შიოლა ღუდუშაური
შიოლა ღუდუშაური — XVII საუკუნის I ნახევრის მოხევე. აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორიდან ცნობილია, როგორც ხევზე გაბატონების მოსურნე, რისთვისაც თემმა ის მოკლა.
ხევსა და ხევსურეთში გავრცელებული ხალხური ლექსებისა და თქმულებების მიხედვით, სიმამაცითა და სისასტიკით ცნობილი შიოლა ღუდუშაური ზურაბ არაგვის ერისთავს შეკავშირებია ხევზე გაბატონების მიზნით, აზნაურობა მიუღია, სნოში ციხე აუგია და აჩხოტის ბატონად დამჯდარა. ღუდუშაურის ბატონობით და მის მიერ დაწესებული ბეგარით შეწუხებულმა მოხევეებმა შიოლასთან დაახლოებული ხევსური, სახელად მთრეხელი, მოისყიდეს და გააზნაურებული თანამეთემე მოაკვლევინეს. შემდგომში ღუდუშაურების გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი (მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) შიოლაშვილებად იწოდა. ფოლკლორული ცნობები შიოლას შესახებ თავიანთ შემოქმედებაში გამოიყენეს ალექსანდრე ყაზბეგმა (დაუმთავრებელი მოთხრობები „შიოლა ღუდუშაური“ და „ნინო“) და გურამ დოჩანაშვილმა („აჩხოტელების ბატონი“, 1967).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხევი / სერგი მაკალათია. - ტფ., 1934. – გვ. 42-43;
- მოხევეები და ბატონყმობა // ხევი და მოხევეები / გ. ქერაშვილი. - თბ., 2012. – გვ.52-56;
- ქართული ხალხური პოეზია : ხევსურული / აკაკი შანიძე ; რედ.: მ. შანიძე, ა. არაბული ; გამომც. რედ. ც. ჯიშკარიანი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბ. სახელმწ. უნ-ტი.. - [მე-გამოცემა]. - თბ., 2009. – გვ. 337.