თავადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავადი — ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV—XVIII საუკუნეებში საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება.

XV საუკუნამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. „თავადი“ წარმოდგება სიტყვა „თავისაგან“ და ნიშნავს უფროსს. XI—XIV საუკუნეებში ქართულ წყაროებში გვხვდება გამოთქმები „თავადნი კაცნი“, „თავადნი სამეფოსანი“, „თავადი სპათა“, „ვაჭართა თავადი“ და სხვა. ამ შემთხვევებში თავადი უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თავადი დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა.

თავადთა წოდების წარმოშობა დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკური დაქვეითებასა და პოლიტიკური დაქუცმაცებულობასთან, რის შედეგადაც მოხდა დიდი ცვლილება საადგილმამულო ურთიერთობაში: სახელმწიფო ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულები მეფე-მთავრებისა და მსხვილი ფეოდალების მამულებად იქცა, შეუვალობია მნიშვნელოვნად გადართოვდა და გაღრმავდა, წინ წამოიწია კერძოუფლებრივი საწყისი.

თავადი დიდებულის სოციალური მემკვიდრეა. ზოგიერთი ფეოდალური გვარი, რომელიც XV საუკუნამდე დიდებული იყო, XV საუკუნიდან თავადად იწოდებოდა. XV საუკუნის შემდეგაც წყაროებში თავადი და დიდებული ზოგჯერ ერთსა და იმავეს ნიშნავდა.

თავადები საქართველოში მეფე-მთავართა, დედოფალთა და ბატონიშვილთა ვასალები იყვნენ. თავის მხრივ მათ ვასალებად ჰყავდათ აზნაურები. თავადის სამფლობელო — სათავადო, შედგებოდა ნაწყალობევი, ნასყიდი და სხვა სახის ყმა-მამულისაგან, რომელიც თავადს „სამკვიდროდ, სამამულედ, უცილობლად და ჴელშეუვლად“ ჰქონდა განსხვისების უფლებითა და იმუნიტეტით.

თავადის წოდებრივი უფლებები ვრცელდებოდა მისი სახლის ყველა წევრზე და გადადიოდა მემკვიდრეობით. მეფეს ბეითალმანის უფლება ჰქონდა — ამოწყვეტილ თავადთა მამული მეფის საკუთრებაში გადადიოდა. ყოველ ახალ მეფეს თავადის სამფლობელოს განახლების უფლება ჰქონდა, მაგრამ გვიანდელი საშუალო საუკუნეებში წყალობის განახლების ფორმალური ხასიათი მიეცა. XVI—XVII საუკუნეებში, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება სუსტი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა თავადების ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე, მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ. ხშირად ისინი მეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, აწყობდნენ შეთქმულებებს და ზოგჯერ პირადი სარგებლობისთვის უცხოელ დამპყრობლებსაც კი ეხმრობოდნენ. ზოგი თავადი (არაგვის, ქსნისა და რაჭის ერისთავები, აბაშიძეები და სხვა) ისე გაძლიერდა, რომ თითქმის მთავრის უფლებები მოიპოვა.

თავადებმა სამემკვიდრეოდ დაიჩემეს დიდი თანამდებობები (სახლთუხუცესი, მდივანბეგი, სარდალი, მოურავი და სხვა), რაც ფეოდალური რენტის მიღების ერთ-ერთი წყარო იყო. თავადი ადმინისტრაციულ საგადასახადო და სასამართლო შეუვალობით სარგებლობდა. ადმინისტრაციული შეუვალობა იმაში გამოიხატებოდა, რომ, ჩვეულებრივ, სათავადოში ცენტრალური ხელისუფლების მოხელეები ვერ შედიოდნენ. თავადის სასახლისა და მამულის მართვა-გამგეობა სამეფო კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. თავადის მოხელეები იყვნენ:სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი, მეჯინიბეთუხუცესი, ზინდართუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, ბოქაულები, იასაულები, მდივანი და სხვა. თავადი მოხელეებად თავისსავე აზნაურებს და მსახურებს ნიშნავდა. მას აზნაურებისა და მსახურებისაგან შემდგარი სამხედრო და საპოლიციო რაზმები ჰყავდა, რომელთა საშუალებით ერთი მხრივ სამეფო ლაშქარში გამოდიოდა, მეორე მხრივ კი მორჩილებაში ჰყავდა გლეხობა. თავადის და მისი ყმა-მამულის მთავარი მოვალეობა მეფე-მთავრებისადმი ლაშქარ-ნადირობა იყო. გარდა ამისა, თავადის მამულს ედო „სახელმწიფო კოდის პური“, საური, საბალახე და სხვა. ზოგიერთი თავადის ყმაგლეხობა ერთი ან ორი სახის გადასახადს იხდიდა, ზოგჯერ თავადის ყმების მხოლოდ ერთი ნაწილი იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, ზოგიერთი თავადის ყმა-მამული კი სულ თავისუფლდებოდა ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან. განსაკუთრებით გაფართოვდა საგადასახადო შეუვალობა XVII საუკუნის საქართველოში. თავადის სასამართლო შეუვალობა, კანონის თანახმად, სამოქალაქო საქმეებით იფარგლებოდა. მაგრამ რთული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის და ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის ვითარებაში სახელმწიფო ნორმა ირღვეოდა, თავადები თვითნებობდნენ, ხშირად „დამნაშავე“ გლეხებს ახეიბრებდნენ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც, ან ოსმალებსა და ირანელებზე ყიდდნენ. გლეხების გაყიდვა განსაკუთრებით ხშირი იყო დასავლეთ საქართველოში. თავადების თვითნებობა და სისასტიკე იწვევდა გლეხთა მღელვარებას და კლასობრივი ბრძოლის გამწვავებას.

თავადის სახლს ჰქონდა მეფისაგან ნაბოძები „სახლისკაცობის რიგი და და წესი“, სადაც ჩამოყალიბებული იყო სახლის უფროსისა და სხვა წევრების უფლება-მოვალეობანი, ყმა-მამულის მოვლის წესი, შემოსავლის განაწილების რიგი და სხვა. თავადის სახლს თავისი „უფროსი და პატრონი“ ჰყავდა, რომელსაც მეფე ნიშნავდა „სახლისკაცების ნებაყოფლობით“, თუმცა ხშირად იძულებული იყო სალისკაცების მიერ არჩეული ან თავისით „დამჯდარი“ სახლის უფროსი ეცნო. ეს იყო სიუზერენის მიერ ვასალის შეწყალება-დალოცვის წესის გადმონაშთი. სახლის უფროსს — თავადი, ხოლო სახლისკაცებს თავადიშვილები ეწოდებოდათ. სახლის უფროსი იყო უზენაესი გამგებელი სათავადოში. მას ეკითხებოდა მამულის მართვა-გამგეობა, ურთიერთობა მეფესთან, მეზობელ თავადებთან და სხვა. სახლის უფროსი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით თავადიშვილზე მაღლა იდგა. მისი სისხლი ორჯერ მეტად იყო შეფასებული, ვიდრე სალისკაცისა. ყმა-მამულის შემოსავლიდან ორი წილი მიჰქონდა სახლის უფროსს, თითო — სახლისკაცებს. თავადის სახლში ხშირად იყო ბრძოლა სახლის უფროსობისა და შემოსავლის წილისათვის.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, საქართველოში თავადთა 3 კატეგორია იყო: 1. დიდებული თავადი 2. შუა თავადი და 3. დაბალი თავადი ანუ მესამე თავადი პირველი კატეგორიის სისხლი 1536 თუმნად, მეორისა 768, ხოლო მესამისა 384 თუმნად იყო შეფასებული. სამართლის წიგნი დიდებულობის ორ კრიტერიუმს ასახელებს: სახლის განუყოფლობა და შესაბასი სიგელი. ვახტანგ VI-ის დროიდან გიორგი XII-მდე ეს კრიტერიუმები მხოლოდ 6 გვარმა დააკმაყოფილა: ამილახვარი, თარხან-მოურავი, მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი, ციციშვილი, ჯამბაკურ-ორბელიანი, ხოლო არაგვის ერისთავი მეფე ერეკლე II-მ კახეთს გადაასახლა და მე-3 ხარისხამდე დააკნინა. იმერეთში უფრო ცვალებადი ვითარება იყო, თუ XVII საუკუნის შუა წლებისათვის — დიდებულებად ითვლებოდა აბაშიძე, რაჭის ერისთავი, წერეთელი, ჩიჯავაძე და წულულიძე, სოლომონ II-ის დროს კი ფაქტობრივად მხოლოდ წერეთლები და აბაშიძენი იყვნენ დიდებულები. კახეთის დიდებული თავადები იყვნენ მხოლოდ ჩოლოყაშვილები და ანდრონიკაშვილები. დიდებული თავადები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვა-გამგეობაში და დიდ გავლენას ახდენდნენ სახელმწიფო საქმეებზე, ხშირად მეფის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.

XVIII საუკუნის II ნახევარში ერეკლე II-მ სცადა შეეზღუდა თავადების თვითნებობა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: გააუქმა არაგვისა და ქსნის საერისთავოები, ამილახვართა მამულის ნაწილი ნასისხლად აიღო თავისთვის, რამდენადმე აღადგინა „ბატონყმური რიგი“, შეზღუდა ცალკეულ თავადთა შეუვალობა. ანალოგიური ღონისძიებების გატარებას ცდილობდა XVIII საუკუნის შუა წლებში დასავლეთ საქართველოში სოლომონ I. მან გაანადგურა რაჭის ერისთავი და ზოგიერთი სხვა მოღალატე თავადი, აბაშიძეებს ჩამოართვა მამულის ნაწილი და სამეფო მამულს შეუერთა და სხვა. აღნიშნულმა ღონისძიებებმა რამდენადმე გააძლიერა ცენტრალური ხელისუფლება როგორც ქართლ-კახეთში, ისე იმერეთში.

XIX საუკუნეში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ცვლილებები მოხდა თავადთა წოდებაშიც. მნიშვნელოვნად შეიზღუდა თავადების შეუვალობა, მათ დაკარგეს პოლიტიკური უფლებები. თავადების ვასალობიდან განტავისუფლდნენ აზნაურები, ორგანიზაციულად გაფორმდა თავად-აზნაურთა წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯამბურია გ., ქსე, ტ. 4, გვ. 561-562, თბ., 1979