შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეროვნული გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეროვნული გალერეა (თბილისი))
ეროვნული გალერეა
41°41′53″ ჩ. გ. 44°47′55″ ა. გ. / 41.69830306° ჩ. გ. 44.79876694° ა. გ. / 41.69830306; 44.79876694
დაარსდა 1917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 30 000
კლასიფიკაცია სახელოვნებო
Map

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა — ხელოვნების გალერეა თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილი. გალერეის შენობა (1888, არქიტექტორი ალექსანდრე ზალცმანი) წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავ ძეგლს. მდებარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე № 11. ხალხში ასევე ცნობილია „ცისფერი გალერეის“ სახელით.

საქართველოს ეროვნული გალერეა განთავსებულია ყოფილი „დიდების ტაძრის“ შენობაში. „დიდების ტაძარი“ იყო სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომელიც აიგო არქიტექტორ ალექსანდრ ზალცმანის პროექტით რუსეთ-ოსმალეთის 1877–78 წლების ომში რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად, იმპერატორ ალექსანდრე III-ის თანხმობით და მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის ბრძანებით.

ზალცმანის პროექტს, რომელიც 1885 წელს დამტკიცა, საფუძვლად დაედო არქიტექტორ პიო პიაჩენტინის პროექტით აგებული რომის საგამოფენო სასახლის ფასადი (1883 წ.). გამზირისკენ მიმართული ფასადი უხვად დეკორირებულია და ბაროკოსთვის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს შეიცავს. მის ცენტრს კუბური მოცულობის შესასვლელი გამოჰყოფს. კორინთული სვეტებითა და პილასტრებით ფლანკირებული შესასვლელი ნახევარსფერული ექსედრითაა გადახურული. ამავე ორდერის პილასტრები ანაწევრებს ნაგებობის განაპირა მხარეებსაც.

შენობის ასაგებად სამხედრო უწყებას გადაეცა ალექსანდრეს ბაღის ზედა ნაწილი. 1888 წელს დამთავრდა შენობის მშენებლობა და შეგროვდა ექსპოზიციისათვის საჭირო ექსპონატები: საიმპერატორო საგვარეულოს წევრთა და მხედართმთავართა პორტრეტები, ბატალური სცენების ამსახველი ტილოები, რუსული და სპარსულ-თურქული სამხედრო საჭურველი. სურათები საგანგებო შეკვეთით შეასრულეს იმ დროის ცნობილმა მხატვრებმა – ი. აივაზოვსკიმ, ფ. რუბომ, ნ. სამოკიშმა, პ. კოლჩინმა და სხვ. ექსპოზიცია რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული ომების ისტორიას ასახავდა. ექსპონატების შერჩევა და მათი დაცვისათვის თვალყურის დევნება სპეციალურად დანიშნულ კომისიას ევალებოდა.

შენობის ფასადზე მიმაგრებული იყო 12 დაფა, რომლებზეც ამოტვიფრული იყო კავკასიის ომების მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. შენობის გარშემო იდგა 38 ზარბაზანი – ომის ნადავლი. 1914 წელს გალერეის ექსპოზიცია დაიხურა. ნაწილი ექსპონატებისა გაიტანეს საქართველოდან. ფერწერული ტილოების საქართველოში დარჩენილი ნაწილი ამჟამად დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

შენობას 2009 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

საქართველოს ეროვნული გალერეა დაარსდა 1920 წელს საქართველოს სამხატვრო გალერეის სახელით. გალერეის შექმნის ინიციატორი და პირველი დირექტორი იყო მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე. პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები — რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.

2007 წელს ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე.

შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია. პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია „Ainda Arquitectura“-მ შეიმუშავა. ინახება 30 000 ექსპონატი.

დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც გამოფენილია ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები.

მუზეუმის ფონდი ინახავს 30 ათას ექსპონატს თანამედროვე ქართული კულტურისა. მათ შორის ფერწერის, გრაფიკის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ნამუშევრებს. ძირითად კრებულს წარმოადგენს XX საუკუნის კლასიკური ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნამუშევრები. მათ შორისაა ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და სხვათა ნამუშევრები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]