თბილისის ბოტანიკური ბაღი


თბილისის ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად — საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ბუნებისდაცვითი დაწესებულება, მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, სამხრეთით, მდ. წავკისისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 417–714 მ-ის სიმაღლეზე. მისი ფართობია 96 ჰა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის ბოტანიკური ბაღის წინამორბედი იყო მდ. წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში — ლეღვთახევში გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების სამეფო ბაღი, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისიდან დასტურდება. რუსეთის მმართველობის პერიოდში, 1845 წელს მას მიენიჭა ბოტანიკური ბაღის სტატუსი. 1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-1958 წლებში მას შეუერთდა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის საფლავი. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული; მათ შორისაა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. 2011 წლის 22 ივლისიდან თბილისის ბოტანიკური ბაღი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სახელწოდებით.
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ციხის ძირას. 1909-1914 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ახლანდ. ლადო ასათიანის ქუჩიდან, რომელიც ამჟამად დახურულია.
თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიის ბოტანიკის შესწავლის მნიშვნელოვანი ცენტრია. აქ სხვადასხვა დროს მუშაობდა კავკასიის მცენარეული სამყაროს მრავალი გამოჩენილი მკვლევარი. აქვე დაიწყეს სამეცნ. საქმიანობა პირველმა ქართველმა ბოტანიკოსებმა: ზ. ყანჩაველმა, ლ. კემულარია-ნათაძემ, ლ. ყანჩაველმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, ლ. ჯაფარიძემ და სხვ.
ძირითადი მიმართულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლა; დედამიწის სხვადასხვა რეგიონის, პირველ რიგში, კავკასიის, მცენარეების ცოცხალ კოლექციათა განვითარება; მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მეცნიერული საფუძვლების დამუშავება; მცენარეების ბიოეკოლოგიური შესწავლა კულტურულ მცენარეთა რიგში შეტანისა და აღმოსავლეთ საქართველოს ურბანული ტერიტორიების გამწვანებაში გამოყენების მიზნით; მეყვავილეობა და ლანდშაფტის დიზაინი; ბოტანიკური ცოდნის გავრცელება მოსახლეობაში; კავკასიის ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების (ex situ) კონსერვაცია; ასეთ მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლ. საკითხების შესწავლა; ბაღის ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობა.
თბილისის ბოტანიკურ ბაღს ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ბოტანიკურ დაწესებულებასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ათასწლეულის თესლის ბანკის გრძელვადიან პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ბაღში შექმნილია კავკასიის თესლის რეგიონული ბანკი. 1876 წლიდან გამოდის თბილისის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო შრომების კრებული.
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოტანიკური ბაღის კოლექციები ორგანიზებულია, ძირითადად, ფიტოგეოგრაფიულ საფუძველზე. ესენია: კავკასიის ფლორის ენდემური და იშვიათი სახეობები, საქართველოს სამკურნალო მცენარეები, ხმელთაშუა ზღვის (ცალკეა ამ რეგიონის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ხეებისა და ბუჩქების კოლექცია), აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, საქართველოს ნათელი ტყის, კოლხეთის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთ-იაპონიის, ჰიმალაის ხეები და ბუჩქები. ბაღში არის დეკორატიული მცენარეების, მ. შ. ვარდისა (როზარიუმი) და იასამნის (სირინგარიუმი) მდიდარი კოლექცია. ბაღის ორანჟერეაში მოშენებულია მრავალი ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე. თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაცულია აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი მცენარეულობის (მდინარისპირა ტყე, ნათელი ტყე, ჯაგ-ეკლოვანი ბუჩქნარი, სტეპი და სხვ.) ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავართქილაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № რკინის ორანჟერეა № 26716
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ყოფილი სასტუმროს შენობა № 26717- ბოტანიკური ბაღი