თბილისის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის მეჩეთი
Tbilisi Mosque.JPG თბილისის მეჩეთის ხედი ნარიყალადან.
ზვიად ავალიანის ფოტო

თბილისის მეჩეთი (თბილისი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′14″ ჩ. გ. 44°48′36″ ა. გ. / 41.6872806° ჩ. გ. 44.8101361° ა. გ. / 41.6872806; 44.8101361
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

თბილისის მეჩეთი, ჯუმა მეჩეთიმეჩეთი თბილისში ნარიყალას ძირში, მდებარე ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოს. ის ერთადერთი დღეისთვის შემორჩენილი მუსლიმური სალოცავია ქალაქში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთის ინტერიერი.
ზვიად ავალიანის ფოტო

მუსლიმი მოსახლეობა თბილისში არაბების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, VII საუკუნის II ნახევრიდან, გაჩნდა. შუა საუკუნეების მანძილზე ქალაქში რამდენიმე მეჩეთი აიგო. მათ შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების თბილისის შაჰ-ისმაილის მეჩეთი, რომელიც გადმოცემით ირანის შაჰმა ისმაილ I-მა ააშენა 1522-1524 წლებში. ის დაანგრიეს 1950 წელს მეტეხის ახალი ხიდის მშენებლობის დროს.

1723-1735 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1727 წელს, მუსლიმი მეფე იესეს გარდაცვალების შემდეგ, მას მემკვიდრე არ დაუნიშნეს და ამიტომ ქართლში მეფობა გაუქმდა. ქართლის გამგებლად ისჰაკ-ფაშა დანიშნეს.

1740-იან წლებში მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-1851 წლებში, ის აღადგინეს არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს, 1895 წელს ბაქოელმა მილიონერმა და მეცენატმა ჰაჯიზეინალაბდინ თაღიევმა მეჩეთი მთლიანად შეაკეთა, რამაც მისი აღმოსავლეთი ნაწილი საგრძნობლად შეცვალა.

აგურით ნაშენი მეჩეთი დამრეც ფერდობზე დგას. გრძივ კედლებზე შიესრულ თაღოვანი სარკმელებია. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული, რომელიც შორიდანვე იქცევს ყურადღებას და სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად აღიქმება.

ერთმორწმუნე რუსეთთან შეერთებამ, საქართველოში მუსლიმი სახელმწიფოების – ირანისა და თურქეთის პირდაპირი ზეგავლენა შეასუსტა. 1819 წლიდან, მეფის მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში დაარსდა სუნიტი და შიიტი სასულიერო პირების მოსამზადებელი სასწავლებელი, რომლის მიზანიც რელიგიურ განათლებაზე მეტად, მეფის მთავრობის ერთგული შეგირდების აღზრდა წარმოადგენდა. ამ პერიოდში, მუსლიმ სასულიერო პირებს თანამდებობაზე დანიშვნის წინ, იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი უნდა დაედოთ. გარდა ამისა, მათ ევალებოდათ დიდრელიგიურ დღესასწაულებზე და სხვა მნიშვნელოვან დღეებში საგანგებო ლოცვები მიეძღვნათ მეფისა და მისი ოჯახის წევრთა კეთილდღეობისათვის. ამგვარი დამოკიდებულების სანაცვლოდ მეფის მთავრობა ჰოჯებს, მოლებსა და შეიხებს ხელფას უხდიდა.

1907 წელს თბილისში შეიქმნა მუსლიმური პარტია „მუდააფი“ (თავდაცვა), რომელიც მიზნად ისახავდა თბილისის გუბერნიის მუსლიმთა შორის რელიგიური აღზრდა–განათლების წარმართვას. ამ პერიოდისათვის თბილისში შიიტი მუსლიმების რიცხვი ქალაქში მცხოვრები აზერბაიჯანული ეროვნების წარმომადგენლების ხარჯზე იზრდება.

თუმცა, ახალგაზრდა დამოუკიდებელ საქართველოს არდავიწყებია ქართველი მუსლიმები. 1920 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: „ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება ხელს შეუშლის ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ერთობას. რჯული რჯულია, მაგრამ სისხლი და ეროვნება კიდევ სხვაა… ერთი ხასიათი გვაქვს. ჩვენი ძალა შეერთებაშია. ბედნიერებას მხოლოდ ერთობა და ძმობა მოგვიტანს“.

თბილისელმა მულიმმა სწავლულებმა სახელი გაითქვეს მთელ ახლო აზიაში და მჭიდრო კონტაქტი დაამყარეს მუსლიმური კულტურის ცენტრებთან.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად, ძალაში შესული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ჩარჩოებში, საქართველოს მუსლიმებისთვისაც ცნეს რელიგიური თავისუფლება.

ამჟამად თბილისში მცხოვრებ მუსლიმ მორწმუნეთა ორი ნაწილია – სუნიტები და შიიტები. სუნიტების მეჩეთი თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. ის ემსახურება როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმართულების მუსლიმებს. ისინი ალაჰისადმი ლოცვას ერთად აღავლენენ, რაც არც ისე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. თავდაპირველად მეჩეთი გაყოფილი იყო შავი ფარდით, რომლის ერთ მხარეს სუნიტები და მეორე მხარეს შიიტები ლოცულობდნენ. დღეს მეჩეთი ყველასთვის ერთნაირად გახსნილია.

თბილისის მეჩეთში იერარქიული საფეხურებიც გაყოფილია სუნიტებსა და შიიტებს შორის. თბილისის მეჩეთი ექვემდებარება აზერბაიჯანის მუფტის. მეჩეთთან მოქმედებს მედრესე – მუსლიმური რელიგიური სკოლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 254-258

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]