თბილისის ქარვასლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ქარვასლები ძირითადად კალაში, დაახლოებით სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. შემორჩენილთაგან უმრავლესობა XIX საუკუნის შუა ხანასა და II ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. შიდა ეზოსკენ შენობა ყველა მხრიდან რკინისა ან ხის აივნებით არის მიმართული. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო გამართული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულიანობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა.

თეკლეს ქარვასლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარვასლა ლესელიძის ქუჩაზე

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თეკლეს ქარვასლის სახელით ცნობილი ნაგებობა (სიონის ქ. N13/40). იგი 1795 წელს სპარსელებისგან დანგრეული "მეფის ფუნდუკის" ადგილას არის აშენებული და ერეკლე მეფის ასულს თეკლე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ნაგებობა ეკლექტურია, მისი ფასადები ევროპულ-მავრიტანული, კლასიცისტური და ისლამური სტილის ნიშნებს ატარებს.

ლესელიძის ქუჩაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კ. ლესელიძის ქ. NN27, 29-ში მდებარე ქარვასლები კლასიცისტური ფასადისა და ეზოს მხარეს მიმართული რკინისა და ხის აივნების სინთეზით ხასიათდება. კ. ლესელიძის N36-ში მდგომი ქარვასლა ფსევდოისლამური ნაგებობაა.

ერეკლე II-ის ქუჩაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოფილი ქარვასლის შენობა ერეკლე II-ის ქ. N8/10-ში მასშტაბითა და იერით საცხოვრებელ სახლს უფრო ჰგავს. ნაგებობა ქუჩის მხრიდან ორსართულიანია, ერეკლე II-ის შესახვევის მხრიდან კი - სამსართულიანი. ფასადის ხასიათს კლასიცისტური ელემენტების და რკინის კონსოლებზე შეკიდული ხის სამი შუშაბანდის (ოდესღაც აივნების) ერთობლიობა ქმნის. ფართო გვირაბით შესაძლებელია ქარვასლის გადახურულ ეზოში მოხვედრა, რომელიც ნაგებობის მთელ პერიმეტრზე გაჭრილი სარკმლების რიგით ნათდება.

პირველ სართულზე დუქანთა დღეს ამოშენებული ბრტყელთაღოვანი ღიობები განირჩევა, მეორე სართულზე, რომელსაც ხის ფართო აივანი უვლის გარს, სასტუმრო ოთახები იყო მოთავსებული. აქ კედლები ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტუკოს ტექნიკით შესრულებული სარკეებიანი მორთულობით არის დაფარული. აღსანიშნავია აგურის კამაროვანი გადახურვის მქონე ორიარუსიანი სარდაფი, სადაც ოდესღაც დატვირთული ქარავნები შედიოდა ერეკლე II-ის შესახვევის მხრიდან გაჭრილი გვირაბით. ამჟამად ნაგებობა საცხოვრებლად არის გამოყენებული.

არწრუნის ქარვასლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ გაგარინი . არწრუნის ქარვასლა, 1840-იანი წლები

შემორჩენილთაგან უძველესია ე.წ. არწრუნის ქარვასლა (სიონის ქ. N8). ამ ადგილას პირველი ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააშენა 1650 წელს და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს უბოძა. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევისას დანგრეული შენობის ადგილას XIX საუკუნის I ნახევარში ძველი საძირკვლის გამოყენებით არწრუნის ქარვასლა აშენდა. 1855 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ ნაგებობა გადააკეთეს. ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

შენობის ცენტრს წაგრძელებული ფორმის შიდა ეზო წარმოადგენს. მის ირგვლივ ორ სართულად განლაგებული სათავსებია, რომლებიც თაღოვანი ღიობებით იხსნება რკინის აივნებისკენ. ქარვასლის სანაპიროსკენ მიმართული ფასადი 1820 წელს განეკუთვნება და რუსული კლასიცისტური სტილის ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშთაგანია თბილისში. სიონის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი 1912 წელს აშენდა და მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს. აღსანიშნავია როსტომ მეფის დროინდელი, კამაროვანი გადახურვის მქონე სარდაფი.

1884 წელს ნაგებობის ადაპტაცია-რესტავრაციის შედეგად (არქ. გ. ბათიაშვილი) ქარვასლის გახსნილი შიდა ეზო ცილინდრული კამარით გადაიხურა. 1985 წლიდან აქ საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმია.

თვით მუზეუმი, იმჟამად მუნიციპალური მუზეუმი, დაარსდა 1910 წელს. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ისტორიას და კულტურას ასახავს უძველესი დროიდან დღემდე. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალა - ბრინჯაოს და რკინის აირაღი, ლითონის, მინის, თიხის, ქაშანაურის, ფაიფურის ჭურჭელი, სამკაულები, საბეჭდავები, მონეტები და დროშები, საყოფაცხოვრებო ნივთები; აქვეა თბილისის ამსახველი ძველი ფოტოები, რუკები, გეგმები, ფერწერული ტილოები და სხვ. ქარვასლის შენობაში ეწყობა დროებითი თემატური გამოფენებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0