კლდეთაუკანის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლდეთაუკანის საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთით 8-9 კილომეტრზე, მდინარეების მატნისხევისა და საღორისხევის წყალგამყოფ მაღალ ქედზე.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 6,2 მ), განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კედლების წყობაში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიის ფასადების მნიშვნელოვანი ნაწილი ნანგრევებით და მიწითაა დაფარული. შესასვლელი ეკლესიაში სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთ კარი ხის ძელებითაა გადახურული - თარაზულად. სამხრეთ შესასვლელს გადახურვა ჩამოშლილი აქვს (შემორჩენილია ძელების ბუდეები). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს, ერთიმეორის თავზე, ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. მათ შორის ზედა ნიშები უფრო დიდია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია, რომელსაც გარედან კოშკის კედელი ფარავს. ეკლესიას ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე, მინაშენი ეკვროდა. მისგან მხოლოდ დასავლეთ კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთით და დასავლეთით შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა ნაგებობის კედლების ნაწილები (სიმაღლე დაახლოებით l,3 მ). ეკლესია ნაგებობებთან ერთად შემოზღუდული იყო რიყის ქვის დაბალი გალავნით (შემორჩენილია ფრაგმენტულად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]