ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
==პირობითი რეფლექსის კანონები==
ჯანმრთელ არაანესთეზირებულ ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სეკრეციის ცვალებადობაზე დაკვირვებებმა პავლოვი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბების კანონების ფორმულირებამდე მიიყვანა. ამ საკითხს პავლოვის მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი ეჭირა 1898-1930 წლებში.
 
==კომუნიზმის პერიოდი==
პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა კომუნისტებთან და საბჭოთა მთავრობასთან. რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დაძაბულ პერიოდში, 1922 წელს მეცნიერმა ვლადიმირ ლენინს სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ ულუფაზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად ამხელდა ახალ რეჟიმს. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის საფუძვლები ყალბი იყო. 1924 წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.
 
1927 წელს პავლოვმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში ე.წ. წითელი პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი მისწერა სტალინს და რუსეთის ინტელიგენციის განადგურებაში დაადანაშაულა. იმავე წლებში თავის ლაბორატორიაში არ მიიღო საბჭოთა კავშირის განათლების კომისარი ნიკოლაი ბუხარინი (მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას სწორედ ბუხარინის უწყება აფინანსებდა). სიცოცხლის ბოლო წლებში პავლოვმა თანდათან შეწყვიტა საბჭოთა რეჟიმთან აქტიური დაპირისპირება და უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ხელისუფლების მიმართ.
 
==პიროვნული თვისებები==
პიროვნულად პავლოვი იყო უაღრესად პუნქტუალური ადამიანი; რევოლუციის დღეებშიც კი დროულად მიდიოდა ლაბორატორიაში და საყვედურობდა დაგვიანებულებს. იყო გაბედული, არაკონფორმისტი მეცნიერებასა და პირად ცხოვრებაში. პავლოვი მეცნიერული აგნოსტიციზმის მიმდევარი იყო, თუმცა რელიგიას სასარგებლო მოვლენად თვლიდა; ამბობდა, რომ არავისი შურდა, გარდა მისი ღრმადმორწმუნე მეუღლისა.
 
==მემკვიდრეობა==
პავლოვის წარმატების საფუძველი სამეცნიერო ექსპერიმენტის მიმართ მისი მიდგომა იყო: საკვლევ საგანს ის ნორმალურ, ჯანმრთელ ცხოველში აკვირდებოდა ბუნებრივ გარემო პირობებში ხანგრძლივი დროის მანძილზე. პავლოვს რთული სამეცნიერო ამოცანა ექსპერიმენტის მარტივ პირობებამდე დაჰყავდა, რამაც განაპირობა პირობითი რეფლექსის იდეის წარმატებით ფორმულირება. ამავდროულად, პავლოვი აღიარებდა, რომ ასეთი მიდგომა არ ითვალისწინებდა სუბიექტურ (ფსიქიკურ) კომპონენტს, მაგრამ თვლიდა, რომ გონებრივი ფენომენების მეცნიერული შესწავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი გაზომვად ფიზიოლოგიურ სიდიდეებამდე დაყვანით.
 
მიუხედავად სამეცნიერო ღვაწლისა და აკადემიური რეპუტაციისა, პავლოვის მიდგომები უნაკლო არ ყოფილა. ის აღიარებდა სუბიექტურის განსაკუთრებულობას და სამეცნიერო მეთოდებისგან მის დამოუკიდებლობას, მაგრამ არ მოუცია ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის - სუბიექტურისა და მატერიალური სფეროების - მკაცრი განსაზღვრა და გამიჯვნა. კლინიკურ რეალობაში პავლოვი კრიტიკის გარეშე იღებდა შიზოფრენიისა და პარანოიის შესახებ დამკვიდრებულ ფსიქიატრიულ შეხედულებებს და უმაღლესი გონებრივი მოქმედებების მიმართ მართებულად თვლიდა ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა ინდუქცია და ირადიაცია. ბევრი თანამედროვე ფსიქიატრი პრობლემის ამგვარ ახსნას არასრულყოფილად მიიჩნევს.
შერინგტონისგან განსხვავებით, პავლოვს რუსეთის საზღვრებს გარეთ ბევრი მოწაფე არ ჰყოლია. ფიზიოლოგიაში ნორმალურ, ჯანმრთელ, არაანესთეზირებულ ცხოველზე ხანგრძლივი დაკვირვების მისეული მეთოდი ფართოდ ვერ გავრცელდა.
 
==სქოლიო==

სანავიგაციო მენიუ