ფიჩხოვანის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიჩხოვანის ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში, დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. შენობის გეგმის სწორკუთხედში, რომელიც ოდნავ სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული (10,3 X 9,9 მ), სამი ეკლესიაა მოქცეული. შუა ეკლესია გვერდის ეკლესიებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო განიერია და მაღალი. ჩრდილოეთ ეკლესია ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნახევარს მოიცავს. ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნახევარში გეგმით სწორკუთხა სამკვეთლოა, რომელიც მხოლოდ შუა ეკლესიას უკავშირდება. სამხრეთ ეკლესია შუა ეკლესიასთან თავდაპირველად კარით იყო დაკავშირებული. ბაზილიკის აგებიდან მცირე დროში, სამხრეთ ეკლესიის დასავლეთ ნახევარი მოუშლიათ და კარიბჭე აუგიათ. მოგვიანებით (გვიანდელ შუა საუკუნეებში) კარიბჭისათვის სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო, ხოლო სამხრეთიდან ეკლესიისთვის პატარა სათავსი მიუშენებიათ. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის (მეტწილად მოზრდილი ზომის) ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლების ზედაპირი ბათქაშითაა გასწორებული. გვიანი შეკეთებების დროს ეკლესია შიგნიდან და გარედან რამდენიმეჯერ შეულესავთ. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია შუა ეკლესიის კონქი, კამაროვანი გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ჩრდილო ეკლესია, მონგრეულია სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედლის დიდი ნაწილი, ჩამოშლილია კარიბჭისა და სამრეკლოს სახურავის საფარი.

შუა ეკლესიას დამოუკიდებელი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნით თაღოვანია, გარედან გადახურულია ქვიშაქვის მოზრდილი ქვით. მოგვიანებით კარი საგრძნობლად დაუვიწროვებიათ. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდაა, რომელშიც ერთი დაბალი თაღოვანი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. აფსიდა გადახურული იყო კონქით, რომლის ნალისებრი თაღი (შემორჩენილია ორივე ქუსლი) შირიმის მაღალ იმპოსტებს ეყრდნობა. იმპოსტების პროფილს შეადგენს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე. დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული (ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია კამარის ქუსლის წყობის ნაწილი). სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან თითო კარია. ჩრდილოეთ კარი (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი) სამკვეთლოში გადის, ხოლო სამხრეთ თაღოვანი კარი - კარიბჭეში. კარი კარიბჭის მხრიდან გადახურულია ქვიშაქვის მოზრდილი ქვით - თარაზულად. შუა ეკლესიაში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების „ხალხური“ მხატვრობის დაზიანებული ფრაგმენტები. საკურთხეველში, ქვედა რეგისტრში, სარკმლის სამხრეთით სამი, ხოლო ჩრდილოეთით ეკლესიის ორი მამაა გამოსახული. აცვიათ ჭადრაკული ორნამენტით შემკული ფელონები, მოწითალო-ყავისფერი ჯვრებით მოხატული თეთრი ომოფორები. სამხრეთით, სარკმლის გვერდით გამოსახულ წმ. მამას გაშლილი გრაგნილი უჭირავს, გრაგნილზე ასომთავრული წარწერის ნაშთები ჩანს. ამავე მხარეს, რეგისტრის კიდეში, გაირჩევა დიაკვნის სხეულისა და სახის ნაწილები. სარკმლის წირთხლებზე მარტივი გეომეტრიული ორნამენტია: ჩრდილოეთ წირთხლზე - ტალღისებრი ხაზები, სამხრეთისაზე - ერთმანეთში ჩახატული სამკუთხედები. სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია მუქი მოწითალო-ყავისფერი ხაზით შემოსაზღვრული ფონის უმნიშვნელო ნაწილი. დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვედა რეგისტრში, შუახნის მამაკაცის სახე ჩანს. ამავე რეგისტრში მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ფიგურისა და ცხენის გამოსახულების ნაშთებია. სამხრეთ შესასვლელის არქიტრავის ქვაზე, რომელიც ინტერიერში დევს, შერჩენილია წმინდანის (სავარაუდოა, ქალის) სახის ნაწილი. დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში ფიგურის კონტურები და ორი მამაკაცისა და თავშებურული ქალის გამოსახულების მცირე ფრაგმენტებია. ზედა რეგისტრში მხოლოდ უწვერულვაშო წმინდანის სახეა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედლის დასავლე მონაკეეთზე, ქვედა რეგისტრში, გამოსახულებები მთელი ტანით ყოფილან გამოსახულნი. ამავე კედლის დასავლეთ ნაწილის კიდეში (კედელი აქ ცოტა წინაა გადმოწეული) გამოსახული ფიგურის (ქტიტორი) მკრთალი მოწითალო-ყავისფერი კონტურიღა ჩანს. ფიგურის სილუეტი ამ ჯგუფის მხატვრობის ძეგლებში საერო პირთა გამოსახულებებს მოგვაგონებს. ამავე კედლის ზედა ნაწილში ჭადრაკული ორნამენტია, მის ქვემოთ - შუახნის მამაკაცის გამოსახულების ფრაგმენტები. წმინდანების სახისა და ტანსაცმლის დამუშავება ხაზოვანია, ხოლო ნაკეცთა ნახატი - ორნამენტული ხასიათისა. მხატვრობის კოლორიტში ,,ხალხური“ მხატვრობის ზოგიერთი სხვა ნიმუშისაგან განსხვავებით, სადაც უმეტესად ოქრას სხვადასხვა ტონი ჭარბობს, უპირატესობა აქვს მონაცრისფრო-ცისფერს. გამოყენებულია აგრეთვე ყვითელი, თეთრი, მოწითალო ყავისფერი, წითელი და მუქი ლურჯი ფერები.

ჩრდილოეთ ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. შემორჩენილია ჩრდილოეთ წირთხლის ნაწილი და თაღის სამხრეთ ქუსლის რამდენიმე ქვა, რომლებიც შუა ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხის წყობაში არიან ჩართული. სამკვეთლო ნახევარცილინდრული კამარით გადახურული, ვიწრო და მაღალი სათავსია, რომელიც განათებული ყოფილა აღმოსავლეთ კედელში მოწყობილი პარალელურწირთხლებიანი სარკმლით (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლი და ბრტყელი გადახურვის ნაწილი).

სამხრეთ ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი, რომლის ნახევარწრიულ აბსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელი და ერთი პატარა სწორკუთხა ნიშია. აბსიდი გადახურულია კონქით. კონქის ნახევარწრიული თაღი შირიმის პროფილირებულ იმპოსტებზეა დაყრდნობილი, რომელთა პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]