ჩაერთო, თუმცა მას რამდენიმე ცხენი მოუკლეს და თავადაც დაიჭრა ინგლისური ისრით. ამ წარუმატებლობის შემხედვარე ერთ-ერთმა ფრანგმა ვასალმა მეფე დაარწმუნა, რომ უკან დაეხია. ფრანგთათვის ბრძოლა წაგებული იყო.

დანაკარგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელთა დანაკარგი ძალიან უმნიშვნელო აღმოჩნდა. ისტორიკოსების ვარაუდით, მათ 100-ზე ნაკლები მეომარე დაკარგეს, მაშინ როცა ფრანგების დანაკარგი 10 000-ს სცდებოდა, მათ შორის 1500 ლორდი და რაინდი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 26.