მარტინ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტინ I

მარტინ I აღმსარებელი (ლათ. Martinus PP. I; დ. ? – გ. 16 სექტემბერი, 655) — რომის პაპი 649-653 წწ. მართლმადიდებელი (მოიხსენიებენ 27 აპრილს) და კათოლიკური (მოიხსენიებენ 13 აპრილს) ეკლესიების წმინდანი.

ცხოვრება[რედაქტირება]

წმინდა მარტინე აღმსარებელი, წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და რომის ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპ თეოდორ I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ, ის აირჩიეს რომის მღვდელმთავრად.

ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. ერესს თავად იმპერატორი კონსტანცი (641-668) და კონსტანტინოპოლის პატრიარქი პავლე II-ც (641-654) თანაუგრძნობდნენ. იმპერატორის მითითებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასთვის და კრძალავდა შემდგომ კამათს.

ერეტიკული „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმინდა პაპმა მარტინმა, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმინდა მარტინი. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი სასწრაფოდ სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა.

654 წელს იმპერატორმა, იმავე მიზნით, რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი - თეოდორე, რომელმაც პაპს ბრალდებად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მკრეხელურად მოხსენიება და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმინდა მღვდელმთავარი თითქმის უკაცრიელ კუნძულზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინეპოლში წაიყვანეს.

ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვაზე პასუხი ფეხზე მდგარს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ავადმყოფობისაგან ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმინდა მარტინის თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყის უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“.

სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი სამოსელშემოძარცული გამოიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმინდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად.

იმპერატორი მივიდა მომაკვდავ პატრიარქ პავლესთან და სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმინდა მარტინის წამება. იმპერატორმა მღვდელმთავართან გაგზავნა ხალხი დამატებით დაკითხვის ჩასატარებლად. წმინდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინეპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოგნებულები დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეუცვალეს.

წმინდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (16 სექტემბერი, 655). დაკრძალეს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.

680 წ. VI მსოფლიო კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმინდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
თეოდორ I
რომის პაპი

649653
შემდეგი:
ევგენი I