საჩინის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საჩინის მონასტერი
ტაძრის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ახალდაბა
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ალავერდის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სწორკუთხოვანი ჯვარი
თარიღდება XIV საუკუნე
დეტალები

საჩინის მონასტერიXIV საუკუნის I ნახევრის მონასტერი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდინარე ხოდაშნისხევის მარცხენა სანაპიროზე, გომბორის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე. ამჟამად დანგრეულია, ჩამონგრეულია გუმბათი. მონასტერი შემოღობილია დაბალი გალავნით.

ეკლესია გუმბათიანია, გეგმით კვადრატული (14,2X14,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, აგურითა და შირიმის ქვით. გუმბათქვეშა ბურჯები და საბჯენი ტარები, აფრები, გუმბათის ყელი, აფსიდის ზედა ნახევარი და შესასვლელთა წირთხლები შირიმისაა. დანარჩენი შიგნითა ნაწილები კი ნაგებია რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით. აგურის წყობით გამოყვანილია აფსიდის ქვედა ნახევარი, სარკმლის ღიობები, კედლები შეწყვილებულ სარკმლებს შორის და ტაძრის დასავლეთ ნაწილში მდებარე თაღები. შენობა გარედან მთლიანად მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა ფილებით.

ტაძარი ამჟამად ძალზედა დაზიანებულია: ჩამოშლილია აფსიდის კონქი და ჩრდილოეთ მკლავის კამარა. გარედან ჩამონგრეულია აღმოსავლეთ მკლავის ზედა ნაწილი, აქა-იქ ლავგარდანი და კუთხეები. გუმბათიდან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ერთი წირთხლი. მთლიანადაა დანგრეული კარიბჭეები.

ეკლესიას შესასვლელები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ჩრდილოეთი შესასვლელის წინ კარიბჭე ყოფილა, რომელიც ამჟამად დანგრეულია. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული. ჩრდილოეთი შესასვლელი შიგნით სწორკუთხაა, კარიბჭის მხრიდან შეისრულთაღოვანი.

ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი ერთმანეთის ტოლი მკლავი უაფსიდოა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრშიც შეისრულთაღოვანი სარკმელია. მსგავსი ორ-ორი სარკმელია დანარჩენ მკლავებშიც. აფსიდის წინ ბემაა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იგი გამოყოფილი ყოფილა შირიმის კანკელით, რომლისგანაც თითქმის აღარაფერიღაა შემორჩენილი. საკურთხევლის გვერდებზე გეგმით კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთაგან საკურთხეველს მხოლოდ სამკვეთლო უკავშირდება. ორივე სადგომი გადახურულია შეისრული კამარით და განათებულია აღმოსავლეთის კედელში დატანებული თითო სარკმლით. სადიაკვნეს ჩრდილოეთ კედელში 1,2 მეტრის სიმაღლეზე, სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე არსებულ ოთახებში ასასვლელია.

ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ეყრდნობა ოთხ ნახევარწრიულ თაღს. თაღები კი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ, გეგმით ჯვაროვან ორ ბოძს.

ეკლესიის ჩრდილოეთ შესასვლელის წინ სწორკუთხა (5,5X7 მ) ნატეხი ქვით ნაგები კარიბჭეა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარიბჭე შეისრული კამარითაა გადახურული. კარიბჭეში ორი აკლდამაა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]