ტოპონიმიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპონიმიკა (ბერძნ. topos — ადგილი და onyma — სახელი) — ონომასტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეისწავლის ტოპონიმებს ანუ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, მათ მნიშვნელობას, აგებულებას და წარმომავლობას, განსაზღვრავს მათი გავრცელების არეს (ზოგჯერ ასაკსაც). ტოპონიმთა ერთობლიობას ტოპონომია ეწოდება.

კვლევის საგანი[რედაქტირება]

ტოპონიმიკის მონაცემებს ფართოდ იყენებს სხვადასხვა მეცნიერება: ისტორიული გეოგრაფია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ეკონომიკური ისტორია, ენათმეცნიერება, ფოლკლორისტიკა. ტოპონიმები მრავალ სხვადასხვა ინფორმაციას შეიცავს (მაგ.: ტოპონიმმა სარკინეთმა გარკვეული სამსახური გაუწია არქეოლოგებს უძველესი რკინის საბადოს მიკვლევაში დმანისის მახლობლად). ისტორიულ ცნობებთან ერთად ტოპონიმია მნიშვნელოვანი წყაროა ამა თუ იმ ხალხის, ტომის ან სხვა ეთნიკური ჯგუფის პირველსაცხოვრისა და მიგრაციის კვალის დასადგენად.

საქართველოს ტოპონიმიაში დადასტურებული სპარსული, არაბული, თურქული, ოსური და სხვა ფენები ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების მიგრაციაზე მიუთითებს. თავის მხრივ, „მოგზაურობა“ არც ქართული ტოპონიმებისთვისაა უცხო. მაგ.: კახეთის სოფელთა სახელწოდებები (მარტყოფი, ნინოწმინდა და სხვ.) გვხვდება ფერეიდანშიც — ირანის ერთ-ერთ პროვინციაში, სადაც მრავალი საუკუნის წინათ გადაასახლა ქართველები ირანის შაჰმა აბას I-მა. ხშირად ტოპონიმები წერილობით ძეგლებზე უფრო ასაკოვანია. ამ შემთხვევაში ტოპონიმია ისტორიული ლექსიკოლოგიის, ისტორიული ფონეტიკისა და დიალექტოლოგიის კვლევის საგანია.

ტოპონიმები, განსაკუთრებით მთებისა და წყლების სახელები — ყველაზე ძველი და მყარი ერთეულები — შედარებით კარგად ინახავენ არქაიზმებსა და დიალექტიზმებს, რაც ხელს უწყობს კვლევას ამა თუ იმ ენის სუბსტრატის გამოყოფაში, გარკვეულ ტერიტორიაზე ძველი ენის აღდგენასა და მისი გავრცელების არეალის შემოსაზღვრაში.

ტოპონიმიკის პრაქტიკული მხარეა გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელთა შერქმევა-გადარქმევა, ტოპონიმთა ერთიანი დაწერილობის დადგენა, უცხოურ ტოპონიმთა გადმოცემა მშობლიურ ენაზე და სხვა.

საქართველოში ტოპონიმიკური მუშაობის დასაწყისი ვახუშტი ბატონიშვილის სახელთანაა დაკავშირებული.

ცნობილი წარმომადგენლები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]