ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის სურათი

ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ჩოლოყაშვილების ციხე-დარბაზი ეზოში, მდინარე ორვილის მარცხენა ნაპირზე.

ეკლესია დარბაზულია (10,8 X 7,2 მ). ნაგებია რიყის ქვით. კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები აგურითაა გამოყვანილი. ინტერიერი შელესილია.

შესასვლელები დასავლეთიდან, სამხრეთიდან (ამოშენებულია) და ჩრდილოეთიდანაა. სამივე კარი შეისრული თაღითაა გადახურული და შიგნიდან მაღალ შეისრულთაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს — ორ-ორი ნიში. მათგან სარკმელთან ახლოს მდებარე ნიშები გეგმით ნახევარწრიული და შეისრულთაღოვანია. ხოლო განაპირა ნიშები — სწორკუთხა. საკურთხევლის ბაქანი, რომელსაც შუაში მცირედ შვერილი სწორკუთხა ამბიონი აქვს, დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. გრძივ კედლებზე და დასავლეთის ორივე კუთხეში თითო მარტივი პილასტრია, რომელსაც შეისრული ფორმის საბჯენი თაღები ეყრდნობა. შეისრული ფორმისაა კამარაც.

კამარაში და კონქში ოთხ-ოთხი ქვევრი — რეზონატორია ჩასმული. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში თითო თაღოვანი სარკმელია, სარკმლების ქვემოთ — თითო თაღოვანი ნიში. მსგავსი ორი სარკმელია დასავლეთ კედელში — შესასვლელის ორივე მხარეს. ინტერიერი შელესილია. კედლების ქვედა ნაწილში ზეთის საღებავით გამოსახულია კვადრატული წყობის იმიტაცია. დარბაზში სამი საფლავია, ერთ-ერთში დაკრძალულია ერეკლე II-ის შვილიშვილი ლუარსაბ ჩოლოყაშვილი.

ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. სამივე შესასვლელი ცასმულია ოდნავ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში, რომელსაც ზემოდან საფეხურებად ნაწყობი აგურის ფრიზი აქვს. დასავლეთ კარის თავზე, მცირე თაღოვან ნიშში ჩადგმულ მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილია ათსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერა, რომელშიც მოხსენიებული არიან სახლთუხუცესი გრიგოლ ჩოლოყაშვილი, მისი მეუღლე (ქიზიყის მოურავის ასული) მარიამი და მათი შვილები — გივი, ქაიხოსრო და აბელი. წარწერიდან ირკვევა, რომ გრიგოლს ციხე და ეკლესია აუგია 1755–1756 წელს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. დასავლეთ კედელზე დაშენებულია ოთხ წრიულ სვეტზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით გახსნილი, გეგმით წრიული სამრეკლო, რომელიც თუნუქით შემოსილი კონუსური სახურავითაა დასრულებული. ეკლესიას ლეკალური აგურით ნაწყობი რთული პრიფილის მაღალი ლავგარდანი აქვს. გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1961 წ.