ოჰრიდი (მაკედ.Охрид) – ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთ ნაწილში. ეს დასახლება მდებარეობს ამავე სახელწოდების ტბის სანაპირო ზოლში. ოჰრიდში ცხოვრობს 55,749 კაცი, ამ დასახლებას მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ მაკედონიაში მეშვიდე ადგილი უკავია. ოჰრიდი წარმოადგენს ოჰრიდის თემის ადმინისტრაციულ ცენტრს. აქ მრავლად არის ეკლესიები და ძველი სასახლეები, სწორედ ამიტომ ამ ადგილს ტურიზმის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია. ოჰრიდი მდებარეობს სკოპიედან დასავლეთით, ხოლო ტირანადან აღმოსავლეთით. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოჰრიდის საერთაშორისო აეროპორტი.
თანამედროვე ქალაქი აგებულია ძველ ქალაქ ლიჰნიდოსის ადგილზე. უძველეს დროში ამ ტერიტორიაზე ილირიული ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა, შემდგომ კი ბიზანტიის. 867 წლიდან ოჰრიდი ბულგარეთის სამეფოს შემადგენლობაში ექცევა. XIV საუკუნის ბოლოდან უკვე ბალკანეთის ნახევარკუძულს ოსმალეთის იმპერია იპყრობს, შესაბამისად ეს ქალაქიც ოსმალების გავლენის ქვეშ ექცევა. ოჰრიდში ოსმალების მმართველობა 1912 წლამდე გაგრძელდა.