ვახუშტი ბატონიშვილი
ვახუშტი ბატონიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1696 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1757 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | დონის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
ქართლის სამეფო ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი |
მამა | ვახტანგ VI |
შვილ(ებ)ი | ივანე ბაგრატიონი და იოთამ ბაგრატიონი |
ვახუშტი ბატონიშვილი/ბაგრატიონი (დ. 1696, თბილისი — გ. 1757 ან 6 დეკემბერი, 1784[კ 1], დონის მონასტერი) — გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი. ავტორი სამეცნიერო თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი.
ვახუშტი გვევლინება როგორც ცნობილი გეოგრაფოსი და ისტორიკოსი, რომელიც თავისი კალმით აღწერს დარგებს: გეოგრაფიას (კლიმატოლოგიას, ხმელეთის ჰიდროლოგიას, ნიადაგების გეოგრაფიას, სპელეოლოგიას, კარტოგრაფიას, ისტორიულ გეოგრაფიას, ტოპონიმიკას, ეკონომ გეოგრაფიას, მ.შ. მოსახლეობასა და სოფლის მეურნეობას), გეოლოგიას (მინერალოგიას, ჰიდროგეოლოგიას), ბოტანიკას (ფიტოგეოგრაფიას), ზოოლოგიას (ზოოგეოგრაფიას), ისტორიოგრაფიას, ეთნოგრაფიასა და ანთროპოლოგიას. ვახუშტი სამშობლოს აღწერას, ქვეყნისადმი დიდი ინტერესის მიზნით ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ ვახუშტის მთავარ შრომას 2010 წლისათვის 265 წელი შეუსრულდა, თხზულება მაინც ინარჩუნებს თავის მეცნიერულ ღირებულებას. ოჯახთან ერთად გადასახლების გამო, თავის თხზულება ვახუშტიმ 1745 წელს, რუსეთში დაასრულა.
იუნესკოს ეგიდით, 1997 წელს საზეიმოდ აღინიშნა ვახუშტის დაბადების 300 წლისთავი და ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი თხზულება და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი“, რომელიც მტკიცედ შევიდა მსოფლიო კულტურის საგანძურში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტი ბატონიშვილი დაიბადა 1696 წელს, ქალაქ თბილისში. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (1700-1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი იმთავითვე გაანათლეს გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწეებმა: სულხან-საბა ორბელიანმა და ძმებმა გიორგი და იესე გარსევანიშვილებმა (გარსევანოვებმა). ვახუშტის აღზრდაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თბილისში მყოფმა კათოლიკე ფრანგმა მისიონერებმა. მაინც, ვახუშტის უშუალო აღმზრდელად, დეკანოზი იესე გარსევანიშვილი მიიჩნევა. 1717 წლიდან 1724 წლამდე ვახუშტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მ.შ. ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1721 წელს, მდივანბეგ გივი თუმანიშვილთან ერთად ატარებს ქვემო ქართლის მოსახლეობის სტატისტიკურ აღწერას. თავისი დროისთვის ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანათ ითვლებოდა. ქართულის გარდა ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხური ენებს.
1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ აბაშიძეზე (გიორგი აბაშიძის ასული). 1722 წელს, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 წელს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული იყო ვახტანგ VI-ს გაჰყოლოდა რუსეთში და სამეცნიერო მოღვაწეობა მოსკოვში განეგრძო. სწორედ მოსკოვში დაწერა მან თავისი უმთავრესი ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა ხანებამდე. ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შენაძენია ვახუშტის მიერ შედგენილი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები. ასევე მაღალ შეფასებას იმსახურებს მოსკოვში მისი ენერგიული მთარგმნელობით-საგამომცემლო მოღვაწეობა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი კვლევა-ძიების ერთ-ერთ მთავარ და არსებით ნაწილს წარმოადგენს გეოგრაფია. „საქართველოს გეოგრაფიული აღწერა“ ვახუშტი ბატონიშვილის მთავარი შრომის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გეოგრაფიული თავების ერთობლიობის პირობითი სახელწოდებაა, წარმოადგენს თავისი ეპოქის მეცნიერულ დონეზე დაწერილ ნაწარმოებს.
ვახუშტიმ თავისი შრომით საქართველოს გეოგრაფიული წარმოდგენა სრულიად ახალ გზაზე დააყენა. მისი აღწერა მთელი საუკუნის მანძილზე გეოგრაფიული ცოდნის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილმა თავის მთავარ შრომაში აღწერა 800-მდე ოროგრაფიული ერთეული, მ.შ. ქედები, მასივები, ხეობები, ხევები და ვაკეები. აღწერა 440 მდინარე და 22 ტბა; რიგი მინერალი და მტკნარი წყარო. შრომაში კარგად არის აღწერილი ჰიდროგრაფიული ქსელი, განსაკუთრებით კი ქართლისა.
განიხილავს საქართველოს ტბებს და აღწერს: ლისის, კუმისისა და ლილოს ტბებს (თბილისთან), ტბისყურის (ტაბაწყურის), ფარავნის, კარწახის, საღამოს, ტაღაშანისა (მადათაფის) და ორმოზანის ტბებს (სამხრეთ საქართველო); მოიხსენიებს პალიასტომის, ბაზალეთის, ერწოს ტბებსა და სხვ. შრომაში აღწერილია ქალაქები და სოფლები, ასევე მრავალი ნასოფლარ-ნაქალაქარი. ვახუშტიმ შრომაში დეტალურად განიხილა საქართველოს ბუნებრივი პირობები, მოსახლეობა, ეკონომიკა და კულტურა. მის რუკებზე კი დაწვრილებით აისახა ჰიდროქსელი, რელიეფი და სხვ. იგი ახასიათებს სარტყლურობას, ამასთანავე ცდილობს შეაფასოს რელიეფის ფორმათა მორფომეტრია და სხვ. მან მოგვცა ასევე საქართველოს ჰავის პირველი დეტალური აღწერა, რომელმაც ვიზუალური დაკვირვებების ხარჯზე, საკმაოდ მაღალ დონეზე აღწერა იგი. ვახუშტიმ საქართველოს კლიმატი ცალკეული მხარეების მიხედვით აღწერა და შექმნა სრულყოფილი კლიმატური დახასიათება.
ვახუშტი ასე ახასიათებს თბილისის ჰავას:
„ჰავითა არს მშვენი და მხიარული... ზაფხულს ცხელი და არა გაუძლისი, ზამთარ ცივი, გაზაფხულ-შემოდგომა მშვენი და სატრფო...“
|
ვახუშტი ბატონიშვილმა აღწერა ასევე საქართველოს ნიადაგების გეოგრაფიული გავრცელება. საფუძვლიანად შეისწავლა ნიადაგურ-რელიეფური სამეურნეო-ეკონომიკური თავისებურებანი და ამასთანავე, ნიადაგების მოსავლიანობისა და ნაყოფიერების მიხედვით, საქართველო 5 სამეურნეო ზონად დაყო. ვახუშტი ფრიად საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს მღვიმე-გამოქვაბულების შესახებ. ადგენს მათ მდებარეობას, დანიშნულებას და სხვ. ვახუშტი გვევლინება როგორც მსოფლიო დონის კარტოგრაფი, რომელმაც საკმაოდ ღრმა კვალი დაამჩნია ქართული კარტოგრაფიის აზროვნების ისტორიას.
ვახუშტი ბატონიშვილმა შეადგინა საქართველოსა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ორი ქართული გეოგრაფიული ატლასი, რომელიც წარმოადგენს კავკასიის ერთი ნაწილის პირველ დეტალურ, საკმაოდ მსხვილმასშტაბიან და თავისი დროისათვის ზუსტ კარტოგრაფიულ გამოსახულებას. თავის პირველი ატლასი მან 1735 წელს შექმნა და იგი წარმოდგენილი იყო 8 რუკით (რომელთა ნაწილი დაკარგულია). ამავე პერიოდში ატლასი ითარგმნა ფრანგულ და რუსულ ენებზე. ფრანგულად ატლასი გადათარგმნა ფრანგმა მკვლევარმა დელილმა, ხოლო რუსულ თარგმანზე იზრუნა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ.
თავის მეორე ატლასი ვახუშტიმ 1742-1743 წწ. შეადგინა, და იგი თავის მხრივ, 19 რუკისაგან შედგებოდა. უნდა შევნიშნოთ, რომ ეს უკანასკნელი, პირველ ატლასთან შედარებით, უფრო სრულყოფილი და დახვეწილი გამოდგა. რუკებზე გამოისახა ჰიდროქსელი, რელიეფი, ქალაქები, თვალსაჩინო ნაგებობანი და სხვ. ვახუშტის ნაშრომები იმთავითვე შეაფასეს მოწინავე ევროპელმა კარტოგრაფებმა და იგი გამოყენებულ იქნა XVIII საუკუნეში შედგენილი მთელი რიგი ევროპული რუკებისათვის.
ვახუშტიმ დიდი წვლილი შეიტანა ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაზე. მის მეორე ატლასში პირველად იყო შეტანილი ისტორიული რუკები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
XIX საუკუნის შუა წლებამდე ვახუშტი ბატონიშვილის კარტოგრაფიული ნაწარმოებების საფუძველზე ეცნობოდნენ კავკასიის გეოგრაფიას. 1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა „მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია“ 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, რომელშიც გამოსახულია იმ დროს ცნობილი ყველა ქვეყანა, ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში. ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული თხზულება და რუკები მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო გეოგრაფიულ მეცნიერებაში.
ვახუშტიმ მნიშვნელოვანი წვლილი გასწია საქართველოსა და უცხო ქვეყნების ეკონომ-გეოგაფიულ შესწავლილობაში. მაღალ დონეზე აღწერა მოსახლეობა და სხვა ეკონომიკური ხასიათის პრობლემები.
ვახუშტიმ საქართველო დაყო მთისა და ბარის განსხვავების ნიშნით და იგი ბარის რაიონებს აკუთვნებდა ისეთ ტერიტორიებს, სადაც გაბატონებული იყო მევენახეობა-მეხილეობა, ხოლო ტერიტორიებს, სადაც არ იყო განვითარებული აღნიშნული დარგები, მთის ზონას მიაკუთვნებდა.
გარდა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობებისა, ვახუშტის ნაშრომში ფრიად მდიდარი ინფორმაცია მოიპოვება ბოტანიკის, ზოოგეოგრაფიისა და გეოლოგიის შესახებ. ვახუშტი საგანგებოდ განიხილავს საქართველოს მცენარეულს საფარს, ამასთანავე მცენარეებს ყოფს კულტურულ და ველურ ზონებად. მის ცნობილ შრომაში, პირველად იყო განხილული მცენარეული საფრის კლასიფიკაციის მეცნიერული ცდა და მათი გეოგრაფიული გავრცელება. ვახუშტი გვევლინება ასევე როგორც საქართველოში ზოოგეორაფიული კვლევის ფუძემდებელი, რომელმაც საქართველოს ფაუნა დაწვრილებით აღწერა და განიხილა იგი ცალკეული მხარეების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნაშრომში მოცემულია სისტემატიკის პრინციპები, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვახუშტი ბატონიშვილი აღწერს თბილისის ფაუნას:
„სანადირონი მრავალნი ახლოს, ფრინველთა და ნადირთა; ტბანი არიან მცირენი და უთევზონი, მყვართა სავსე; სხდების წერო ბატი მრავალი...“
|
ვახუშტი თავის მთავარ შრომაში ეხება გეოლოგიის რამდენიმე დარგს, მ.შ. მინერალოგიასა და ჰიდროგეოლოგიას. „აღწერაში“ შემონახულია მნიშვნელოვანი ცნობები მინერალებისა და ქანების შესახებ. სულ 300-მდე სახის მინერალი მოიხსენიება. გარდა ამისა, იგი მეცნიერულ დონეზე აღწერს მინერალურ წყლებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი წერს:
„ვახუშტის თხზულება... ყოველი მკვლევარისათვის ყოველთვის აუცილებელი წყარო იქნება... იგი მუდამ უკვდავების შარავანდედით იქნება მოსილი და არასდროს მნიშვნელობა არ დაეკარგება...“
|
ვახუშტის კალამს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი მეცნიერული თხზულება, როგორიცაა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს გაბმულ ისტორიას უძველესი დროიდან („დასაბამიდან“, „ქვეყნის შექმნიდან“) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე. ნაშრომი მრავალი წლის მანძილზე რჩებოდა უმნიშვნელოვანეს წყაროდ საქართველოს მიწა-წყლის გასაცნობად.
ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებში. ვახუშტი ბატონიშვილი ისტორიულ ამბებს მატიანისებური სტილით გადმოგვცემს, ძირითადად ჩერდება პოლიტიკური მოვლენების აღწერაზე, ცდილობს ეს მოვლენები ახსნას მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გზით. პოლიტიკური ისტორიისათვის ვახუშტი ბატონიშვილი იყენებს ისტორიულ ქრონოლოგიას, რომელიც მან მეცნიერებად აქცია.
ვახუშტი ბატონიშვილს მოცემული აქვს აგრეთვე საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ცდა. მან საქართველოს ისტორია ორ ნაწილად დაყო: I ძველი ისტორია — 1469 წლამდე და II. 1469 წლის შემდეგ — ვახუშტის დრომდე.
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის პირველი პერიოდის წყარო „ქართლის ცხოვრებაა“, მეორე ნაწილი კი ძირითადად ორიგინალურია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში გაკვრით ეხება ქართული ენის ზოგიერთი დიალექტის გავრცელების ფარგლებს.
ვახუშტიმ დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს ისტორიოგრაფიული საკითხების შესწავლას. მან კარდინალურად დაამუშავა ისტორიოგრაფიული პრობლემები, მ.შ. შემოიღო მანამდე უცნობი ახალი მეთოდები, ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე გამოაქვს დასკნები და ა.შ. ვახუშტი ეყრდნობა ციცერონის, ვილჰელმ სტრატემანის, იოანე დამასკელის, ლუი ფილიესა და სხვ. შრომებს. სარგებლობს სომხური, თურქული, სპარსული და ბერძნული წყაროებით.
იცნობდა გალილეო გალილეის, მიკოლაი კოპერნიკის, სკარგიუსისა და სხვათა შრომებს. ასევე ფართოდ სარგებლობდა სულხან-საბა ორბელიანის შრომებით. ეჭვს არ იწვევს ვახუშტისა და რუსი მეცნიერის ვასილი ტატიშჩევის საერთო კავშირი.
ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები და დაიტანა იგი თავის სახელგანთქმულ ატლასში. ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.
წმინდა გიორგი გამოსახულია საქართველოს სამეფო სახელმწიფო დროშაზე. ატლასში შეტანილია კახეთის, ქართლის, ოდიშის, იმერეთის სამეფო გერბები, მოთავსებულია სვანეთის, გურიის, აფხაზეთის გერბები და სხვ. ამრიგად, ვახუშტიმ ისტორიის დამხმარე დარგის — ჰერალდიკის შესწავლაც მოახერხა და ამით ამაგი დასდო ამ დარგის განვითარებას საქართველოში.
ვახუშტიმ დიდი წვლილი შეიტანა ასევე ეთნოგრაფიის კვლევის საქმეშიც. მან მაღალ დონეზე აღწერა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთობლიობა და დაგვიტოვა არაერთი საყურადღებო ცნობა ქართველთა ჩაცმულობაზე, საქორწინო წეს-ჩვეულებებზე, ტრანსპორტზე, ნაგებობებზე და სხვ.
ვახუშტი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ასევე, საქართველოში ანთროპოლოგიის მდგომარეობის შესახებ. მან ქართველი ხალხი ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით აღწერა. ვახუშტი მოღვაწეობდა მთარგმნელობით სფეროშიც, რითაც წვლილი შეიტანა ქართული საზოგადოების განმანათლებლობაში.
XIX საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე სწორედ შენიშნავს და წერს:
ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი...
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტის სახელობისაა თბილისში, მდინარე მტკვარზე განლაგებული ხიდი, მის სახელს ატარებენ ქუჩები ქუთაისსა და თბილისში, ვახუშტის სახელობისაა გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სვანეთის კავკასიონზე არის ვახუშტის მარადთოვლიანი მწვერვალი (4000 მ), უშოლთის მღვიმის ერთ-ერთ დარბაზს ვახუშტის სახელი ეწოდება; ბერჭილის ქედის ერთ-ერთი ღრმა უფსკრული ვახუშტი ბაგრატიონის სახელს ატარებს.
და ბოლოს, დაწესებულია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია, რომელიც სხვადასხვა დროს მიენიჭათ ლევან მარუაშვილს (1977), გრიგოლ ხმალაძეს (1982), გივი სვანიძეს (1982) და სხვა.
1948 წელს მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძემ შექმნა ვახუშტი ბატონიშვილის ორი ბიუსტი, რომლებიც ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. ვახუშტი დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
- აღწერა სამეფოსა საქართველოსა
- თბილისის გეგმა
- ვახუშტის მწვერვალი
- ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული
- ბაგრატიონები
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. გ. ჯანაშვილი, „ვახუშტი და მისი შრომა“, თბ., 1904
- ბარამიძე არჩ. მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 339.
- ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა/ თხზულებანი 12 ტომად, VIII, თბილისი, 1945;
- ბარამიძე ა., ძველი საქართველოს ქრონოლოგიის საკითხები XIX საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში, «მაცნე» 1964, №4;
- გაბაშვილი ვ., ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1969;
- მარუაშვილი ლ., საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1956;
- ჯავახიშვილი ა., ვახუშტი ბაგრატიონი — გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, «ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომები», 1947, ტ 1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახუშტი ბატონიშვილის შესახებ
- ვახუშტის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ნაწყვეტი დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
- ვახუშტი ბატონიშვილი - დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული]
- ვახუშტი - მართლმადიდებლური ენციკლოპედია
- ვახუშტი ქართველების შესახებ
- ვახუშტი ბატონიშვილი
- ვახუშტი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასი
- ვახუშტის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა[მკვდარი ბმული]
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑