მაღრაანის მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღრაანის მთავარანგელოზთა ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მაღრაანის სკოლის ეზოში. ეკლესიის კანკელის წყობაში, აღსავლის კარის მარჯვნივ, ჩადგმული ყოფილა მარმარილოს ფილა შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერით, რომლის თანახმადაც ეკლესია 1767 წელს აუგია მეფე ერეკლე II-ის ფარეშთუხუცეს გივი ნათანლისშვილს.

ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,3 მ), ნაგებია შერჩეული და ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი რიყის ქვით. პილასტრები, საბჯენი თაღები, კამარა და კარ-სარკმლები აგურითაა გამოყვანილი. 1986 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა; აღადგინა კედლების დანგრეული ნაწილები და შენობა კრამიტით გადახურა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთ კარი გარედან შეისრული თაღითაა გადახურული და კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, შიგნიდან კი სწორკუთხაა. სამხრეთ კარი შეკეთების დროს გაუგანიერებიათ და ფიცრით გადაუხურავთ. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც ეკლესიის დანარჩენი სივრცისგან წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღითაა გამოყოფილი. აბსიდში სიმეტრიულად განლაგებული ოთხი ნიშია. ნიშების განაპირა წყვილი გეგმით სწორკუთხაა და ნახევაწრიული გადახურვა აქვს. დანარჩენი ორი გეგმით ნახევარწრიულია, უფრო ღრმაა, მაღალი და შეისრულთაღიანია. საკურთხევლის შუაში აგურით ნაგები ტრაპეზი დგას. კანკელი ქვითკირისაა. მას ორი თაღოვანი გასასვლელი და ერთი მცირე ღიობი აქვს. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა, შეისრული ფორმისაა კამარაც. ინტერიერი განათებულია ოთხი, შიგნით სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმლით. მათგან ერთი აბსიდშია, თითო - დანარჩენ კედლებში. ყველა სარკმლის ღიობი გარეთკენ მაღლდება. ჩრდილოეთ სარკმლის ქვემოთ გეგმით ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშია. ეკლესიის დასავლეთ კედელში (შესასვლელის გვერდებზე), სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში და ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში თითო შეწყვილებული სათოფურია. მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სათოფურები კედლის ოდნავ შეღრმავებულ შეისრულთაღიან არეში არიან ჩასმული, რომელიც იატაკის დონიდან იწყება. აკუსტიკური შთაბეჭდილების გაზრდის მიზნით, გრძივ კედლებში, კამარის ქუსლის დონეზე, სამ-სამი პატარა ქვევრია ჩადგმული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]