მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია
მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია (მაკედ. Македонска православна црква) — აუღიარებელი ეკლესია. მისი იურისდიქცია ვრცელდება მაკედონიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკედონიაში ეკლესიის ისტორია ქრისტეს დაბადების I საუკუნეში იწყება. წმინდა მოციქულმა პავლემ მოინახულა მაკედონიის ქალაქები და იქ ქრისტიანული თემები დააფუძნა.
მილანის ედიქტის გამოცემიდან მოკლე ხანში (313 წ.) მაკედონიაში დაარსდა ქრისტიანული საეპისკოპოსო. პირველ დოკუმენტურად ხელდასხმულ ეპისკოპოსად პარიგორი იქცა, რომელიც 347 წლის სარდიკიის საადგილმამულო საეკლესიო კრების საქმეებში მონაწილეობდა.
IV-V საუკუნეებში მაკედონია, რომელიც აღმოსავლეთ ილირიის პრეფექტურის შემადგენლობაში შედიოდა, საეკლესიო საკითხში ხან რომს ემორჩილებოდა, ხანაც - კონსტანტინოპოლს. 527-565 წლებში სკოპიეს ეპისკოპოსს თავისი ოლქის დამოუკიდებლად მართვის უფლება მიეცა.
VII საუკუნეში ოლქი სალონიკის არქიეპისკოპოსს დაექვემდებარა, რომელიც მონაცვლეობით რომისა და კონსტანტინეპოლის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. 1767 წელს კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მოხვდა პეჩის საპატრიარქოც, რის შემდეგაც მის იურისდიქციაში მოექცა ოჰრიდის საარქიეპისკოპოსოც.
ბალკანეთის პირველი ომის დროს ოსმანთა ურდოებისგან გათავისუფლების შემდეგ მაკედონია მოკავშირე სერბეთმა, ბულგარეთმა და საბერძნეთმა გაიყვეს. სერბეთს ამჟამინდელი მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორია ერგო, ბულგარეთს - აღმოსავლეთი ნაწილი (პირენეს მაკედონია), ხოლო საბერძნეთს - სამხრეთი რაიონები ეგეოსის ზღვამდე. დანაწევრებული მაკედონიის თითოეული ამ ნაწილის ტერიტორიაზე შესაბამისი ეკლესიის იურისდიქცია დამყარდა: სერბეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში - კონსტანტინოპოლის.
1945 წელს ქვეყნის დედაქალაქ სკოპიეში რამდენიმე საეკლესიო კრება გაიმართა, რომლებზეც მაკედონიის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და სერბეთის საპატრიარქოსგან მისი გამოყოფის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ სერბი იერარქების უარის გამო საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა.
1958 წელს ქ. ოჰრიდში გაიმართა «მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო კრება», რომელმაც ოჰრიდის უძველესი მიტროპოლიის აღდგენის შესახებ განაცხადა და «კომპრომისული გადაწყვეტილების» სახით გამოაცხადა მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტონომია, მის პირველ მიტროპოლიტად კი ბელგრადის საპატრიარქოს ახალგაზრდა თანამშრომელი ეპისკოპოსი დოსითეოზი აირჩია.
1959 წელს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავართა საეკლესიო კრებამ მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობისა და საკუთარი წესდებით მართვა-გამგეობის (ფაქტობრივად, ავტონომია) კონსტატაცია მოახდინა. მისი არსებობის ეს ავტონომიური პერიოდი 1967 წლამდე გაგრძელდა.
1962 წლის მაისში შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსი I ოფიციალური ვიზიტი სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის მსვლელობისას მოინახულა მაკედონიის რესპუბლიკა და ოჰრიდში სერბეთის უწმინდეს პატრიარქ გერმანესთან ერთად საღვთო ლიტურგია აღავლინა; ღვთისმსახურებას მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, ოჰრიდის არქიეპისკოპოსი და მაკედონიის მიტროპოლიტი დოსითეოზიც ასრულებდა.
1966 წელს მაკედონიის ეკლესიამ კვლავ მოითხოვა ავტოკეფალია სერბეთის საპატრიარქოსგან. ეს მოთხოვნა სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავართა საეკლესიო კრებამ უგულებელყო და განაცხადა, რომ თუ მაკედონიის ეკლესია გაჯიუტდება და ავტოკეფალიას გამოაცხადებს, ის განხეთქილების ჩამომგდებად მიიჩნევა და მოიკვეთება.
1967 წელს ოჰრიდის სასულიერო და საერო პირთა კრებამ, სერბეთის კირიარქალური ეკლესიის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და კურთხევის გარეშე, თავისი ეკლესია ავტოკეფალიურად გამოაცხადა.
მარშალმა ტიტომ მხარი დაუჭირა არაკანონიკურ ეკლესიას, რაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის პოლიტიკას ესადაგებოდა. ტიტოს რეჟიმისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენდა ეკლესიის, როგორც ახალი წყობილების შექმნის გზაზე ძირითადი დაბრკოლების, განყოფა და დენაციონალიზაცია.
1991 წელს მაკედონიის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მიიღო და მისმა ხელმძღვანელობამ განაგრძო არაკანონიკური, მაგრამ «თავისი» ეკლესიის პოზიციების განმტკიცების ხაზი.
2001 წლის 14 იანვარს ოჰრიდის მახლობლად მდებარე წმ. ნაუმის მონასტერში სერბეთისა და მაკედონიის მხარეებმა საეკლესიო ერთიანობის აღდგენის ხელშეკრულების ტექსტი მიიღეს, თუმცა მაკედონიის წმინდა სინოდმა ეს პროექტი უარყო. 2003 წელს მაკედონიის ეკლესიის მღვდელმთავართა სინოდმა არქიეპისკოპოს იოანეს (ვრანიშკოვსკის) სასულიერო წოდება ჩამოართვა იმის გამო, რომ მან კანონიკურ იერარქიასთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო.
2005 წლის 15-26 მაისს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა საეკლესიო კრებაზე ოჰრიდის საარქიეპისკოპოსოს ავტონომია გამოცხადდა, რომელიც მაკედონიის ტერიტორიაზე მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის პარალელურად მოქმედებს.
ამავე წლის 2 ივნისს მაკედონიის ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მიმართა წინადადებით, შუამდგომლობა ეტვირთა სერბეთისა და მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიების კონფლიქტში.
მაკედონიის მართლმადიდებლურ ეკლესიას ამჟამად სათავეში უდგას არქიეპისკოპოსი და აქვს 10 ეპარქია, ჰყავს 200-ზე მეტი მღვდელი, 225 სამწყსო, 30-მდე ქალთა და მამაკაცთა მონასტერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|