ჰეღოს იოანე ნათლისმცემლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰეღოს იოანე ნათლისმცემლის ხატისალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილო-დასავლეთით, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ხატის კომპლექსში შედის სამი კოშკი და გალავანი. ყველა ნაგებობა ფიქლით არის ნაგები. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: გალავნის კედლები შემორჩენილია 2,5 მეტრის სიმაღლეზე. სამივე კოშკი გალავანშია ჩართული, მათგან ორი თითქმის მთლიანად დანგრეულია. გალავანი გეგმით ტეხილი მოხაზულობისაა, შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრულთაღოვანია. აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლები სწორკუთხა კონტრფორსებითაა გამაგრებული. დასავლეთ კედელში, კარის ჩრდილოეთით, ერთი სათოფურია, სამხრეთ კედელში - ორი. გალავნის ჩრდილოეთ კედელში ჩართული სამსართულიანი კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (3,2 X 2,9 მ), ზემოთკენ შევიწროებული. პირველ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს ოდნავ შეისრული თაღი აქვს. კარის პირდაპირ ჩრდილოეთ კედელში, მართკუთხა ნიშია. მეორე სართულზე ჩრდილოეთ კედელი დანგრეულია. სამხრეთ კედელში პატარა სარკმელია, დანარჩენი ორი კედელი ყრუა. მესამე სართულზე ჩრდილოეთ კედელში ორი სათოფურია, სამხრეთისაში - დიდი სარკმელი. დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები ამ სართულზეც ყრუა. წყობის გასამაგრებლად სამივე სართულზე, კუთხეებში, დიაგონალურად ჩასმულია ქვის ფილები. სართულშუა გადახურვები ფიქლისაა. გადახურვის შუა ნაწილში თითო ოთხკუთხა ღიობია. სამხრეთ ფასადზე ჭადრაკულად განლაგებულია სამი დეკორატიული ნიში. კოშკს ათსაფეხურიანი წვერწაკვეთილი პირამიდის ფორმის სახურავი აქვს. სახურავი დასრულებულია ფიქლით ნაგები პატარა კუბური ქვით, რომელშიც ჩასმულია მოგრძო თეთრი ქვა. სამხრეთის კოშკი ექვსსართულიანია, გეგმით არაწესიერ ტრაპეციას უახლოვდება (7,2 X 7 მ). პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს ორივე მხრიდან შეისრული გადახურვა აქვს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების მარტივი პილასტრები მეორე სართულის ჭერამდე ადის. მეორე სართულის შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში. კარი შეისრულთაღიანია. მის მარჯვნივ პარალელურწირთხლებიანი ირიბად გაჭრილი პატარა ღიობი და სარკმელია. სამხრეთ კედელში გაჭრილ ორივე სარკმელს საფეხურებიანი რაფები აქვს. დასავლეთ კედელში ორი ნიშია - ერთი პატარა და სწორკუთხა, მეორე - გეგმით ნახევარწრიული, საკმაოდ ღრმა და სათოფურიანი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარს შეისრული თაღი აქვს. კარის მარცხნივ, კედლის ჩრდილოეთ კიდეში, პატარა სარკმელია, სამხრეთ კიდესთან - სწორკუთხა ნიში. ორი მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი - დასავლეთისაში. დასავლეთ კედელში ერთი პატარა სწორკუთხა ნიშიცაა, ჩრდილოეთ კედელში - ორი. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, გარდა ამ ნიშებისა, თითო მოზრდილი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის მოზრდილი ნიში სათოფურითაა აღჭურვილი. მეოთხე სართულის დასავლეთ კედელში ფართო ღიობია, მის ორივე მხარეს - თითო პატარა ნიში. ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი. ორ-ორი მსგავსი სათოფური მეხუთე სართულის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ერთი - დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში. მეექვსე სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ფართო ღიობია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სალოდეცაა. ჩრდილოეთ კოშკი გეგმით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედია (7,6 X 5,5 მ). შემორჩენილია ხუთი სართული. პირველ სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი შეისრულთაღიანია. სამხრეთ კედლის შუა ნაწილში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის აღმოსავლეთით პატარა, სწორკუთხა ნიშია. ერთი უფრო მოზრდილი ნიში დასავლეთ კედელშია. კოშკის მეორე სართულზეც შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. შეისრულთაღოვანი კარის ჩრდილოეთითაც პატარა ნიშია. ორი მსგავსი ნიში დასავლეთ კედელშია, ერთი - ჩრდილოეთისაში. სამხრეთ კედელში ორი ფართო სარკმელია, რომლებსაც საფეხურებიანი რაფები აქვთ. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად დავიწროებული თითო სათოფურია. III სართულის აღმოსავლეთ კედელში ფართო შესასვლელი, სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. მსგავსი ნიში დასავლეთ კედელშიცაა. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთ კედელში - ერთი თაღოვანი სარკმელი. IV სართულზე კარი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი. ორი სარკმელი დასავლეთ კედელშია, თითო-თითო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთისაში. V სართული სანახევროდ დანგრეულია. მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი პარალელურწირთხლებიანი ფართო ღიობია. დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]