მაღრაანის ქაშვეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრაანის ქაშვეთის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მაღრაანის სამხრეთით 1 კილომეტრზე, მინდორში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,8 X 4,4 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ფასადებზე აქა-იქ მოზრდილი, არაწესიერი ფორმის ქვებია ჩართული. ძეგლი დაზიანებულია: სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ჩამოშლილია საპირე წყობა, მონგრეულია განივი ფასადების ზედა ნაწილები და გარეთა კუთხეები, ჩამოშლილია ლავგარდანი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი პატარა სწორკუთხა სარკმელი და სამი პატარა სწორკუთხა ნიშია. ორი ნიში სამხრეთითაა, ერთიმეორის თავზე, ერთი — ჩრდილოეთით. აბსიდი გადახურულია სხმული კონქით, რომელიც აბსიდის კედელთან შეხვედრისას უსწორმასწორო ხაზს ქმნის. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ყველა სარკმლის ღიობი შიგნიდან გარეთ მაღლდება. დარბაზის კამარა კონქის მსგავსად სხმულია, მას განაკვეთში სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. იატაკში ორი ქვევრია ჩაფლული. აღმოსავლეთის გარე კედელში სამხრეთ კუთხეში ჩაშენებულია პატარა ქვევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]