კარლ ლუდვიგ ბადენელი
კარლ ლუდვიგ ბადენელი | |
---|---|
წოდებები
ბადენის ჰერალდიტარული პრინცი | |
დაიბადა |
14 თებერვალი, 1755 კარლსრუე, გერმანია |
გარდაიცვალა |
16 დეკემბერი, 1801, (46 წლის) არბოგა, შვედეთი |
საგვარეულო | ცერინგენები |
მეუღლე(ები) |
ამალია ჰესენ-დარმშტადტელი (ქ. 1774) |
შვილ(ებ)ი |
კაროლინა, ბავარიის დედოფალი ლუიზა, რუსეთის იმპერატრიცა ფრედერიკა, შვედეთის დედოფალი მარია, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია კარლი, ბადენის დიდი ჰერცოგი ვილჰელმინა, ჰესენის დიდი ჰერცოგინია |
მამა | კარლ ფრიდრიხი, ბადენის დიდი ჰერცოგი |
დედა | კაროლინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი |
რელიგია | ლუთერანობა |
კარლ ლუდვიგ ბადენელი (გერმ. Karl Ludwig von Baden; დ. 14 თებერვალი, 1755, კარლსრუე, გერმანია ― გ. 16 დეკემბერი, 1801, არბოგა, შვედეთი) ― ბადენის ჰერალდიტარული პრინცი ცერინგენების დინასტიიდან. ბადენის დიდ ჰერცოგ კარლ ფრიდრიხის უფროსი ძე. ბავარიის დედოფალ კაროლინას, შვედეთის დედოფალ ფრედერიკასა და რუსეთის იმპერატრიცა ელიზაბეტა ალექსეევნას მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ლუდვიგი დაიბადა 1755 წლის 14 თებერვალს კარლსრუეში. იგი იყო ბადენის დიდ ჰერცოგ კარლ ფრიდრიხისა და მისი ცოლის, კაროლინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელის უფროსი ძე და ტახტის მემკვიდრე.
1774 წლის 15 ივლისს იგი დააქორწინეს თავის ბიძაშვილ ამალია ჰესენ-დარმშტადტელზე, რომელთანაც არც თუ ისე ბედნიერი, თუმცა ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდა.
კარლ ლუდვიგს მამის მმართველობისას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური თუ სხვა სახის გავლენა და ძალაუფლება, რის გამოც მასზე მწირი ცნობები არსებობს.
იგი გარდაიცვალა 1801 წლის 16 დეკემბერს შვედეთის ქალაქ არბოგაში, 46 წლის ასაკში, რა დროსაც იგი თავის მეოთხე ქალიშვილს, შვედეთის დედოფალ ფრედერიკას სტუმრობდა. აღსანიშნავია მისი კიდევ ორი ქალიშვილი, რომელთაგან ერთი ბავარიის დედოფალი გახდა, ხოლო მეორე ― რუსეთის იმპერატრიცა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ლუდვიგს ცოლისაგან სულ რვა შვილი ჰყავდა:
- ამალია (1776-1823), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- კაროლინა (1776-1841), ცოლად გაჰყვა ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები: ბავარიის მეფე ლუდვიგ I, საქსონიის დედოფლები ამალია ავგუსტა და მარია ანა, პრუსიის დედოფალი ელიზაბეთ ლუდოვიკა და ბავარიის ჰერცოგინია ლუდოვიკა;
- ლუიზა (1779-1826), ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს, შეეძინა ორი შვილი, მაგრამ ორივე მათგანი ჩვილობაში გარდაიცვალა;
- ფრედერიკა (1781-1826), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფესა და ფინეთის დიდ ჰერცოგ გუსტავ IV ადოლფს, რომელთანაც შეეძინა შვილები: ვაზას პრინცი გუსტავი, ბადენის დიდი ჰერცოგინია სოფია და ოლდენბურგის დიდი ჰერცოგინია სესილია;
- მარია (1782-1808), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ფრიდრიხ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი და გადაჰყვა მესამე მშობიარობას;
- კარლი (1784-1785), გარდაიცვალა ჩვილი;
- კარლი (1786-1818), ბადენის დიდი ჰერცოგი 1811-1818 წლებში. ცოლად შეირთო სტეფანია დე ბოარნე, რომელთანაც შეეძინა შვილები: ვაზას პრინცესა ლუიზა, ჰოენცოლერნის პრინცესა ჟოზეფინა და ჰამილტონის ჰერცოგინია მარია;
- ვილჰელმინა (1788-1836), ცოლად გაჰყვა ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ II-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები: დიდი ჰერცოგი ლუდვიგ III, პრინცი კარლი, პრინცი ალექსანდრე და რუსეთის იმპერატრიცა მარია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 38.