თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი
| თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი | |
|---|---|
| დაარსდა | 1988 |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | დიღმის მასივი, თბილისი |
| სტატუსი | სახელმწიფო |
| ექსპონატი | 10 000 |
| კლასიფიკაცია | ისტორიული |
თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი — არქეოლოგიური მუზეუმი თბილისში, მდებარეობს დიღმის მასივის ტერიტორიაზე, თრელიგორების ნასახლარის ერთ-ერთ ბორცვზე.
მუზეუმი გაიხსნა არქეოლოგ როსტომ აბრამიშვილის ინიციატივით 1988 წელს და გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლეოლოგიური კვლევის ცენტრს. იგი განთავსდა არქიტექტორ შოთა ყავლაშვილის პროექტით აგებულ მოდერნისტულ შენობაში, რომლის ცენტრალური შესასვლელის თავზე აღმართულია მოქანდაკე თენგიზ კიკალიშვილის ბარელიეფი.[1]
მუზეუმში დაცული იყო თანამედროვე თბილისსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. V ათასწლეულიდან დაწყებული ფეოდალური ხანის ჩათვლით (10 000-ზე მეტი ექსპონატი), მათ შორის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოკალული ბრინჯაოს ნივთები დელისის ნამოსახლარიდან, თრელის სამაროვნის ინვენტარი, ვერცხლით ინკუსტრირებული ბრინჯაოს ბალთა მხედრის გამოსახულებით, ბრინჯაოსა და თიხის მცირე სკულპტურის ნიმუშები, სხვადასხვა მასალებისაგან დამზადებული სამკაულები, კერამიკისა და მინის ნაწარმი და სხვ.[2] 1990-იანი წლებიდან მუზეუმი ფუნქციონირებს როგორც არქეოლოგიური საცავი, რომელიც 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბალანსზეა. სამუზეუმო ექსპოზიცია ამ პერიოდიდან უმოქმედოა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 471.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თბილისის საბჭოთა პერიოდის მოდერნისტული არქიტექტურა — TIA.GE, 2024.
- ↑ საქართველოს მუზეუმები: გზამკვლევი, თბ., 2006. — გვ. 44-45.