ჯანაანის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანაანის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (9,2 X 6,8 მ), ნაშენია რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომლებშიც თანაბარი ინტერვალებით დაცილებული აგურის შრეებია ჩართული. გარეთა კუთხეები, კამარა, კონქი, კარ-სარკმელთა ღიობები და საბჯენი თაღი კვადრატული აგურისაა. ინტერიერი შელესილია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საფარი და ლავგარდნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ფასადებზე შელესილობის კვალიღაა შემორჩენილი.

ეკლესიაში ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია დატანებული. თითო მსგავსი სარკმელია დანარჩენ კედლებშიც. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, დარბაზი - ცილინდრული კამარით. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა, მარტივი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს.

დასავლეთ ფასადზე აგურის წყობის შეღრმავებით საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებული ყოფილა აგურის საფეხუროვანი ლავგარდნით. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ კვადრატული საფუძველიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]