პეტრე კოლჩინი
პეტრე კოლჩინი, პიოტრ პეტროვიჩ კოლჩინი (რუს. Пётр Петрович Колчин; დ. 1838 – გ. 1890-იანი წლების ბოლო) — რუსი მხატვარი-ფერმწერი, ფოტოგრაფი. 1860–1890-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისში.
კოლჩინის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია. 1855 წლიდან სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. შემდეგ ცხოვრობდა ლიუბლიანაში, ხოლო 1860-იან წლების შუა ხანებიდან — თბილისში. ხატავდა ჟანრულ სურათებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს. მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო ხელოვნების საიმპერატორი აკადემიის, ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიური საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენებზე. 1860–1870-იან წლებში თბილისში დიმიტრი ერმაკოვთან ერთად ფლობდა ფოტოგრაფიულ სახელოსნოს („მხატვარ კოლჩინისა და ერმაკოვის ფოტოგრაფია“, «Фотография художника Колчина и Ермакова»). 1882–1894 წლებში ასწავლიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში; ჰქონდა ასევე საკუთარი სამხატვრო გაკვეთილები. 1890-იანი წლების შუა ხანებში ლუიჯი ლონგოსთან ერთად მოხატა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო საკათედრო ტაძარი თბილისში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია სხვადასხვა სამუზეუმო და კერძო კოლექციაში, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (რუსული) Колчин Пётр Петрович. ARTinvestment.RU.