თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
Houses at the Ethnographic museum.jpg
მუზეუმის ერთ-ერთი კუთხე
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 27 აპრილი, 1966
დამაარსებლები გიორგი ჩიტაია
მდებარეობა თბილისი
ექსპონატი 8 000-ზე მეტი

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ — ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმის გენერალური გეგმის ავტორია ლონგინოზ სუმბაძე.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა — საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 50 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში, რომელთაგანაც ხუთი — აღმოსავლეთ და ხუთი — დასავლეთ საქართველოს წარმოაჩენს.

მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI სს. სიონის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.

მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.

ღია ცის ქვეშ მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე რელიეფურ საფლავის ქვათა მდიდარი კოლექცია. მთლიანობაში მზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.[1]

პირველი ექსპონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის პირველი ექსპონატი იყო, თიანეთში სოფელ სიონში შემთხვევით აღმოჩენილი ქვის აკლდამა, რომელიც მდებარეობდა იმ ეკლესიის ქვეშ, რომელიც სიონის წყალსაცავის დაგუბების გამო დაიშალა და გამიზნული იყო თბილისის მუზეუმში გადამოსატანად. აღნიშნული ქვის აკლდამა მდებარეობდა მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით.

1966 წლის აპრილის თვეში დასრულდა აღნიშნული ძეგლის ადგილზე გადმოტანის პროცესი. ძეგლის ახალ ადგილზე აღდგენას ხელმძღვანელობდნენ სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს ოსტატი ვალერიან ვაჭარიძე და ქვისმთელთა ბრიგადირი მიხეილ ბოგუშევი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის პარკ-მუზეუმის გენერალური გეგმის შესახებ, «ძეგლის მეგობარი», №. 7, გვ. 3-14, თბ., 1966 წელი.
  • ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმის პირველი ექსპონატი, «ძეგლის მეგობარი», №. 8, გვ. 82-86, თბ., 1966 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: