მატნის ცხრაკარას მონასტერი
მატნის ცხრაკარას მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში. სამონასტრო კომპლექსს 2006 წლის 7 ნოემბრის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი შენობა, V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ჯერ კიდევ ძველ დროს VIII-IX საუკუნეებში, ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, რამაც მისი თავდაპირველი ფორმების მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ამ პერიოდში მისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დარბაზული ეკლესიები, ხოლო დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ. მომდევნო ხანებში ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის თავზე მოუწყვიათ დაბალი კამაროვანი სათავსი. უფრო გვიან, სავარაუდიოდ XVII საუკუნეში, ამ სათავსზე დაუდგამთ აგურის სამრეკლო, ხოლო ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებულ ეკლესიაზე, აღმოსავლეთიდან სწორკუთხოვანი დარბაზი მიუდგამთ. მეორე ნაგებობა ბაზილიკის შუა ნავის აღმოსავლეთ კედელზეა მიყრდნობილი. ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, ხოლო დასავლეთით, ოთხიოდე მეტრზე, განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ამ ეკლესიის სამხრეთით კი პატარა კამარაჩამოქცეული შენობაა, რომელიც სავარაუდოდ მონასტრის ბიბლიოთეკა უნდა ყოფილიყო[2].
1984-1987 წწ. მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდა (რესტავრაციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი დ. ჭიკაიძე). აღდგა ბაზილიკის ჩამოშლილი ეკლესიის კედლები და სამრეკლოს დანგრეული ნაწილი. კონსერვაცია გაუკეთდა სამხრეთით მდებარე პატარა ნაგებობას. ბაზილიკა და მასზე მიშენებული ეკლესიები გადაიხურა კრამიტით. 2005 წელს, მატნის ცხრაკარას სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა მოხატულობის კონსერვაცია და გადახურვითი სამუშაოები. ბათქაშის ქიმების საერთო რაოდენობის 70-80% გამაგრდა კირ-ქვიშის ხსნარით. აიყარა ხელოვნური ლორფინი და გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით[3].
XV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება მოხატულობა, რომელიც ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი[4].
მატნის ცხრაკარას მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედი არ არის.
ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხრაკარას მონასტრის მთავარი ნაგებობა ბაზილიკა, აშენებულია V საუკუნის შუა წლებში. იგი გეგმით სწორკუთხაა (10X8,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. ზოგიერთი ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. სამხრეთი ნავი მთავარი ნავისაგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა. შუა ნავი ვიწრო და მოკლეა და გვერდის ნავებთან შედარებით — ბევრად მაღალი. განათებულია ცუდად. აღმოსავლეთით მას ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი ასეთივე სარკმელი ნავის სამხრეთ კედელშიცაა. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. აფსიდს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. აფსიდი კონქითაა გადახურული, რომლის ნახევარწრიული თაღი შირიმის მარტივი პროფილის იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი ნავის დანარჩენი სივრცისაგან მოგვიანებით აგებული აგურის კანკელითაა გამიჯნული.VIII-IX საუკუნეებში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილს ზედა ნახევარი და კამარის ნაწილი აღუდგენიათ. აღდგენის დროს, გრძივ კედლებზე მოუწყვიათ ორ-ორი ყრუ თაღი, რომლებიც ორ პილასტრსა და მათ შორის მოქცეულ ნახევარსვეტს ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთი წყვილი აფსიდის მხარეებთან მეორე საფეხურს ქმნის. თაღები და პილასტრები შირიმითაა გამოყვანილი. შირიმისაა აფსიდის მხარეებიც. კედლების დასავლეთი ნაწილი და მათ ზემოთ კამარა ცვლილებების გარეშეა. კამარა დაყრდნობილია საბჯენ თაღზე, რომელიც თავდაპირველი და განახლებული ნაწილების საზღვარზეა. შუა ნავი ჩრდილოეთ ნავს სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი ორი ნახევარწრიული თაღით უკავშირდება.
ჩრდილოეთ ნავი არსებითი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი. ნავის აღმოსავლეთ კიდეში სწორკუთხა სამკვეთლოა, შესაასვლელით ჩრდილოეთ ნავიდან. კარი ნავის მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, ხოლო შიგნით სწორკუთხაა.
სამხრეთი ნავი გვიანი შეკეთების შედეგად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ნავი ორი განივი თაღით გამოყოფილია სამ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდია, დამოუკიდებელი საკურთხევლით და ტრაპეზით. ფართო თაღი, რომელიც ნავის ამ ნაწილს შუა ნავთან აკავშირებს, მოგვიანებითაა გაჭრილი. აფსიდი თავდაპირველად უსარკმლო იყო. ამჟამად აფსიდში არსებული სარკმელი გვიანდელია. ნავის დასავლეთი ნაწილი დასავლეთ ნავში გახსნილია თაღი, რომელსაც ნავის კამარა ეყრდნობა. ნავის შუა ნაწილი გეგმით კვადრატულია და გუმბათოვანი კამარა ხურავს.
ეკლესიის დასავლეთი ნავი გვერდის ნავებზე რამდენადმე განიერია, გადახურულია სხმული კამარით, რომლის აღმოსავლეთ ქუსლის საყრდენად შუა ნავის დასავლეთ კედელზე მიშენებულია პილასტრებზე დაყრდნობილი სამი სხვადასხვა მალის თაღი. მათგან შუა თაღში, შუა ნავის ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელია მოქცეული. ნავის დასავლეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომელიც ბაზილიკაზე დასავლეთიდან მიშენებულ კარიბჭეში გადის.
ბაზილიკის მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკის შუა ნავის საკურთხეველსა და კედელზე შემონახულია მხატვრობა, რომელიც შესრულებულია XVI საუკუნეში გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის ანასტასიას (მონაზვნობაში ანა) შეკვეთით.
საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. პირველი რეგისტრი, კონქის კომპოზიცია, აღარ არსებობს. მეორე რეგისტრში გამოსახულია „საიდუმლო სერობა“, მესამეში — „წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა“ — ბარძიმზე გამოსახულია ქრისტე, რომლისკენაც ორივე მხრიდან მიმართულნი არიან ეკლესიის მამები. მხატვრობა დასრულებულია ფართო ორნამენტული ზოლით. შუა ნავის მხატვრობის უმეტესი ნაწილი დაღუპულია. დასავლეთ კედლის შუა ნაწილში „მიძინების“ ფრაგმენტია შემონახული, შესასვლელის თავზე — „ქრისტეს ფხიზელი თვალი“, იქვე, კედლის სამხრეთ მონაკვეთზე — გვირგვინოსანი მოხუცი, რომელიც კალმით წერს გაშლილ გრაგნილზე. ტექსტი ბერძნულია. ბერძნულია მისი ვინაობის აღმნიშვნელი წარწერაც „წმინდა დ“ (დავითი). სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ქტიტორთა ორი ფიგურაა შემორჩენილი. ერთი მათგანი ძლიერ დაზიანებულია და არ გაირჩევა, მეორე მუხლმოყრილი პატარა ბიჭია.
-
ბაზილიკის სატრაპეზო ქვა
-
საკურთხევლის მოხატულობა
-
დასავლეთ კედლის მოხატულობა
-
აფსიდის მოხატულობა
-
ბაზილიკის მოხატულობის ფრაგმენტი
-
დასავლეთ კედლის მოხატულობა
კარიბჭე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკის დასავლეთ შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა (4X3.3 მ). შესასვლელები მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის აფსიდის მაგვარი ნიშია, რომელიც იატაკის დონიდან იწყება. კარიბჭე გადახურულია კვადრატის საფუძველზე დაყრდნობილი ჯვაროვანი კამარით. სახურავი ორფერდაა.
სამხრეთი ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებული ეკლესია, რომლის ჩრდილოეთ კედელი ბაზილიკის სამხრეთ ნავის სამხრეთ კედელზეა დაშენებული, გეგმით სწორკუთხაა (6.9X3.6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. გვიანდელი შეკეთების დროს კვადრატული აგურია ნახმარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან კედლის თაღოვან შეღრმავებულ არეშია ჩასმული; მისი წირთხლები და გადახურვა კარგად გათლილი შირიმისაა. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდის ღერძზე თარაზულად გადახურული განიერი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და იმპოსტები არ აქვს. კანკელი აგურისაა და ცოტა მოგვიანოა. იგი აფსიდის მხრების ხაზიდან წინ წამოწეულია, რის გამოც საკურთხევლის სიღრმე გაზრდილია და დარბაზის სიგრძეს უტოლდება. დარბაზის კამარა ნახევარწრიულია. დარბაზის დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში თითო სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედელზე კი, ფართო და მაღალი ყრუ თაღი.
სამხრეთი ეკლესიის მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზე შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობა. კანკელის ზედა რეგისტრში „ვედრების“ კომპოზიცია და 12 მოციქულია წარმოდგენილი. აღსავლის კარის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის გამოსახულებაა, მის გვერდით — წმინდა პეტრესა და კიდევ ორი მოციქულის გამოსახულების ნაშთი. ღვთისმშობელსა და წმინდა პეტრეს ასომთავრული წარწერები ახლავს. ამავე მინაშენის კამარის სამხრეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი და მაღალი შენობის ნაწილი. დასავლეთ კედელზე, თაღის ქვედა ნაწილში, ჩანს ორი ქტიტორის ფიგურა და მათ შორის მაცხოვრის წელზედა გამოსახულება. თაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს, ორ რეგისტრად განლაგებულია ოთხი წმინდანი. ზედა რეგისტრში, მედალიონებში, მოთეთრო ყვითელი და მოწითალო ყავისფერი კონცენტრული წრეების ფონზე, გამოსახულია ორი წმინდა დედა ჯვრით ხელში. ბაზილიკისა და სამხრეთი მინაშენის მხატვრობა თავისი დროის მეტად დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული. გარედან, ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს.
-
სამხრეთი ეკლესიის დასავლეთი კედლის მხატვრობა.
-
სამხრეთი ეკლესიის კანკელი - 12 მოციქული.
-
ღვთისმშობლის ფრესკა
ჩრდილოეთი ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული დარბაზული ეკლესია (8.2X5.3 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, გარეთა კუთხეებში და შესასვლელის წირთხლებად გამოყენებულია შირიმის გათლილი ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, მის ღერძზე ერთი თარაზულად გადახურული სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს — თითო პატარა ნიში. საკურთხეველში ქვის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის კონქის ნახევარწრიულ თაღს იმპოსტები არ აქვს. ნახევარწრიულია დარბაზის კამარაც. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თარაზულად გადახურული სარკმელია, სამხრეთ კედელში - ფართო და მაღალი თაღი, რომელშიაც ბაზილიკის ჩრდილოეთის კარი გამოდის. ეკლესიის იატაკის ქვეშ, ერთმანეთისაგან კედლით გამიჯნული ორი კამაროვანი სათავსია. ამ სათავსებში ჩასასვლელი კიბე დარბაზის დასავლეთ ნაწილშია.
დასავლეთი ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკის დასავლეთით 4 მ-ზე დგას შირიმის გათლილი კვადრებით მოპირკეთებული, XIV-XV საუკუნეების დარბაზული ეკლესია (7,3X5,2 მ), რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდია; აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული საბჯენი თაღი ეყრდნობა.აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელი გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია. ერთი მრგვალი სარკმელი დასავლეთ კედელშია. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრცისაგან გამოყოფილია კანკელით. დარბაზის შირიმით ნაწყობი კამარა ორ საბჯენ თაღს, ეყრდნობა, თაღები მარტივი პროფილის კონსოლებს. ერთი თაღი კამარის შუაშია, მეორე — დასავლეთ კიდეში.
ფასადზე შესასვლელის სწორკუთხა ღიობს ბურთულებზე დაყრდნობილი სადა ლილვი ევლება და ბურთულებზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვის თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს თაღის არეში, შესასვლელის თავზე, რელიეფური ჯვარია გამოყვანილი, მოჩარჩოების ზემოთ - მოზრდილი ბურთულა. ბურთულის ზემოთ მრგვალ სარკმელს გრეხილი აქვს შემოვლებული. სარკმლის თავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ფასადის წყობაში ჩასმულია გეომეტრიული ორნამენტით შემკული რამდენიმე ქვა.
დასავლეთი ეკლესიის მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია მოხატული იყო, შემორჩენილია ფრესკების ფრაგმენტები. მხატვრობა, სავარაუდოდ, XVI საუკუნის II ნახევარში უნდა იყოს შესრულებული. საკურთხეველში მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად: I და II რეგისტრები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით. კამარის საბჯენ თაღებს გასდევს მსხვილი მცენარეული ორნამენტი, რომელშიც ჩართულია წინასწარმეტყველთა წელსზედა გამოსახულებები. ეკლესიის ფასადებიდან მოპირკეთების ქვები ყველაზე მეტად დასავლეთ ფასადს შემორჩა. მოხატულია ასევე ტაძრის კანკელი.
-
დასავლეთი ეკლესიის კანკელი
-
დასავლეთი ეკლესიის მოხატულობა
-
დასავლეთი ეკლესიის მოხატულობა
-
დასავლეთი ეკლესიის დასავლეთი ფასადი
სამრეკლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამრეკლო რვაწახნაგაა, ნაგებია მთლიანად კვადრატული აგურით. შემორჩენილია მცირე ნაწილი. სამრეკლოზე ასასვლელი ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის სახურავზე მოწყობილი სათავსიდანაა - კამარაში გაჭრილი სწორკუთხა ხვრელიდან, რომლის შემდეგ იწყება სამსაფეხურიანი კიბე.
დარბაზი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაზილიკის სამხრეთ ნავისა და მასზე სამხრეთიდან მიშენებული ეკლესიის წინ აგურით ნაგები კვადრატული დარბაზის (7,6X7.5 მ) ნანგრევებია. შესასვლელი მას სამხრეთიდან ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით, ორ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი სამი ფართო და მაღალი შეისრული თაღით იყო გახსნილი.
დარბაზის დასავლეთ კედლის ხაზზე (რვაწახნაგა ბურჯების მოპირდაპირედ) ორი სწორკუთხა ბურჯია, სამხრეთ და ჩრდილოეთი კედლების შუაში - თითო მძლავრი ორსაფეხურიანი პილასტრი. დარბაზი, როგორც ჩანს, რთული ფორმის კამარით ყოფილა გადახურული. კამარა დაყრდნობილი იყო ბურჯებზე გადაყვანილ (აღმოსავლეთის მიმართულებით) ორ საბჯენ თაღზე, რომლებსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან პილასტრებიდან ამოსული თითო თაღი ერთვოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 487.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 116-120.
- ბერიძე ვ., „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“, თბ., 1974.
- ბარნაველი თ., „კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები“, თბ., 1961, გვ. 115-116.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004. გვ. 116
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის 2005 წლის სტრატეგიული პროგრამის ანგარიში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004. გვ. 117