ჟალეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გიორგის ხატი

ჟალეთი – ძველი ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი.

მდებარეობდა მდინარე ივრის შუაწელზე, ამჟამად დაბა სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში. იმავე წყაროების მიხედვით, ჟალეთი ეწოდებოდა ისტორიულ კახეთის შემადგენლობაში შემავალ მთელ მხარესაც, „ქვეყანას“, რომელიც მოიცავდა ივრის ხეობის მნიშვნელოვან მონაკვეთს სოფელ ბოჭორმასა და თიანეთს (სოფ. ალოტს) შორის.

უკანასკნელ დრომდე ეს სახელწოდება შემორჩა ყოფილ სოფელ ჭიოტაანთკარის აღმოსავლეთით, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე აღმართულ მთას მას განლაგებული მცირე ეკლესიითა და ციხე-სიმაგრით ("ჯალეთი"). გათხარეს 1963-1964 წლებში (დ. მუსხელიშვილი). ძეგლი, რომლის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარია XI-XII საუკუნეები, არსებობას განაგრძობდა გვიანდელ შუა საუკუნეებშიც. კონტროლს უწევდა ახმეტის „ქვეყნისაკენ“ (ალაზნის აუზისაკენ) მიმავალ ერთ-ერთ გზას.

ჟალეთი პირველად იხსენიება X-XI საუკუნეების ისტორიულ წყაროებში ("მოქცევაჲ ქართლისაჲ", ლეონტი მროველი) IV საუკუნის ამბების თხრობასთან დაკავშირებით. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII საუკუნე) მიხედვით, ჟალეთი იგივე ბერ ანუ ჩელეთია, სადაც, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) ააგო საეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი (ინდენტიფიცირებულია (ი. ციციშვილი, რ. რამიშვილი) სოფ. სიონის ტერიტორიაზე გათხრილ (1950, 1962) ბაზილიკასთან). ამჟამად სიონის ბაზილიკა გადატანილია (ლ. ხიმშიაშვილი) საქართველოს ხალხთა ხუროთმოძღვრებისა და ყოფის (ღია ცის ქვეშ) მუზეუმში. სხვა მკვლევართა აზრით (გ. ჩუბინაშვილი, რ. შმერლინგი), სიონის ბაზილიკა VIII-IX საუკუნეებისაა. თბილისში გადატანილია აგრეთვე სიონის ბაზილიკის აღმოსავლეთი ფასადის წინ აღმოჩენილი შირიმის თლილი კვადრებით ნაგები V-VI საუკუნეების მიწისქვეშა აკლდამა (რ. რამიშვილი, 1962). იგი სიონის ბაზილიკასთან ერთად მიჩნეულია ადგილობრივი მმართველის სამარხად. სიონის აკლდამის ხუროთმოძღვრებაში შეიმჩნევა გვიანდელი ანტიკური ხანის სამშენებლო ხელოვნების გავლენა. აკლადამასთან ახლოს აღმოჩენილია ქვიშაქვის უზარმაზარი და მთლიანი ლოდებით ნაგები, შიგნიდან ჩუქურთმით შემკული ორგანყოფილებიანი სარკოფაგი, რომელიც, შესაძლოა, აკლდამის სინქრონული იყოს. სიონის ბაზილიკის გარშემო შესწავლილია განვითარებული შუა საუკუნის მრავალიარუსიანი ვრცელი სამაროვანი. განვითარებულ შუა საუკუნეებში, როგორც არქეოლოგიურმა ძიებამ გვიჩვენა, სოფ. სიონის ადგილას მდებარე პუნქტი (ჟალეთი) მსხვილ, შესაძლოა, ქალაქური ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. კახეთის პოლიტიკური ცენტრის ჯერ თიანეთში, ხოლო შემდეგ თელავში (X-XI სს.) გადანაცვლების შემდგომ სოფ. სიონის ადგილას არსებული დასახლება ალბათ მხოლოდ „ჟალეთის ქვეყნის“ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, თუმცა, დ. მუსხელიშვილის ვარაუდით, აღნიშნული ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, შესაძლოა, გადანაცვლებულიყო „ჯალეთის“ მთაზე მდებარე ციხესიმაგრეებში.

იმავე „ჟალეთის ქვეყანაში“, ამჟამად წყლით დატბორილ სოფელ საყარაულოსთან ახლოს, ივრის მარჯვენა შემაღლებულ ნაპირზე, მდებარეობს კიდევ ერთი სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ხატს უწოდებს (გათხარეს 1958-1960, რესტავრირებულია 1961-1962 (ნ. ქადეიშვილი)). სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ბაზილიკას შეცდომით ეწოდა ჟალეთის ეკლესია. აღნიშნული ბაზილიკა თარიღდება IX-X საუკუნეებით. იქვე აღმოჩენილია რელიეფური სახეებით შემკული სანათლავი, რომელიც თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით (ნ. ქადეიშვილი).

წყლით დაფარულ სოფ. სიონის ტერიტორიაზე, სადაც ისტორიული წყაროებით ჟალეთია სავარაუდო, თანამედროვე ჰიდროკომპლექსის მშენებლობის დაწყებამდე სიონის ბაზილიკასთან სასახლისა და 2 ციხის ნანგრევები, რომელთაგან ამჟამად ერთიღაა გადარჩენილი და არქეოლოგიურად შესასწავლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ციხე-ქალაქი უჯარმა, თბ., 1966;
  • რამიშვილი რ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, ტ. I-სიონი, თბ., 1970;
  • ქადეიშვილი ნ., ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1964;