სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი | |
---|---|
41°38′33″ ჩ. გ. 42°58′35″ ა. გ. / 41.64250° ჩ. გ. 42.97639° ა. გ. | |
დაარსდა | 1923 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ახალციხე |
სტატუსი | სახელმწიფო |
ექსპონატი | 25 000 |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი — მუზეუმი ქალაქ ახალციხეში, საქართველოში. სამაზრო მუზეუმი ახალციხეში 1923 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზეც 1937 წელს მხარეთმცდნეობის მუზეუმი გაიხსნა. 1972 წელს მუზეუმს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. არის ისტორიული კლასიფიკაციის. მუზეუმში რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილი: უძველესი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა და ფოტო-დკუმენტები. დღეისათვის მუზეუმის ფონდებში 25 ათასზე მეტი ექსპონატი არის დაცული, მათ შორის ხელნაწერთა და ძველ ნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებული ადგილი ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგების გამოფენებს უკავია. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის სიმძლავრემ ჯერ კიდევ XIX ს-ის 80-იან წლებში დააინტერესა ცნობილი მოძღვარი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე ე.წ. „ვინმე მესხი“, რომელმაც მისივე შეგროვილი ექსპონატებით მოაწყო საოჯახო მუზეუმი.
ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში შეუდარებელ სამსახურს უწევდა როგორც ქართველ მეცნიერებსა და მკვლევარებს, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სწავლულებსა და მოგზაურებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ივანე გვარამაძის საოჯახო მუზეუმისა და გაუქმებულ ეკლესია-მონასტრებში შეკრებილი მასალები დაედო საფუძვლად 1921 წელს ახალციხეში სამაზრო მუზეუმის დაარსებას.
შენობის არარსებობის გამო აღნიშნული მუზეუმი 1924 წელს გაუქმდა და ექსპონატები ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.
1937 წელს ივ. გვარამაძის ვაჟის, კონსტანტინე გვარამაძის უამრავი მცდელობის შემდეგ, სამაზრო მუზეუმის ბაზაზე ქ. ახალციხეში კვლავ გაიხსნა მუზეუმი, მხარეთმცოდნეობის პროფილით.
1972 წლიდან მუზეუმი ე. წ. „რაბათში“, ზედა ციხის ტერიტორიაზე, ორ შენობაში განთავსდა.
მუზეუმს ხშირად ეცვლებოდა სტატუსი. 2005 წლამდე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი იყო. 2005 წელს საქართველოში მოხდა მუზეუმების რეორგანიზაცია და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეწოდა, ხოლო ახალციხის მუზეუმს — ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი.
ექსპოზიცია და ფონდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ ძეგლში მუზეუმის ადგილმდებარეობამ იმთავითვე განსაზღვრა მისი უდიდესი სამუზეუმო პოტენციალი. მუზეუმში დაცული არაჩვეულებრივი ექსპონატები თერთმეტ საგამოფენო დარბაზში არის განაწილებული.
ახალციხის მუზეუმში დაცულია უნიკალური ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნები. XI-XIII-XV სს ეტრატები, XVI ს-ის ხელნაწერის ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსანიდან“, 1477 წელს იტალიაში დაბეჭდილი „საქრისტიანო მოძღვრება“, 1626 წელს გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონი, 1709 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში ნაბეჭდი ფსალმუნები და ა.შ.
მუზეუმის ფონდებში ასევე დაცულია ქართველ საზოგადო მოღვაწეთა (ზაქარია ჭიჭინაძე, პეტრე ხარისჭირაშვილი, ივანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი, ზაქარია დიდიმამიშვილი, დიმიტრი ანტონოვი, ნიკოლოზ ასათიანი, გიორგი გამრეკელი, ილია მაისურაძე, ბესარიონ ტაბიძე, გიორგი გოგოლაძე, კონსტანტინე გვარამაძე, სერგო ხოსიტაშვილი და სხვ) პირადი არქივები.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია მხარის ეპიგრაფიკული ძეგლები.
მუზეუმის კოლექციათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ნუმიზმატიკის ფონდი, სადაც ბოლო ათწლეულში მრავალი უნიკალური მონეტა შემოვიდა. აღსანიშნავია ნიკოლოზ ბეგიშვილის კოლექცია, რომელშიც შედის: I ათასწლეულის მონეტა კეისარ ავგუსტო დენარის გამოსახულებით, რომის I-IV სს. სპილენძისა და ვერცხლის მონეტები, XIს-ის ბიზანტიური ოქროსა და ვერცხლის მონეტები, სელჩუკური, ყაანური და ჰულაგოიდური XIII ს-ის მონეტები, XIII-XIV ს-ის ყაზან ყაენისა და ყვარყვარე I ჯაყელის მიერ მოჭრილი მონეტები, რომლებიც მესხეთის პოლიტიკური ისტორიის სხვადასხვა მხარეს და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ასახავენ.
მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდში დაცულია სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მასალები: პალეოლითისა და ნეოლითის ხანის იარაღები, ენეოლითის, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის მნიშვნელოვანი ძეგლები.
მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეტალურგიის ჩასახვისა და განვითარების ამსახველი მასალები.
ეთნოგრაფიულ ფონდში თავმოყრილია რეგიონის მოსახლეობის საოჯახო და სამეურნეო, სოციალური ყოფის ამსახველი ექსპონატები: სასოფლო-სამეურნეო და საბრძოლო იარაღები, ეროვნული ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, ხის ჩუქურთმების ნიმუშები, სპილენძის, ვერცხლის ნაკეთობანი და სახელოსნო იარაღები, ამქრის დროშები, ხალიჩები, ფარდაგები, ნაქარგობანი და ზოგადად ხელოსნობისა და ვაჭრობის ამსახველი ნივთები.
აღსანიშნავია მუზეუმში დაცული ფოტოდოკუმენტაციები და სამუზეუმო არქივი, ასევე სტამბოლის ქართველთა სავანის საქმიანობის ამსახველი ექსპონატები.
2009 წელს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფარგლებში განხორციელებული არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მასალების საფუძველზე, ახალი ექსპოზიცია გაიხსნა, სადაც 800 ექსპონატი პირველად გამოიფინა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიბილაშვილი მ., ახალი აღმოჩენები და ახალი ექსპოზიცია რაბათის ციხეში და სამმილიონიანი პროექტი, ქართული უნივერსიტეტი, 2009, 23-29 ივლისი, N28, გვ. 12
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი
- წიგნებზე შეყვარებული ქალი – ინტერვიუ სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციულ მენეჯერთან, ციური ლაფაჩთან დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine.